ახლომხედველობა
დაავადების აღწერა
ახლომხედველობა (მიოპია) მხედველობის დარღვევის ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კარგად ხედავთ ახლოს მდებარე საგნებს, მაგრამ შორს მდებარე საგნები ბუნდოვანია.
ახლომხედველობა შესაძლოა თანდათან ან სწრაფად განვითარდეს, ხშირად მძიმდება ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში. ახლომხედველობა ხშირად გვხვდება ოჯახებში.
მხედველობის ჩვეულებრივი კვლევის შედეგად შესაძლებელია ახლომხედველობის დადგენა. ამ მდგომარეობის შესწორება შესაძლებელია სათვალის ან კონტაქტური ლინზების გამოყენებით. სხვა ტიპის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით.
გამომწვევი მიზეზი
ახლომხედველობა დგება, როცა თვალი ზედმეტად გრძელია ან რქოვანა ზედმეტად მოხრილია. ეს იწვევს სინათლის სხივების ბადურის წინ ფოკუსირებას, ნაცვლად ბადურისა. არასწორი ფოკუსირება კი იწვევს შორს მდებარე საგნების ბუნდოვან ხედვას. გრძელი თვალის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ალბათ უკავშირდება როგორც გენეტიკურ, ასევე გარემო ფაქტორებს.
ნორმალური მხედველობა
თვალის ორი ნაწილი მონაწილეობს მხედველობის ფოკუსირებაში:
- რქოვანა, თვალის წინა, გამჭვირვალე ზედაპირი
- კრისტალისებრი ბროლი, გამჭვირვალე სტრუქტურა თვალის შიგნით, რომელიც იცვლის ფორმას ფოკუსირების დროს
იდეალური ფორმის თვალში, ამ სტრუქტურებს გლუვი ფორმა აქვთ. რქოვანა და ბროლი გარდატეხენ სინათლის სხივებს, რათა ბადურამ მიიღოს საგნების სრული, ფოკუსირებული ანარეკლი.
გარდატეხის დარღვევა
თუ რქოვანას ან ბროლს არ აქვს თანაბარი, გლუვი ზედაპირი, სინათლის სხივები არ გარდატყდება სწორად. ახლომხედველობა სწორედ ასეთი დარღვევაა. საგნების ანარეკლი ბადურაზე მოხვედრის ნაცვლად ბადურის წინ ხვდება, რაც იწვევს შორს მდებარე საგნების ბუნდოვან ხედვას.
გარდატეხის სხვა დარღვევები
ახლომხედველობის გარდა, სხვა დარღვევებია:
- შორსმხედველობა (ჰიპეროპია). ამ დროს რქოვანა ნაკლებად მოხრილია ან თვალი უფრო მოკლეა, ვიდრე უნდა იყოს, რაც ართულებს შორი საგნების დანახვას. ეს იწვევს ახლომხედველობის საპირისპირო ცვლილებებს. მოზრდილებში, შესაძლოა როგორც ახლო, ასევე შორს მდებარე საგნები ჩანდეს ბუნდოვნად.
- ასტიგმატიზმი. ამ დროს რქოვანა ან ბროლი ერთ მხარეს უფრო დახრილია ვიდრე მეორეს. არაკორექტირებული ასტიგმატიზმი იწვევს მხედველობის დაბინდვას.
სიმპტომები
ახლომხედველობის სიმპტომებია:
- შორეული საგნების ბუნდოვნად ხედვა
- თვალების მოჭუტვა ან ნაწილობრივ დახურვა უკეთ დასანახად
- თვალის დაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილი
- მხედველობის პრობლემები საჭესთან, განსაკუთრებით ღამით
ახლომხედველობა ხშირად ბავშვობაში დიაგნოსტირდება, ძირითადად სკოლის დასაწყისში ან მოზარდებში. ახლომხედველი ბავშვი ხშირად:
- ჭუტავს თვალებს
- ჯდება უფრო ახლოს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, კლასში–წინა მერხებზე
- ვერ ხედავს შორს მდებარე საგნებს
- ზედმეტად ახამხამებს თვალებს
- თვალებზე ხელს ისვამს
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ახლომხედველობის გამო პრობლემები გექმნებათ ყოველდღიური აქტივობების ნორმალურად შესრულებაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი დაადგენს ახლომხედველობის ხარისხს და შეგირჩევთ მხედველობის კორექციის მეთოდს.
მოითხოვეთ სამედიცინო სასწრაფო დახმარება, თუ განვითარდება მხედველობის ნაწილის მომცველი გაელვებები ან მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა. ეს შესაძლოა ბადურის ჩამოშლის ნიშანი იყოს, რაც ახლომხედველობის იშვიათი გართულებაა. ბადურის ჩამოშლა გადაუდებელი მდგომარეობაა და დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.
რეგულარული გამოკვლევები
ზოგჯერ, მხედველობის პრობლემა ადრეულად არ ვლინდება. ამის გამო ამერიკის ოფთალმოლოგთა აკადემია გთავაზობთ რეგულარული გამოკვლევების ინტერვალების პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.
მოზრდილები
თუ გაქვთ თვალის დაავადებების, მაგ. გლაუკომის განვითარების მაღალი რისკი, ვიზიტების სიხშირე უნდა იყოს 2–4 წელიწადში ერთხელ, 40 წლამდე. 1–3 წელიწადში ერთხელ, 40–54 წლამდე და 1–2 წელიწადში ერთხელ, 55 წლიდან.
თუ არ იყენებთ სათვალეს ან ლინზებს, არ გაქვთ სიმპტომები ან თვალის დაავადებების მაღალი რისკი, დაიწყეთ რეგულარული კვლევა 40 წლის ასაკიდან. შემდგომ, ჩაიტარეთ მხედველობის გამოვკვლევები ამ ინტერვალებით:
- პირველი გამოკვლევა 40 წლის ასაკში
- 2–4 წელიწადში ერთხელ, 40–54 წლის ასაკში
- 1–3 წელიწადში ერთხელ, 55–64 წლის ასაკში
- 1–2 წელიწადში ერთხელ, 65 წლიდან
თუ ატარებთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, შეიმოწმეთ მხედველობა ყოველწლიურად. კითხეთ ექიმს, რამდენად ხშირად უნდა იაროთ შემოწმებაზე. თუ შეამჩნევთ მხედველობის დარღვევას, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან რაც შეიძლება მალე, მაშინაც კი, თუ ახლახანს გამოიკვლიეთ მხედველობა. დაბინდული მხედველობა, მაგალითად, ხშირად ნიშნავს, რომ სათვალე შესაცვლელია.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში საჭიროა მხედველობის დარღვევის სკრინინგი, პედიატრის მიერ მხედველობის შემოწმება და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ახალშობილობის ასაკშიც კი. შემდგომში, ყოველი რუტინული ვიზიტის დროს, უნდა გადამოწმდეს მხედველობაც.
- ახალშობილებში
- რეგულარული კვლევის დროს, სკოლამდე
- დამატებით, რეკომენდირებულია სკრინინგი სკოლის ასაკის ბავშვებში დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ.