ფილტვის კიბო
დაავადების აღწერა
ფილტვის კიბო ზოგადად კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობაზეა პასუხისმგებელი როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ფილტვის კიბოთი მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად, ვიდრე ნაწლავის, წინამდებარე ჯირკვლის, საკვერცხის, ძუძუს კიბოთი ერთად.
ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე მაღალი რისკი მწეველებშია. ფილტვის კიბოს რისკი მატულობს მოწევის ხანგრძლივობასა და თამბაქოს რაოდენობასთან ერთად. თუ თავს დაანებებთ მოწევას, მრავალწლიანი სტაჟის შემდეგაც კი, მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ კიბოს რისკი.
გამომწვევი მიზეზი
მოწევა ფილტვის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზია, როგორც მწეველებში, ასევე მეორადი კვამლის გამო–არამწეველებშიც. ფილტვის კიბო ზოგჯერ იმ ადამიანებშიც ვითარდება, რომელთაც არასდროს მოუწევიათ და არც მეორად კვამლს ისუნთქავდნენ. ასეთ შემთხვევებში, დაუდგენელია ფილტვის კიბოს მიზეზი.
როგორ იწვევს მოწევა ფილტვის კიბოს
ექიმები ფიქრობენ, რომ მოწევა ფილტვის კიბოს უჯრედების დაზიანების გამო იწვევს. როცა ჩაისუნთქავთ სიგარეტის კვამლს, მასში არსებული კარცინოგენები (კიბოს წარმომქმნელი ნივთიერებები) იწვევენ ცვლილებებს ფილტვის ქსოვილში. ცვლილებები ძალიან მალე იწყება.
თავდაპირველად, ორგანიზმი ახერხებს დაზიანებების “შეკეთებას”, თუმცა ხანგრძლივი დაზიანების დროს, ნორმალური უჯრედები კიდევ უფრო ზიანდება დროთა განმავლობაში, გადაგვარდება და კიბო წარმოიქმნება.
ფილტვის კიბოს ტიპები
ექიმები ყოფენ ფილტვის კიბოს ორ მთავარ კატეგორიად, ჩართული უჯრედების მიკროსკოპული ტიპების მიხედვით. მკურნალობის გეგმა სწორედ ამ ტიპების მიხედვით განისაზღვრება. ორი მთავარი კატეგორიაა:
- ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო. ამ ტიპის კიბო ძირითადად მწეველებში გვხვდება და უფრო იშვიათია, ვიდრე მეორე კატეგორია.
- ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო. ამ ტიპის კიბო აერთიანებს რამდენიმე ქვეტიპს: ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, ადენოკარცინომასა და დიდი ზომის უჯრედების კარცინომას. ქვეტიპები ერთიანდება, რადგან მსგავსი თვისებები ახასიათებთ.
სიმპტომები
ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე იშვიათად ვლინდება სიმპტომურად. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად კიბოს განვითარებასთან ერთად გამოიხატება.
ფილტვის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:
- ხველება, რომელიც არ გაივლის
- ხველის ცვლილება (“მწეველის ხველისაგან” განსხვავებით)
- სისხლიანი ნახველი, მცირე რაოდენობითაც კი
- სუნთქვის უკმარისობა
- ტკივილი გულმკერდის არეში
- სტვენითი სუნთქვა
- ხმის ჩახლეჩა
- წონის უმიზეზოდ კლება
- ძვლის ტკივილი
- თავის ტკივილი
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაწუხებთ რომელიმე სიმპტომი ან ნიშანი.
თუ ეწევით და ვერ ანებებთ თამბაქოს თავს, მიმართეთ ექიმს. იგი გირჩევთ გარკვეულ სტრატეგიას, როგორ დაანებოთ თავი მოწევას, როგორიცაა კონსულტაციები, ნიკოტინის ჩანაცვლებითი პროდუქტები.