მსხვილი ნაწლავის პოლიპები

დაავადების აღწერა

მსხვილი ნაწლავის პოლიპი უჯრედთა გროვაა, რომელიც ნაწლავის კედლიდან იზრდება. პოლიპების უმეტესობა უვნებელია, თუმცა, დროთა განმავლობაში, პოლიპი შეიძლება ნაწლავის კიბოდ გარდაიქმნას, რომელიც ხშირად ფატალურია, გვიანდელ სტადიებში.

მსხვილი ნაწლავის პოლიპი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. რისკი მატულობს, თუ პაციენტი 50 წლის ან მეტისაა, აქვს ჭარბი წონა, მოიხმარს თამბაქოს ან აქვს პოლიპების ან კიბოს ისტორია ოჯახში.

ნაწლავის პოლიპები ხშირად სიმპტომურად არ ვლინდება.მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგ–ტესტების ჩატარება, როგოერიცაა კოლონოსკოპია, რადგან ადრეულ ეტაპზე ნაპოვნი პოლიპების ამოკვეთა უსაფრთხოა და გიცავთ კიბოსგან. კიბოს საუკეთესო პრევენცია სწორედ რეგულარული შემოწმებაა.

პოლიპების ტიპები

არსებობს პოლიპების რამდენიმე ტიპი:

  • ადენომატოზური. პოლიპების ორი მესამედი ადენომატოზურია. მხოლოდ მცირე რიცხვი ხდება კიბოს წარმომქმნელი, მაგრამ ავთვისებიანი პოლიპები ყოველთვის ადენომატოზურია.
  • დაკბილული. ნაწლავში ადგილმდებარეობისა და ზომის მიხედვით, დაკბილული პოლიპები შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს. მცირე ზომის დაკბილული პოლიპები ქვედა ნაწლავში ცნობილია როგორც ჰიპერპლასტიური პოლიპები და იშვიათად იწვევს კიბოს. დიდი ზომის დაკბილული პოლიპები ძირითადად ბრტყელია, რთულად აღმოსაჩენია და მდებარეობს ზედა ნაწლავში. იგი ხშირად ხდება ავთვისებიანი.
  • ანთებითი. ამ ტიპის პოლიპები ჩნდება წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების ფონზე. თავად პოლიპები შესაძლოა არ იყოს კიბოს მიზეზი, მაგრამ წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ისედაც ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

გამომწვევი მიზეზი

ჯანსაღი უჯრედები იზრდებიან და იყოფიან მოწესრიგებულად. მუტაციები კონკრეტულ გენებში უჯრედებს საშუალებას აძლევს, გამრავლდნენ, მაშინაც კი, როცა ეს საჭირო არ არის. მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავში, ეს ზრდა იწვევს პოლიპების ჩამოყალიბებას.

პოლიპები მსხვილი ნაწლავის ნებისმიერ სეგმენტში შეიძლება გაჩნდეს. ზოგადად, რაც უფრო დიდი ზომისაა პოლიპი, მით მეტია კიბოს განვითარების რისკი.

სიმპტომები

მსხვილი ნაწლავის პოლიპები ხშირად უსიმპტომოა. შესაძლოა არც იცოდეთ, რომ პოლიპი გაქვთ, სანამ ექიმი მას კვლევის დროს არ აღმოაჩენს.

თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები:

  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. ეს შეიძლება იყოს პოლიპის, კიბოს ან სხვა მდგომარეობის ნიშანი, როგორიცაა ბუასილი ან ანუსის დაზიანება
  • განავლის ფერის შეცვლა. სისხლი განავალში შესაძლოა იყოს წითელ ხაზებად ან მთლიანად უცვლიდეს განავალს და აშავებდეს მას. ფერის ცვლილებას ასევე იწვევს საკვები, მედიკამენტები და დანამატები.
  • დეფეკაციის ცვლილებები– ყაბზობა ან დიარეა, რომელიც გასტანს 1 კვირაზე მეტს, ზოგჯერ მიანიშნებს დიდი ზომის პოლიპის არსებობაზე. თუმცა, სხვა მრავალი დაავადება იწვევს ამ სიმპტომებს.
  • ტკივილი, გულისრევა, ღებინება. დიდი ზომის ნაწლავის პოლიპი შესაძლოა ბლოკავდეს ნაწლავის განვლადობას, რაც იწვევს მუცლის კრუნჩხვით ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას.
  • რკინადეფიციტური ანემია. სისხლდენა პოლიპებიდან შესაძლოა განვითარდეს ნელა, დროთა განმავლობაში, განავალში სისხლის აღმოჩენის გარეშე. ქრონიკული სისხლდენა იწვევს რკინის ორგანიზმიდან კარგვას, რაც ხელს უშლის ჟანგბადის მატარებელი ცილის–ჰემოგლობინის ფუნქციას. შედეგად, ვითარდება რკინადეფიციტური ანემია, რომლის სიმპტომებიც დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობაა.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის არეში
  • სისხლიანი განავალი
  • დეფეკაციის ცვლილებები, 1 კვირაზე მეტხანს




უნდა გაიაროთ რეგულარული სკრინინგი, თუ:

  • ხართ 50 წლის ან მეტის
  • გაქვთ რისკ–ფაქტორები, როგორიცაა ოჯახური ისტორია ნაწლავის კიბოზე. ზოგიერთი პაციენტი 50 წლამდეც იწყებს სკრინინგს.