გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

დაავადების აღწერა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის გავრცელებული დაავადება, რომელის აზიანებს მსხვილ ნაწლავს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს კრუნჩხვებს, მუცლის ტკივილს, შებერილობას, გაზებს, ფაღარათს და ყაბზობას. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მართვა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები და სიმპტომები შემაწუხებელია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, წყლულოვანი კოლოტისა და კრონის დაავადებისგან განსხვავებით, არ იწვევს ნაწლავის ქსოვილის ცვლილებას და არ ზრდის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილში ვლინდება მწვავე ნიშნები და სიმპტომები. ზოგი ადამიანი სიმპტომებს დიეტით, ცხოვრების წესითა და სტრესის მართვით უმკლავდება. სხვებს შეიძლება სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები დასჭირდეთ.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია ზუსტად რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, თუმცა მის განვითარებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. ნაწლავის კედლებში არის კუნთის ფენები, რომლებიც რითმულად იკუმშებიან და დუნებიან, რითაც გადაადგილებენ საკვებს ნაწლავების გასწვრივ. თუ თქვენ გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შეკუმშვები შეიძლება გაძლიერდეს ან გახანგრძლივდეს, რაც გამოიწვევს გაზებს, შებერილობას და ფაღარათს. შეიძლება მოხდეს საპირისპირო, რა დროსაც შესუსტებული შეკუმშვები შეანელებს საჭმლის მოძრაობას და გამოიწვევს მაგარ, მშრალ განავალს.

ნაწლავების ნერვული სისტემის პათოლოგიასაც შეუძლია როლის თამაში, რომელიც გამოვლინდება ნორმაზე ძლიერი ტკივილით ნაწლავების გაზით ან განავლით გაფართოების დროს. ტვინსა და ნაწლავებს შორის ნერვული სიგნალების ცუდად გატარებას შეუძლია გამოიწვიოს გადამეტებული რეაქცია ნაწლავებში მიმდინარე ნორმალურ პროცესებზე. ამ გადამეტებულ რეაქციას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი, ფაღარათი ან ყაბზობა.

გამშვები ფაქტორები განსხვავებულია ყველა ადამიანში

ფაქტორებს, რომლებიც ზოგი ადამიანში რეაქციას არ იწვევენ, შეუძლიათ სხვა ადამიანებში გამოიწვიონ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სინდრომის გაჩენა. ხშირი გამშვები ფაქტორებია:

  • საჭმელი. საკვებისმიერი ალერგიის და საკვების აუტანლობის როლი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარებაში უცნობია, თუმცა ბევრ ადამიანს უმწვავდება სინდრომი გარკვეული საკვების მიღებისას, რომელთა შორისაა: შოკოლადი, სუნელები, ცხიმები, ხილი, ლობიო, კომბოსტი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, რძე, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი.
  • სტრესი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ბევრ ადამიანს უმწვავდება ან უხშირდება სიმპტომები სტრესული პერიოდის დროს. სტრესს არ შეუძლია სიმპტომების გამოწვევა, იგი მხოლოდ ამწვავებს მათ.
  • ჰორმონები. იმის გამო, რომ ქალებში ორჯერ უფრო ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ექიმები თვლიან, რომ მის განვითარებაში შეიძლება ჰორმონული ცვლილებები მონაწილეობდნენ. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ სიმპტომები უმწვავდებათ მენსტრუალური პერიოდების დროს.
  • სხვა დაავადებები. ხანდახან სხვა დაავადებას, მაგალითად ინფექციური დიარეის მწვავე ეპიზოდს ან ნაწლავებში ბაქტერიების სიჭარბეს შეუძლია გამოიწვიოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

სიმპტომები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია ყველა ადამიანში და ხშირად ჰგავს სხვა დაავადებების სიმპტომებს. ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები
  • შებერილობა
  • გაზები
  • ფაღარათი და ყაბზობა – ხშირად მათი მონაცვლეობა
  • ლორწო განავალში



გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა მოსალოდნელია გამწვავების და გაუმჯობესების ეპიზოდები.

როდის მივმართოთ ექიმს

ა.შ.შ.-ში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები აქვს 5-დან 1 ადამიანს, ხოლო სიმპტომების მქონდე ადამიანებიდან მხოლოდ 5-დან 1 მიმართავს ექიმს. მნიშვნელოვანია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან მისვლა, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება სხვა უფრო სერიოზული დაავადებაზე, მაგალითად მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე მიანიშნებდეს.

უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომებია:

  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
  • მუცლის ტკივილი რომელიც უარსდება ან იწყება ღამით
  • წონაში კლება



თქვენი ექიმი დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში და სხვა პათოლოგიების, მაგალითად ნაწლავის ანთებითი დაავადების და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გამორიცხვაში. ექიმი აგრეთვე დაგეხმარებათ პოტენციური გართულებების, მაგალითად ქრონიკული ფაღარათის თავის არიდებაში.