დიარეა (ფაღარათი)

დაავადების აღწერა

დიარეა ნიშნავს ნორმაზე უფრო გახშირებულ დეფეკაციას, შერბილებული, თხიერი განავლით. დიარეა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ზოგჯერ. დეფეკაციის სიხშირე და განავლის მოცულობა ამ დროს ხშირად გაზრდილია.

უმეტესად, ფაღარათის სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს, მაგრამ ზოგჯერ ეს მდგომარეობა კვირებს გრძელდება. ასეთ სიტუაციებში, დიარეა მძიმე დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება ან უფრო მსუბუქ შემთხვევაში, ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი.

გამომწვევი მიზეზი

ფაღარათი ვითარდება, როცა საკვები და სასმელი ზედმეტად სწრაფად ან დიდი მოცულობით გაივლის ნაწლავებს. ნორმაში, ნაწლავი მიღებული საკვებიდან შეიწოვს სითხეს, რაც ტოვებს ნახევრად მყარ განავალს. თუ ეს სითხე კარგად არ შეიწოვა ნაწლავმა, განავალი თხიერი და რბილი იქნება.

ფაღარათს მრავალი დაავადება იწვევს. ხშირი მიზეზებია:

  • ვირუსები. ეს ვირუსებია: ნორვოკის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და ჰეპატიტი. როტავირუსი მწვავე ფაღარათს იწვევს ბავშვებში.
  • ბაქტერიები და პარაზიტები. დაბინძურებული საკვები ან წყალი ბაქტერიებისა და პარაზიტების გადამტანია ადამიანის სხეულში. პარაზიტები, როგორიცაა გარდია ლამბლია და კრიპტოსპორიდიუმი იწვევენ ფაღარათს.
  • ფაღარათის გამომწვევი ბაქტერიებია: კამპილობაქტერი, სალმონელა, შიგელა და ეშერიხია კოლი. დიარეა ხშირია სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს, როცა იმ ადგილისათვის დამახასიათებელი ბაქტერიით ან პარაზიტით ინფიცირდებიან. ასეთ შემთხვევას მოგზაურის დიარეასაც უწოდებენ.
  • მედიკამენტები. მრავალი მედიკამენტი იწვევს დიარეას. ყველაზე ხშირად ანტიბიოტიკები ანადგურებენ როგორც სასარგებლო, ისე მავნებელ ბაქტერიებს. ეს იწვევს დისბაქტერიოზს ნაწლავებში და ვითარდება ბაქტერიული ფაღარათი, რომელსაც იწვევს ბაქტერია კლოსტრიდიუმ დიფიცილე.
  • ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზა რძის შაქარია, რომელიც შედის რძისა და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში. მრავალ ადამიანს აქვს ლაქტოზის აუტანლობა და ფაღარათი მისი მიღების შემდეგ.
  • ორგანიზმში წარმოიქმნება ფერმენტი, რომელიც ლაქტოზის მონელებაში მონაწილეობს, მაგრამ ფერმენტის კონცენტრაცია ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. ლაქტოზის აუტანლობის რისკი იმატებს ასაკის მატებასთან ერთად.
  • ფრუქტოზა. ფრუქტოზა ხილსა და თაფლში არსებული შაქარია, რომელსაც დამატკბობლადაც იყენებენ სასმელებში. ფრუქტოზა იწვევს დიარეას იმ ადამიანებში, რომლებიც ამ შაქარს კარგად ვერ ინელებენ.
  • ხელოვნური დამატკბობლები. სორბიტოლი და მანიტოლი ხელოვნური დამატკბობლებია, რომლებსაც საღეჭ რეზინებსა და სხვა უშაქრო პროდუქტებში იყენებენ. ეს ნივთიერებები ჯანმრთელ ადამიანებშიც იწვევენ ხოლმე დიარეას.
  • ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს დიარეა მუცლის ღრუს ქირურგიის ან ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ.
  • სხვა მომნელებელი პრობლემები. ქრონიკული დიარეა ახასიათებს დაავადებებს, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, მიკროსკოპული კოლიტი და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი.

სიმპტომები

ფაღარათთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხშირი, რბილი, თხიერი განავალი
  • მუცლის მოვლა
  • მუცლის ტკივილი
  • სიცხე
  • სისხლიანი განავალი
  • მუცლის შებერილობა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ მოზრდილი ადამიანი ხართ, მიმართეთ ექიმს, თუ:

  • დიარეა 2 დღეზე მეტხანს გაგრძელდა
  • ხართ გაუწყლოებული– მოჭარბებული წყურვილი, პირის გამოშრობა, კანის სიმშრალე, მცირე მოცულობით შარდი, სისუსტე, თავბრუსხვევა, მუქი ფერის შარდი
  • გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცელში ან სწორ ნაწლავში
  • გაქვთ სისხლიანი ან მუქი განავალი
  • გაქვთ სიცხე, 39 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი



ბავშვებში, განსაკუთრებით პატარებში, დიარეა მალე იწვევს გაუწყლოებას. ესაუბრეთ ექიმს, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა 1 დღეში ან თუ ბავშვს:

  • არ ჰქონია სველი საფენი 3 ან მეტი საათის განმავლობაში
  • აქვს სიცხე 39 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი
  • აქვს სისხლიანი ან შავი განავალი
  • აქვს პირის სიმშრალე და ტირის ცრემლდენის გარეშე
  • ეძინება, მოთენთილია ან გაღიზიანებულია
  • მუცელი, თვალები და ლოყები ჩავარდნილი აქვს
  • კანზე აღენიშნება ელასტიურობის შემცირება