მუცლის აორტის ანევრიზმა
დაავადების აღწერა
გამომწვევი მიზეზი
აორტის ანევრიზმების უმრავლესობა სწორედ მუცლის აორტაში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ანევრიზმის ზუსტი მიზეზი უცნობია, რამდენიმე ფაქტორი შესაძლოა ხელს უწყობდეს მის ჩამოყალიბებას:
- თამბაქოს მოხმარება. სიგარეტის ან თამბაქოს შემცველი სხვა საშუალების მოხმარება ზრდის ანევრიზმის განვითარების რისკს. იმის გარდა, რომ მოწევა პირდაპირ აზიანებს არტერიებს, თამბაქო ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას არტერიებში (ათეროსკლეროზი) და წნევის მომატებას. მოწევა ასევე აჩქარებს ანევრიზმის გადიდებას აორტის დაზიანებით.
- არტერიების გამაგრება (ათეროსკლეროზი). ათეროსკლეროზი ეწოდება პროცესს, როცა ცხიმი ან სხვა ნივთიერება გროვდება სისხლძარღვის კედელში, რაც ზრდის ანევრიზმის რისკს.
- ინფექცია აორტაში (ვასკულიტი). იშვიათ შემთხვევებში, ანევრიზმა შესაძლოა ინფექციით ან ანთებით იყოს გამოწვეული, რაც აორტის კედლის დასუსტების შედეგია.
ანევრიზმა აორტის მთელ ჩაყოლებაზე შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა აორტის ზედა ნაწილის ანევრიზმას გულმკერდის აორტის ანევრიზმა ეწოდება. უფრო ხშირად, ანევრიზმა აორტის ქვედა ნაწილში ვითარდება (მუცლის აორტის ანევრიზმა).
სიმპტომები
მუცლის აორტის ანევრიზმა ძირითადად ნელა და უსიმპტომოდ ვითარდება, რაც დიაგნოსტიკას ართულებს. ზოგიერთი ანევრიზმა არასდროს გასკდება. ზოგიერთი მცირე დიამეტრისაა და არ იზრდება, ზოგი კი სწრაფად მატულობს ზომაში. წინასწარი პროგნოზირება, თუ რამდენად სწრაფად მოიმატებს ზომაში ანევრიზმა, ძალიან რთულია.
თუ მუცლის აორტის ანევრიზმა გადიდდა, შესაძლოა შეამჩნიოთ:
- პულსირებადი მასა კუჭის არეში
- ღრმა, მუდმივი ტკივილი მუცლის არეში ან გვერდებში
- წელის ტკივილი
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი სიმპტომი.
სამოც წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის განვითარების რისკ–ფატორები (მოწევა, გენეტიკური მიდრეკილება) უნდა გადიოდნენ სკრინინგს ამ დაავადებაზე. რადგანაც მამრობითი სქესი და თამბაქოს მოხმარება ზრდის ანევრიზმის განვითარების რისკს, 65–75 წლის მამაკაცები ერთხელ მაინც უნდა მივიდნენ სკრინინგზე მუცლის ღრუს ექოსკოპიით.
თუ გყავდათ ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქონდა აორტის ანევრიზმა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა მუცლის ექოსკოპიის რეკომენდაცია მოგცეთ.
ქალებისათვის არ არსებობს კონკრეტული სკრინინგის რეკომენდაციები. კითხეთ ექიმს გჭირდებათ თუ არა ეს პროცედურა თქვენი რისკ–ფაქტორების გათვალისწინებით.