მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია

დაავადების აღწერა

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის დროს გულის ერთ–ერთი საკანი– მარცხენა პარკუჭი გადიდებული და გასქელებულია.

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია შესაძლოა რამდენიმე ფაქტორის მიერ იყოს გამოწვეული, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა ან გულის სხვა დაავადებები, რომლებიც მარცხენა პარკუჭის გაძლიერებულ მუშაობას მოითხოვს. როცა ძლიერდება შეკუმშვა, კუნთის ქსოვილი სქელდება და ზოგჯერ პარკუჭიც დიდდება. გადიდებული გული კარგავს ელასტიურობას და დროთა განმავლობაში ვეღარ გადატუმბავს სისხლს ორგანიზმში ადეკვატური სიძლიერით.

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ყველაზე ხშირად მაღალი არტერიული წნევის მატარებლებში ვითარდება, თუმცა ჰიპერტროფიის მიზეზის მიუხედავად, იზრდება მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

მაღალი არტერიული წნევის სწორი კონტროლი ამსუბუქებს სიმპტომებს და ზოგჯერ ჰიპერტროფიის პროცესს შექცევადს ხდის.

გამომწვევი მიზეზი

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია შესაძლოა ნებისმიერმა ფაქტორმა გამოიწვიოს, რომლის გამოც გულს გაძლიერებული მუშაობა სჭირდება.

ასეთი ფაქტორებია:

  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია). ეს ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. მაღალი არტერიული წნევის მატარებელი პაციენტების ერთი მესამედი აღნიშნავს მარცხენა პარკუჭის მცირე ჰიპერტროფიას მაინც.
  • აორტის სარქვლის სტენოზი. ეს დაავადება გამოწვეულია სარქვლის შევიწროებით. აორტის სარქველი გამოყოფს მარცხენა პარკუჭსა და აორტას. შევიწროება საჭიროებს პარკუის გაძლიერებულ შეკუმშვას, რათა სისხლი აორტაში გავიდეს.
  • ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. ეს გენეტიკური დაავადება მაშინ ვითარდება, როცა გულის კუნთი პათოლოგიურად სქელია, რაც გულის მიერ სისხლის გადატუმბვას ხელს უშლის.
  • ათლეტური ვარჯიში. ინტენსიური, ხანგრძლივი ვარჯიში იწვევს გულის მიერ გაძლიერებული ფიზიკური აქტივობის შესაბამის ცვლილებებს. უცნობია, იწვევს თუ არა ჰიპერტროფიის ეს ტიპი გულის პათოლოგიებსა და კუნთის მოდუნებას.

სიმპტომები

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია თანდათანობით ვითარდება. შესაძლოა არ გქონდეთ ნიშნები და სიმპტომები, განსაკუთრებით ადრეულ სტადიებში.

როცა ჰიპერტროფია პროგრესირებს, ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაღლილობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სწრაფი, თრთოლვითი გულისცემა, პალპიტაცია
  • თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, რამდენიმე წუთზე მეტხანს
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა
  • თუ გაქვთ სუნთქვის მსუბუქი უკმარისობა ან სხვა სიმპტომები, დაგეგმეთ ვიზიტი თქვენს ექიმთან.



თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან სხვა რაიმე დაავადება, რომელიც ზრდის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რისკს, ექიმი დააკვირდება გულს რეგულარული ვიზიტების საშუალებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომებს არ უჩივით, წნევა უნდა გაკონტროლდეს, მითუმეტეს, თუ:

  • ხართ მწეველი
  • გაწუხებთ ჭარბი წონა
  • გაქვთ სხვა დაავადება, რომელიც ზრდის ჰიპერტენზიის რისკს