აორტის სარქვლის სტენოზი

დაავადების აღწერა

აორტის სარქვლის სტენოზის (აორტული სტენოზი) დროს სარქველი შევიწროვებულია, შედეგად იგი ვერ იხსნება მთლიანად და ახდენს გულიდან აორტაში მიმავალი სისხლის ნაკადის ობსტრუქციას.

როცა სარქველი სტენოზირებული, შევიწროვებულია, გულს უწევს მეტი მუშაობა, რათა სისხლი გადატუმბოს. დროთა განმავლობაში, ეს ზედმეტი მუშაობა გულის კუნთს ასუსტებს და იგი ვეღარ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით.

თუ გაქვთ ძლიერი აორტული სტენოზი, სავარაუდოა რომ დაგჭირდებათ ქირურგიული ჩარევა სარქვლის გამოსაცვლელად. მკურნალობის გარეშე, აორტული სტენოზი იწვევს გულის მძიმე პათოლოგიებს.

გამომწვევი მიზეზი

აორტული სტენოზი აორტის სარქვლის შევიწროებაა. მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული შევიწროება. ესენია:

  • თანდაყოლილი გულის სარქვლოვანი დაავადება. აორტის სარქველი შედგება სამი მჭიდრო, სამკუთხედის ფორმის ქსოვილისაგან, რომელთაც კარედები ეწოდება. ზოგიერთი ადამიანი იბადება მხოლოდ ერთკარედიანი სარქვლით, ზოგი ორკარედიანით, ზოგი კი ოთხკარედიანით. ეს დეფორმაცია შესაძლოა არ გამოვლინდეს მოზრდილობამდე, როცა სარქველი იწყებს შევიწროებას ან რეგურგიტაციას და საჭიროებს მკურნალობას.
    თანდაყოლილი პათოლოგიები უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და გამოვლინდეს შესაძლო პრობლემები. უმეტესად, სარქვლის თანდაყოლილი პათოლოგიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, ამიტომ ამის პრევენცია შეუძლებელია.
  • კალციუმის დაგროვება სარქველზე. ასაკის მატებასთან ერთად, სარქველებზე ჩნდება კალციუმის დეპოზიტები (აორტის სარქვლის კალციფიკაცია). კალციუმი მინერალია, რომელიც გვხვდება სისხლში. როცა სისხლი გაივლის აორტის სარქველს, მის კარედებზე რჩება გარკვეული რაოდენობით კალციუმი. ეს დეპოზიტები ზოგჯერ არ იწვევენ კლინიკურ პრობლემას. კალციფიკაცია არ უკავშირდება კალციუმის დანამატების მიღებას ან კალციუმით მდიდარი სასმელების გამოყენებას.<
    ზოგიერთ ადამიანში (განსაკუთრებით თანდაყოლილი ორკარედიანი სარქვლის მქონე პაციენტებში) კალციფიკატები იწვევენ სარქვლის კარედების ელასტიკურობის მოშლას. ეს ავიწროვებს სარქველს და შეიძლება მოხდეს ადრეულ ასაკშიც. აორტული სტენოზი ასაკობრივი კალციფიკაციის გამო ძირითადად ხდება კაცებში 65 წელს ზემოთ ან ქალებში 75 წელს ზემოთ.
  • რევმატიზმი. რევმატიზმი ყელის ბაქტერიული ანთების გართულებაა და შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურის განვითარება აორტის სარქველზე. ნაწიბურმა შესაძლოა დაავიწროვოს სარქველი და გამოიწვიოს სტენოზი. ნაწიბური ასევე ქმნის უხეშ ზედაპირს, რომელზეც ადვილად დაგროვდება კალციუმი, რაც გამოიწვევს სტენოზს ცხოვრების მოგვიანებით ეტაპებზე.
    რევმატიზმმა შესაძლოა დააზიანოს ერთ სარქველზე მეტი, რამდენიმე გზით. დაზიანებული სარქველი შეიძლება სტენოზირდეს და არ გაიხსნას, ან პირიქით ახასიათებდეს რეგურგიტაცია (გაჟონვა). რევმატიზმი ხშირია განვითარებად ქვეყნებში.


როგორ მუშაობს გული

გული, გულსისხლძარღვთა სისტემის ცენტრი, შედგება ოთხი საკნისაგან. ორი ზედა საკანი–წინაგულები იღებენ სისხლს, ხოლო ორი ქვედა საკანი– პარკუჭები ტუმბავენ მას.

სისხლი უბრუნდება გულს მარჯვენა წინაგულში. მარჯვენა წინაგულიდან, სისხლი ჩაიღვრება მარჯვენა მარკუჭში, რომელიც გადატუმბავს მას ფილტვებში, ჟანგბადით გამდიდრების მიზნით.

ფილტვიდან სისხლი ბრუნდება გულში, მარცხენა მხარეს, მარცხენა წინაგულში, საიდანაც ჩაიღვრება მარცხენა პარკუჭში და გადაიტუმბება. ყოველი გულისცემის დროს, მარცხენა პარკუჭი გადმოისვრის სისხლს აორტაში, ყველაზე დიდ სისხლძარღვში, ხოლო აორტიდან მთელ ორგანიზმში.

გულის საკნებში სისხლი სარქველების დახმარებით მოძრაობს. სარქველები იხურებიან და იღებიან, რათა ხელი შეუწყონ ან შეუშალონ გარკვეული მიმართულებით სისხლის მოძრაობას. ეს საქველებია:

  • სამკარედიანი სარქველი (ტრიკუსპიდალური)
  • ფილტვის არტერიის სარქველი
  • მიტრალური სარქველი
  • აორტის სარქველი

აორტის სარქველი შედგება სამი მჭიდრო, სამკუთხედის ფორმის ქსოვილისაგან, რომელთაც კარედები ეწოდება. კარედები აორტას უმაგრდება ბეჭდისებური ქსოვილის, ანულუსის დახმარებით.

გულის სარქველები მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება. აორტის სარქვლის კარედები იხსნება, როცა მარცხენა პარკუჭი იკუმშება და სისხლი გადადის აორტაში. როცა სისხლი ამთავრებს აორტაში გადასვალას და პარკუჭი დუნდება, აორტის სარქველი იხურება რათა არ მოხდეს გადასროლილი სისხლის უკან ჩაბრუნება.

დეფექტური სარქველი ან ვერ იღება სწორად, ან ვერ იხურება. როცა სარქველი კარგად ვერ იხურება, ვიღებთ სისხლის უკან ჩაბრუნებას. სისხლის ამ ნაკადის ჩაბრუნებას რეგურგიტაცია ეწოდება. როცა სარქველი ვიწროა, ვიღებთ სტენოზს.

სიმპტომები

აორტის სარქვლის სტენოზი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე. სიმპტომები და ნიშნები ძირითადად მძიმე სტენოზის დროს ვითარდება. ესენია:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, დაჭიმულობა
  • თავბრუსხვევა, განსაკუთრებით დატვირთვისას
  • სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით დატვირთვისას
  • დაღლილობა, განსაკუთრებით დატვირთვისას
  • გულის პალპიტაციები– სწრაფი, თრთოლვითი გულისცემა
  • გულის შუილი

სტენოზით გამოწვეული გულის კუნთის დასუსტება რთულდება გულის უკმარისობით. გულის უკმარისობის ნიშნებია დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა და კოჭებისა და ტერფების შესიება.

აორტული სტენოზი არ ვლინდება სიმპტომებით ადრეულად, რაც მის დიაგნოსტირებას ართულებს. ეს მდგომარეობა ზოგჯერ შემთხვევით დიაგნოსტირდება რეგულარული შემოწმების დროს, როცა ექიმი მოისმენს დამახასიათებელ შუილს. ეს შუილი სიმპტომებისა და ნიშნების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ისმინება.

სტენოზის ხარისხის გათვალისწინებით, აორტული სტენოზი ბავშვში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, იწვევდეს გადაღლას ან ტკივილს დატვირთვისას.

როდის მივმართოთ ექიმს

აორტული სტენოზი ძირითადად მოზრდილების დაავადებაა, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც. ბავშვებში სიმპტომები მსგავსია მოზრდილების სიმპტომებისა. თუ თქვენს შვილს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ თქვენს შვილს უკვე აქვს გულის რაიმე პათოლოგია.