მწვავე სინუსიტი

დაავადების აღწერა

მწვავე სინუსიტი (მწვავე რინოსინუსიტი) ცხვირის გარშემო მდებარე ღრუების (სინუსების) ანთება და შესიებაა. ეს პროცესი ხელს უშლის ნორმალურ განვლადობას და ლორწო გროვდება.

მწვავე სინუსიტის დროს, ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია. თვალების გარშემო შეინიშნება შესიება, შესაძლოა გქონდეთ სახის ან თავის გამჭოლი ტკივილი.

მწვავე სინუსიტს ხშირად სურდო იწვევს. სხვა მიზეზებს შორისაა ალერგიები, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები. მწვავე სინუსიტის მკურნალობა განსხვავდება მიზეზების მიხედვით. უმრავლეს შემთხვევებში, სახლის პირობებშიც შესაძლებელია სინუსიტის მკურნალობა, თუმცა ხანგრძლივი სინუსიტი მძიმე ინფექციებსა და სხვა გართულებებს იწვევს. თუ სინუსიტი რვა კვირაზე მეტხანს გრძელდება ან ხშირად მეორდება, მას ქრონიკულ სინუსიტს უწოდებენ.

გამომწვევი მიზეზი

სინუსიტი ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი მემბრანების ანთებას იწვევს. ანთების გამო ხდება სინუსების გამხსნელი გზების დახშობა და ლორწოს გადინება შეფერხებულია. შედეგად, გტკივათ სახე და გაქვთ სინუსიტის სხვა სიმპტომები.

დახშული სინუსები ქმნის სველ გარემოს, რომელიც ინფექციისათვის კარგი ნიადაგია. თუ სინუსი დაინფიცირდა და ვერ დრენირდება, დაგროვდება ჩირქი და გამოვლინდება სიმპტომები, როგორიცაა სქელი, ყვითელი ან მომწვანო გამონადენი და ინფექციის სხვა ნიშნები.

მწვავე სინუსიტს იწვევს:

  • ვირუსული ინფექცია. მწვავე სინუსიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი სწორედ სურდოა.
  • ბაქტერიული ინფექცია. როცა ზედა სასუნთქი გზის ინფექცია გასტანს 10 დღეზე მეტს, უფრო სავარაუდოა ბაქტერიული ეტიოლოგია, ვიდრე ვირუსული გამომწვევი აგენტი.
  • სოკოვანი ინფექცია. თუ გაქვთ სოკოვანი დაავადებების მიმართ დაბალი იმუნიტეტი, შესაძლოა გქონდეთ სოკოვანი სინუსიტიც.

ზოგიერთი მდგომარეობა ან დაავადება ზრდის სინუსიტის განვითარების შანსს ან აადვილებს გარკვეული ინფექციური აგენტით სინუსიტის განვითარებას. ასეთი დაავადებებია:

  • ალერგიები. ალერგიით გამოწვეული ანთება იწვევს სინუსების დახშობას.
  • ცხვირის პოლიპები ან სიმსივნე. ქსოვილური წარმონაქმნები ახშობს სინუსურ გზებს.
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება. გამრუდებული ძგიდე (კედელი ნესტოებს შორის) ზღუდავს ან ბლოკავს სინუსურ გზებს.
  • კბილის ინფექცია. იშვიათად, ინფიცირებული კბილი იწვევს სინუსიტის განვითარებას.
  • სხვა მდგომარებები. კისტური ფიბროზის გართულება, გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება ან იმუნური სისტემის პათოლოგიები იწვევენ სინუსების ბლოკადას ან ინფექციის გაზრდილ რისკს.

სიმპტომები

მწვავე სინუსიტის სიმპტომებია:

  • სქელი, ყვითელი–მომწვანო გამონადენი ცხვირიდან ან ყელიდან
  • ცხვირის ღრუს ობსტრუქცია, სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, შესიება თვალების გარშემო, ლოყებზე, ცხვირზე ან შუბლზე
  • ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარების დაქვეითება
  • ხველა, შესაძლოა გაუარესდეს ღამით

სხვა შესაძლო სიმპტომები და ნიშნებია:

  • ყურის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ზედა ყბის ან კბილის ტკივილი
  • უსიამოვნო სუნი ამოსუნთქვისას (ჰალიტოზი)
  • დაღლილობა
  • სიცხე

როდის მივმართოთ ექიმს

თუ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები გაქვთ, შეგიძლიათ იმკურნალოთ სახლშიც.

დაუკავშირდით ექიმს თუ გაწუხებთ:

  • სიმპტომები, რომლებიც რამდენიმე დღეში არ გაივლის ან გაუარესდება
  • ხანგრძლივი სიცხე
  • განმეორებადი ან ქრონიკული სინუსიტის ისტორია

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც მძიმე ინფექციებთან ასოცირდება:

  • ტკივილი ან შესიება თვალების გარშემო
  • შესიებული შუბლი
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • დაბნეულობა
  • გაორებული მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევები
  • გაშეშებული კისერი
  • სუნთქვის უკმარისობა