პნევმოთორაქსი
დაავადების აღწერა
პნევმოთორაქსი ვლინდება ფილტვის კოლაფსით. პნევმოთორაქსი ვითარდება, როცა ჰაერი შეაღწევს ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შუა მდებარე სივრცეში. ჰაერი აწვება ფილტვის გარეთა ზედაპირს და იწვევს მის კოლაფსს. უმეტესად, ფილტვის მხოლოდ ერთი ნაწილი კოლაბირდება.
პნევმოთორაქსი გამოწვეულია ბლაგვი ან გამჭოლი ჭრილობით გულმკერდის არეში. მდგომარეობა ზოგჯერ ვითარდება სამედიცინო პროცედურების შემდეგ. პნევმოთორაქსს ზოგჯერ ხილული მიზეზი არ აქვს. სიმპტომებია: ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც უეცრად იწყება, სუნთქვის უკმარისობა.
მცირე ზომის, გართულებების გარეშე მიმდინარე პნევმოთორაქსი სწრაფად გაივლის მკურნალობის გარეშეც. როცა პნევმოთორაქსი დიდი ზომისაა, ექიმები ძირითადად დგამენ მილს ან ნემსს ნეკნებსშუა, რათა ზედმეტი ჰაერი ამოვიდეს.
გამომწვევი მიზეზი
პნევმოთორაქსის გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა გულმკერდის არეში. ბლაგვი ან გამჭოლი ჭრილობა გულმკერდის არეში ხშირად ხდება ფილტვის კოლაფსის მიზეზი. ზოგიერთი დაზიანება ფიზიკური ტრავმის, ავტოავარიების შედეგია, ზოგჯერ კი დაზიანება სამედიცინო პროცედურებთან ასოცირდება, მაგალითად გულმკერდის ღრუში ინექცია.
- ფილტვის დაავადებები. ფილტვის ქსოვილის დაზიანება ზრდის კოლაფსის რისკს. ფილტვის დაზიანება სხვა დაავადებებითაა გამოწვეული, როგორიცაა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, კისტური ფიბროზი ან პნევმონია.
- ჰაეროვანი ბუშტების რუპტურა. მცირე ზომის ჰაეროვანი ბუშტები ხშირად ფილტვის ზედა წილებში გვხვდება. ეს ბუშტები ფილტვის დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ სკდება და იწვევს ჰაერის შესვლას ფილტვის გარშემო სივრცეში.
- მექანიკური სუნთქვა. პნევმოთორაქსის მძიმე ტიპი ვითარდება ადამიანებში, რომლებიც იყენებენ მექანიკური სუნთქვის აპარატებს. მექანიკური ვენტილაცია იწვევს ჰაერის წნევის დისბალანსს გულმკერდში. ფილტვი შეიძლება კოლაბირდეს მთლიანად ან განვითარდეს ზეწოლა გულზე, რაც გამოიწვევს გულის ფუნქციის დარღვევას.
სიმპტომები
პნევმოთორაქსის მთავარი სიმპტომი უეცარი ტკივილია გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობასთან ერთად. ეს სიმპტომები ზოგჯერ გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებით, რომელთა შორის ზოგი სიცოცხლისათვის საშიშია. თუ ტკივილი ძლიერია და სუნთქვა გიჭირთ, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.