გაციება
დაავადების აღწერა
გაციება გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების–ცხვირისა და ხახის ვირუსული ინფექციით. გაციება უმეტესად უვნებელია, თუმცა უქმნის პაციენტს დისკომფორტს.გაციების დროს შესაძლოა გამოვლინდეს გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი, ხველა, ან თვალების აცრემლება, ცემინება და ცხვირის ღრუს დაცობა. შესაძლოა ყველა ეს სიმპტომი ერთდროულადაც არსებობდეს. 100 სხვადასხვა ტიპის ვირუსზე მეტს შეუძლია გაციების გამოწვევა, ამიტომ ნიშნებიც განსხვავდება.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან ამ ვირუსებით დაინფიცირებისა, მაგრამ ზოგჯერ მოზრდილებსაც აქვთ წელიწადში რამდენიმე გაციების ეპიზოდი.
პაციენტთა უმეტესობა დაახლოებით ერთ კვირაში გამოკეთდება. თუ სიმპტომები არ მსუბუქდება, მიმართეთ ექიმს.
გამომწვევი მიზეზი
მიუხედავად იმისა, რომ 100ზე მეტი ტიპის ვირუსი იწვევს გაციებას, ყველაზე ხშირი ვირუსი რინოვირუსია. რინოვირუსი ადვილად გადამდებია.
ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს პირის ღრუს, თვალების ან ცხვირის ღრუს მეშვეობით. ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, როცა ვინმე დაახველებს, დააცემინებს ან საუბრობს. ვირუსი ასევე ვრცელდება ზედაპირული კონტაქტით, როცა ადამიანებს აქვთ საზიარო პირსახოცი, სათამაშოები ან ტელეფონები. თუ შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირს ასეთ ზედაპირთან კონტაქტის შემდეგ, შესაძლოა გადაგედოთ ვირუსი.
სიმპტომები
გაციების სიმპტომები ვირუსით დაინფიცირებიდან დაახლოებით 1–3 დღის შემდეგ ჩნდება. ესენია:
- გამონადენი ცხვირიდან ან ცხვირის ღრუს დაცობა
- ქავილ ან ტკივილი ყელში
- ხველა
- ცხვირის ღრუს სისავსე
- სხეულის მსუბუქი ტკივილი ან თავის ტკივილი
- ცემინება
- თვალების აცრემლება
- დაბალი სიცხე
- მსუბუქი დაღლილობა
გამონადენი ცხვირიდან შესაძლოა გახდეს სქელი და ყვითელი, გაციების განვითარებასთან ერთად. გაციებას სხვა ვირუსული ინფექციებისგან ის განასხვავებს, რომ იშვიათია მაღალი სიცხის სიმპტომი. ასევე, გაციების დროს იშვიათია ძლიერი დაღლილობა და სისუსტე.
როდის მივმართოთ ექიმს
მოზრდილებში– მიმართეთ ექიმს, თუ:
- სიცხე გაქვთ 39,4 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი
- სიცხეს თან ახლავს ოფლიანობა, შეციება, ხველა შეფერილი ნახველით
- ჯირკვლების საგრძნობი შესიება
- სინუსური ღრუების ტკივილი
ბავშვებში– ზოგადად, ბავშვები უფრო ცუდად გრძნობენ თავს გაციების დროს, ვიდრე მოზრდილები და უფრო ხშირად ურთულდებათ ეს პრობლემა, ძირითადად ყურის ინფექციებით. ჩვეულებრივი გაციების დროს, არ არის აუცილებელი ვიზიტი პედიატრთან, თუმცა უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
- 12 კვირამდე ახალშობილს სიცხე აქვს 38 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი
- ნებისმიერი ასაკის ბავშვს სიცხე აქვს 40 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი
- ბავშვს აქვს გაუწყლოების ნიშნები, როგორიცაა შარდის მცირე გამოყოფა
- ბავშვი ვერ იღებს საკმარის სითხეს
- სიცხე გასტანს 24 საათზე მეტს, 2 წლის ასაკამდე ბავშვში
- სიცხე გასტანს 3 დღეზე მეტს, 2 ან მეტი წლის ბავშვში
- გაციებას თან ახლავს ღებინება და მუცლის ტკივილი
- გაციებას თან ახლავს უჩვეულო ძილიანობა
- გაციებას თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი
- გაციებას თან ახლავს კისრის გაშეშება
- გაციებას თან ახლავს სუნთქვის გაძნელება
- გაციებას თან ახლავს ხანგრძლივი ტირილი
- გაციებას თან ახლავს ყურის ტკივილი
- გაციებას თან ახლავს ხანგრძლივი ხველა