ღვიძლის ჰემანგიომა

დაავადების აღწერა

ღვიძლის ჰემანგიომა კეთილთვისებიანი მასაა, რომელიც ღვიძლში ყალიბდება. ჰემანგიომა შედგება სისხლძარღვების გროვებისაგან. ღვიძლის ჰემანგიომას ზოგჯერ კავერნოზულ ჰემანგიომასაც უწოდებენ.

ღვიძლის ჰემანგიომა უმეტესად სხვა მდგომარეობისათვის გაკეთებულ გამოკვლევებში ვლინდება. პაციენტების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები და ნიშნები და არ სჭირდებათ მკურნალობა.

შესაძლოა არაკომფორტული იყოს იმის გააზრება, რომ ღვიძლში გარკვეული მასა გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მასა კეთილთვისებიანია. არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჰემანგიომა იწვევს კიბოს.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს ჰემანგიომის ჩამოყალიბებას. ექიმები ფიქრობენ, რომ ღვიძლის ჰემანგიომა თანდაყოლილია, ანუ არსებობს დაბადებიდან.

ღვიძლის ჰემანგიომა ძირითადად ერთეული მასაა და შედგება სისხლძარღვების გროვებისაგან. მასა დაახლოებით 4 სანტიმეტრია სიგანეში. ზოგჯერ, ჰემანგიომა უფრო დიდი ზომისაა ან გვხვდება რამდენიმე ჰემანგიომა ერთდროულად.

უმეტესად, ღვიძლის ჰემანგიომა არ იზრდება და არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. შემთხვევათა მცირე რაოდენობაში, მასა ზომაში მატულობს და შესაძლებელია გართულებები, რომელთაც მკურნალობა სჭირდება. უცნობია, რატომ რთულდება ზოგჯერ ჰემანგიომა.

სიმპტომები

უმეტესად, ჰემანგიომა ღვიძლში უსიმპტომოა.

  • თუ განვითარდა ნიშნები და სიმპტომები, ესენია:
  • მარჯვენა ზედა მუცლის ტკივილი
  • მცირე საკვების მიღების შემდეგ დანაყრება
  • უმადობა
  • გულისრევა
  • ღებინება



სიმპტომები არასპეციფიკურია და შესაძლოა სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თან გაქვთ ჰემანგიომა.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ პერსისტირებადი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაღელვებთ.