სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება

დაავადების აღწერა

სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება ფიქსირდება სპერმაში (ეაკულატში). ამ მდგომარეობას ოლიგოსპერმიასაც უწოდებენ. სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობას კი აზოოსპერმია ეწოდება. სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება გულისხმობს სპერმის 1 მილილიტრზე 15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდის არსებობას.

სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება დაკავშირებულია შვილოსნობის პრობლემებთან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კვერცხუჯრედის განაყოფიერება მაინც ხდება.

გამომწვევი მიზეზი

სპერმის წარმოქმნა კომპლექსური პროცესია და საჭიროებს სათესლე ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ჯირკვლების მონაწილეობას. ეს ჯირკვლები გამოყოფენ ჰორმონებს, რომლებიც სპერმის წარმოქმნისათვის აუცილებელია. როცა სპერმა გამოიყოფა სათესლე ჯირკვლიდან, სპეციალურ სადინრებს სპერმა გადააქვთ და სხვა ორგანოების სითხეებთან შერევის შემდეგ იქმნება ეაკულატი, რომელიც გამოიყოფა პენისიდან. პრობლემა ამ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე იწვევს სპერმის შემადგენლობის დარღვევას. ასევე, შესაძლებელია სპერმატოზოიდების არასწორი ფორმები (მორფოლოგიები), მოძრაობის დარღვევა, ფუნქციური პრობლემა. ხშირად, სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირების მიზეზი ვერ დგინდება.

სამედიცინო მიზეზები

სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება შესაძლებელია გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ზოგიერთი მათგანია:

  1. ვარიკოცელე. ვარიკოცელე ვენების შესიებაა სათესლე ჯირკვლებში. ვარიკოცელე მამაკაცებში უშვილობის ხშირი მიზეზია. ამ დროს შეფერხებულია სათესლე ჯირკვლის გრილი გარემოს შენარჩუნება, რაც იწვევს სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირებასა და მოძრაობის უნარის დაქვეითებას. ვარიკოცელეს მკურნალობა გამოასწორებს სპერმის ხარისხსა და შვილოსნობის პრობლემას.
  2. ინფექცია. ზოგიერთი ინფექცია ხელს უშლის სპერმის პროდუქციას, აზიანებს სპერმატოზოიდებს ან იწვევს დანაწიბურებას, რის შედეგედაც სპერმის გადმოსვლა შეფერხებულია. ასეთი ინფექციებია: სქესობრივად გადამდები ინფექციები (ქლამიდია, გონორეა), წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი), სათესლე ჯირკვლების ანთება, საშარდე სისტემის ანთება.
  3. ეაკულაციის პრობლემები. რეტროგრადული ეაკულაცია ეწოდება სპერმის გადასვლას შარდის ბუშტში ორგაზმის დროს, იმის მაგივრად, რომ ეაკულატი პენისიდან გარეთ გავიდეს. სხვადასხვა დაავადება იწვევს რეტროგრადულ ეაკულაციას, მათ შორის დიაბეტი, ზურგის ტვინის დაზიანება, შარდის ბუშტის ქირურგია, წინამდებარე ჯირკვლის ქირურგია. გარკვეული მედიკამენტები ხელს უწყობენ ამ პროცესს, მაგალითად არტერიული წნევის საკონტროლო პრეპარატები– ალფა–ბლოკერები. ზოგიერთ მამაკაცში, რომელთაც ზურგის ტვინი დაუზიანდათ, საერთოდ არ ხდება ეაკულაცია, მიუხედავად იმისა, რომ სპერმა წარმოიქმნება.
  4. ანტისხეულები სპერმის წინააღმდეგ. ასეთი ანტისხეულები ყალიბდება, როცა იმუნური სისტემა შეცდომით წარმოქმნის პასუხს სპერმის, როგორც მავნებელი ნივთიერების გასანადგურებლად.
  5. სიმსივნეები. კიბო და კეთილთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა აზიანებდეს რეპროდუქციულ ორგანოებს პირდაპირი გზით, ან შეეხოს ჯირკვლებს, რომლებიც რეპროდუქციულ ჰორმონებს წარმოქმნიან (მაგ. ჰიპოფიზი). ქირურგიული ჩარევა, დასხივება ან ქიმიოთერაპია ასევე იწვევს უშვილობას.
  6. სათესლე ჯირკვლების არასწორი მდებარეობა. ემბრიონის განვითარების დროს, სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუდან სათესლე პარკში უნდა ჩამოვიდეს. ზოგჯერ ეს ცალ მხარეს ან ორმხრივად არ ხდება. უშვილობა ხშირი გართულებაა.
  7. ჰორმონული დისბალანსი. ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და სათესლე ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც აუცილებელია სპერმის ჩამოყალიბებისათვის. ჰორმონული ცვლილებები როგორც ამ, ასევე სხვა ჯირკვლებში, შესაძლოა უკავშირდებოდეს სპერმის ხარისხს.
  8. სპერმის სადინრის დეფექტები. სადინრები შესაძლოა დაავადების ან დაზიანების შედეგად დეფექტური იყოს. ზოგიერთი მამაკაცი იბადება სათესლე ჯირკვლის სპერმის შემნახველი სადინრის (ეპიდიდიმისი) ან გამომტანი სადინრის (ვას დეფერენსი) ბლოკით. კისტური ფიბროზის და სხვა დაავადებების დროს ზოგჯერ მამაკაცს სადინრები საერთოდ არ აქვს.
  9. ქრომოსომული დეფექტები. მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა კლაინფელტერის სინდრომი (მამაკაცი, რომელსაც ორი X ქრომოსომა და ერთი Y ქრომოსომა აქვს) იწვევს რეპროდუქციული ორგანოების არასწორ განვითარებას. უშვილობასთან ასოცირებული სხვა გენეტიკური დაავადებებია: კისტური ფიბროზი, კალმანის სინდრომი, კართაგენერის სინდრომი.
  10. ცელიაკია. მომნელებელი სისტემის დაავადება –ცელიაკია გამოწვეულია გლუტენის მიმართ მაღალი მგრძნობელობით. ცელიაკია ზოგჯერ იწვევს უშვილობას კაცებში. გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის დაწყებამ შესაძლოა გააუმჯობესოს შვილოსნობის ფუნქცია.
  11. გარკვეული მედიკამენტები. ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია, ანაბოლური სტეროიდების გრძელვადიანი მიღება, ქიმიოთერაპია, ანტისოკოვანი და ანტიბიოტიკური საშუალებები, ზოგიერთი წყლულის მედიკამენტი და სხვ. შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი.

გარემო ფაქტორები

გარკვეული გარემო ფაქტორები ხელს უშლიან სპერმის წარმოქმნასა და ნორმალურ ფუნქციას. მაგალითებია:

  1. ინდუსტრიული ქიმიური ნარჩენები: ბენზინი, ტოლუენი, ქსილენი, ჰერბიციდები, პესტიციდები, ორგანული გამხსნელები, საღებავები, ტყვია.
  2. მძიმე მეტალები, მაგ. ტყვია (ხანგრძლივი გავლენა)
  3. დასხივება, რენტგენის სხივები. დასხივება შესაძლოა გახდეს სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირების მიზეზი. დასხივების დიდი დოზებით, სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება სამუდამოც შეიძლება იყოს.
  4. სათესლე ჯირკვლების გადახურება. საუნების ხშირი გამოყენება იწვევს სპერმის ხარისხის დროებით დაქვეითებას. ხანგრძლივი მჯდომარე მდგომარეობა, ვიწრო ტანსაცმელი, ნებისმიერი მიზეზი, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვალი გადახურდება, ასოცირებულია სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირებასთან.
  5. ველოსიპედის ხანგრძლივი ტარება, სათესლე ჯირკვლების შესაძლო გადახურების გამო, ასოცირებულია სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირებასთან.

ჯანმრთელობა, ცხოვრების სტილი, სხვა მიზეზები

სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირების სხვა მიზეზებია:

  1. ნარკოტიკები. ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც გამოიყენება კუნთის სიძლიერისა და ზრდისათვის, შესაძლოა გახდეს სათესლე ჯირკვლის ზომის შემცირების მიზეზი. კოკაინის ან მარიხუანას ხშირი გამოყენება დროებით ამცირებს სპერმატოზოიდების კონცენტრაციას.
  2. ალკოჰოლი. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ამცირებს ტესტოსტერონის კონცენტრაციას და აქვეითებს სპერმის წარმოქმნას.
  3. ოკუპაციური ფაქტორები. გარკვეული ოკუპაციური ფაქტორები ზრდიან უშვილობის რისკს, მაგალითად კომპიუტერებისა და ვიდეო–ეკრანების ხშირი გამოყენება, სამსახურთან დაკავშირებული სტრესი.
  4. თამბაქოს მოხმარება. მამაკაცებს, რომლებიც ეწევიან, სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება აღენიშნებათ.
  5. ემოციური სტრესი. მძიმე ან ხანგრძლივი სტრესი, მათ შორის უშვილობით განპირობებული, ხელს უშლის ნორმალურ ჰორმონულ ბალანსს.
  6. წონა. ჭარბწონიანობა ასოცირებულია ჰორმონულ ცვლილებებთან და უშვილობასთან.
  7. სპერმის ტესტირების პრობლემები. ნორმაზე დაბალი სპერმატოზოიდების კონცენტრაცია შესაძლოა ნიმუშის არასწორი აღების შედეგიც იყოს, მაგ.: თუ ნიმუში ეაკულაციის დაწყებიდან ზედმეტად მალე ან გვიანაა აღებული, ახლახანს გადაიტანეთ ავადმყოფობა ან სტრესი. ამის გამო, შედეგები ძირითადად რამდენიმე ნიმუშს ემყარება, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში უნდა იყოს აღებული.

სიმპტომები

სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირების მთავარი ნიშანი უშვილობაა. სხვა სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა არ არსებობდეს. ზოგჯერ პრობლემა მემკვიდრეობითი ჰორმონული დისბალანსია, ზოგჯერ გაფართოებული სათესლე ვენები ან სპერმის სადინრების ბლოკირება რაიმე მიზეზით. სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირების ნიშნებია:

  • სქესობრივი ფუნქციის პრობლემები– დაქვეითებული ლიბიდო, ერექციის შენარჩუნების დარღვევა (ერექციული დისფუნქცია)
  • ტკივილი, შესიება ან გროვა სათესლე ჯირკვალში
  • თმიანობის შემცირება ან ქრომოსომული ან ჰორმონული დარღვევების სხვა ნიშნები



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • პარტნიორთან 1 წლის ხანგრძლივობის დაუცველი სქესობრივი კავშირების შედეგად, არ დადგა ორსულობა
  • გაქვთ ერექციის ან ეაკულაციის პრობლემები, დაქვეითებული ლიბიდო ან სხვა ფაქტორი
  • გაქვთ ტკივილი, დისკომფორტი, შესიება, გროვა სათესლე ჯირკვალში
  • გაქვთ სათესლე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის ან სქესობრივი პრობლემების ისტორია
  • გადაიტანეთ საზარდულის, სათესლე ჯირკვლის, პენისის ოპერაცია