ქოლეცისტიტი

დაავადების აღწერა

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. ნაღვლის ბუშტი მცირე ზომის, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ღვიძლის ქვეშ. ნაღვლის ბუშტი ინახავს მომნელებელ სითხეს (ნაღველს), რომელიც გამოიყოფა წვრილ ნაწლავში.

უმეტესად, ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც ბლოკავენ სითხის გადინებას, იწვევენ ქოლეცისტიტს. ნაღვლის დაგროვება იწვევს ანთებით რეაქციას. ქოლეცისტიტის სხვა მიზეზებია ნაღვლის სადინრის პათოლოგიები და სიმსივნეები.

მკურნალობის გარეშე, ქოლეცისტიტი შესაძლოა მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებში გადაიზარდოს, როგორიცაა ნაღვლის ბუშტის რუპტურა. მკურნალობა ზოგჯერ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთასაც მოიცავს.

გამომწვევი მიზეზი

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტში ანთებითი მდგომარეობის ჩამოყალიბების შედეგია. ნაღვლის ბუშტის ანთებას იწვევს:

  • კენჭები. უმეტესად, ქოლეცისტიტი სწორედ კენჭების გამო ხდება. კენჭები ყალიბდება ნაღვლის ნივთიერებების დისბალანსის დროს. ეს ნივთიერებებია ქოლესტერინი და ნაღვლის მარილები. კენჭებმა შესაძლოა დაბლოკონ ნაღვლის ბუშტის სადინარი, რომლითაც ნაღველს უნდა დაეტოვებინა ბუშტი, რის შედეგადაც ნაღველი გროვდება და იწვევს ანთებას.
  • სიმსივნე. სიმსივნემ შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ დაცლას, რაც გამოიწვევს ნაღვლის დაგროვებასა და ქოლეცისტიტს.
  • ნაღვლის სადინრის ბლოკადა. ნაღვლის სადინრის დეფორმაცია ან დანაწიბურება იწვევს ობსტრუქციას, რომლის შედეგიც ქოლეცისტიტია.

სიმპტომები

ქოლეცისტიტის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძლიერი ტკივილი მარჯვენა ზედა მუცლის არეში
  • ტკივილი, რომელიც ვრცელდება მარჯვენა მხარზე ან ზურგზე
  • მუცლის მტკივნეულობა შეხებისას
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • სიცხე



ქოლეცისტიტის ნიშნები ზოგჯერ ჭამის შემდეგ ჩნდება, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღების შემთხვევებში.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაწუხებთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. თუ მუცელი ისე გტკივათ, რომ ვერ გრძნობთ თავს კომფორტულად ერთ პოზიციაში, სთხოვეთ ვინმეს, წაგიყვანოთ საავადმყოფოში.