სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა

დაავადების აღწერა

სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ძუძუს წილაკების ან რძის სადინრების უჯრედები გადაგვარდება. სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა არ არის კიბო, მაგრამ ეს დიაგნოზი ნიშნავს კიბოს განვითარების შესაძლებლობას.

სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა უმეტესად არ ჩანს მამოგრამაზე. დიაგნოსტირება ხდება სარძევე ჯირკვლის ბიოფსიით,რომელიც სხვა მიზეზით ტარდება, მაგალითად საეჭვო გროვის ან მამოგრამის ჩვენების გამო.

ქალები, რომელთაც აქვთ სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა, არიან ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. საჭიროა კიბოს სკრინინგი, ექიმმა შესაძლოა მკურნალობის გარკვეული მეთოდები შემოგთავაზოთ, რათა შემცირდეს ინვაზიური კიბოს რისკი.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს სარძევე ჯირკვლის წილაკოვან in situ კარცინომას. დაზიანება ვითარდება, როცა წილაკების უჯრედები ავითარებენ მუტაციებს, რომლებიც მათ პათოლოგიურ თვისებებს ანიჭებს. ასეთი უჯრედები რჩებიან წილაკებში და არ ვრცელდებიან, არ იპყრობენ გარშემო ქსოვილებს.

სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა არ არის კიბო და ყოველთვის არ ნიშნავს კიბოს განვითარებას, თუმცა ეს მდგომარეობა ზრდის კიბოს განვითარების შანსს.

ძუძუს კიბოს რისკი სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომის მქონე ქალებში 20% აღწევს. ანუ, ყოველი 100 ქალიდან, რომელსაც სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა აქვს, მხოლოდ 20 დაავადდება კიბოთი, ხოლო 80–ს არ განუვითარდება ინვაზიური კიბო. ზოგადად, ქალებში ძუძუს კიბოს რისკი 12%–ია. ანუ, 100 ქალიდან (ზოგად პოპულაციაში) 12–ს აღენიშნება ძუძუს კიბო ცხოვრების განმავლობაში.

ძუძუს კიბოს განვითარების ინდივიდუალური რისკი დამოკიდებულია რისკ–ფაქტორებზე. ესაუბრეთ ექიმს ამ რისკის შესახებ.

სიმპტომები

სარძევე ჯირკვლის წილაკოვანი in situ კარცინომა არ ვლინდება ნიშნებითა და სიმპტომებით. ექიმმა შესაძლოა შემთხვევით აღმოაჩინოს ეს დაზიანება,მაგალითად ბიოფსიის შედეგად, ძუძუს საეჭვო გროვის ან მამოგრამაზე არსებული მიკროკალციფიკატების გამო.

როდის მივმართოთ ექიმს

  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ ამჩნევთ ცვლილებებს სარძევე ჯირკვალში, როგორიცაა გროვა, კანის ჩაღრმავება ან სხვა ცვლილება, გასქელებული ქსოვილი კანქვეშ, გამონადენი ძუძუსთავიდან.
  • ჰკითხეთ ექიმს, რამდენად ხშირად უნდა ჩაიტაროთ ძუძუს კიბოს სკრინინგი. უმეტესად, რეკომენდირებულია რუტინული სკრინინგი 40 წელს ზემოთ. შეამოწმეთ ექიმთან, რა სიხშირის ვიზიტები გესაჭიროებათ თქვენ.