ალერგია ლატექსზე
დაავადების აღწერა
ალერგია ლატექსზე გამოიხატება რეზინის–ლატექსის შემცველობაში არსებული ცილების მიმართ რეაქციით. თუ გაქვთ ალერგია ლატექსზე, ორგანიზმს “გონია”, რომ იგი მავნებელი ნივთიერებაა და ცდილობს მის წინააღმდეგ იბრძოლოს.
ალერგია ლატექსზე შესაძლოა გამოვლინდეს კანის მსუბუქი რეაქციით ან ანაფილაქსიით–პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით. ექიმი გამოიკვლევს, გაქვთ თუ არა ალერგია ლატექსზე ან ამ მდგომარეობის რისკი.
ალერგიის გააზრება და ლატექსის ხშირად შემცველი ნივთიერებების ცოდნა დაგეხმარებათ ალერგიული რეაქციის პრევენციაში.
გამომწვევი მიზეზი
ლატექსის ალერგიის დროს, იმუნური სისტემა ლატექსს მავნებელ ნივთიერებად მიიჩნევს და გამოყოფს ანტისხეულებს მის წინაარმდეგ. შემდეგ კონტაქტზე, ანტისხეულები იმუნურ სისტემაში მოქმედებენ და გამოიყოფა ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები სისხლში, რაც იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. რაც უფრო ხშირი და ხანგრძლივია კონტაქტი ალერგენთან–ლატექსთან, მით უფრო ძლიერია რეაქცია.
ალერგია ლატექსზე ვითარდება ამ მექანიზმებით:
- პირდაპირი კონტაქტი. ყველაზე ხშირი გზაა და გულისხმობს ლატექსის შემცველ ნივთებთან შეხებას–ხელთათმანები, კონდომები და ბუშტები
- ინჰალაცია. ლატექსის ნაწილაკები გამოიყოფა ლატექსის შემცველი პროდუქტებიდან, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ეს ნაწილაკები ჰაერით. ნაწილაკების რაოდენობა განსხვავდება შემცველი ნივთის მიხედვით.
შესაძლებელია სხვა ტიპის რეაქციების განვითარებაც:
- ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. ეს რეაქცია ვითარდება განსხვავებულ ქიმიურ ნივთიერებებზე და იწვევს გამონაყარს (ჭინჭრის დასუსხვის მსგავსად) კონტაქტიდან 24–48 საათის განმავლობაში.
- გაღიზიანებითი კონტაქტური დერმატიტი. ეს მდგომარეობა არ არის ალერგია და გამოწვეულია გაღიზიანებით, ხშირად ხელთათმანის შიგნით მოთავსებული ფხვნილით. ნიშნები და სიმპტომებია: მშრალი, გაღიზიანებული კანი, ქავილი, ძირითადად ხელებზე.
ლატექსი ყოველთვის არ მზადდება ბუნებრივი წყაროებიდან. სინთეტური ლატექსი (არაბუნებრივი წყაროდან), როგორიცაა ლატექსის საღებავი, ნაკლებად იწვევს რეაქციას.
სიმპტომები
თუ გაქვთ ალერგია ლატექსზე, რეაქცია განვითარება კონტაქტის შემდეგ (რეზინის ხელთათმანი, რომელიც შეიცავს ლატექსს) ან ლატექსის ნაწილაკების ჩასუნთქვისას (როცა სხვა მოიხსნის ხელთათმანს). ლატექსის ალერგიის სმპტომები განსხვავებულია, შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე, დამოკიდებულია კონტაქტის ხანგრძლივობასა და განმეორებაზეც.
მსუბუქი სიმპტომები
მსუბუქი ალერგიის სიმპტომებია:
- ქავილი
- კანის შეწითლება
- გამონაყარი
უფრო მძიმე სიმპტომები
ესენია:
- ცემინება
- ცხვირის ღრუდან გამონადენი
- ცრემლდენა, ქავილი
- ქავილის შეგრძნება ყელში
- სუნთქვის გაძნელება
- სტვენითი სუნთქვა
- ხველა
ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები
ალერგიის ყველაზე მძიმე გამოვლინება არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ზოგჯერ ფატალურია. ანაფილაქსია ვითარდება კონტაქტის შემდეგ განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში, იშვიათად გვხვდება პირველი კონტაქტის დროს ალერგენთან.
ანაფილაქსიური შოკის სიმპტომებია:
- სუნთქვის გაძნელება
- გამონაყარი, შესიება
- გულისრევა და ზოგჯერ ღებინება
- სტვენითი სუნთქვა
- არტერიული წნევის შემცირება
- თავბრუსხვევა
- ცნობიერების დაკარგვა
- დაბნეულობა
- აჩქარებული ან სუსტი პულსი
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ ანაფილაქსიის სიმპტომები.
თუ გაქვთ ძლიერი ალერგიული რეაქცია ლატექსზე, ესაუბრეთ ექიმს. თუ შესაძლებელია, მიმართეთ ექიმს ამ რეაქციის დროს, დიაგნოზის გასამარტივებლად.