მაკულის მშრალი დეგენერაცია

დაავადების აღწერა

მაკულის მშრალი დეგენერაცია თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის შედეგადაც ვითარდება მხედველობის დაკარგვა ცენტრალურ ნაწილში. მაკულის მშრალი დეგენერაცია გამოიხატება მაკულის დაზიანებით, რომელიც მოთავსებულია ბადურის ცენტრში. ბადურა წარმოადგენს ქსოვილის ფენას თვალის კაკლის უკანა ნაწილში.

მაკულის მშრალი დეგენერაცია არის ასაკთან დაკავშირებული მაკულის დეგენერაციის ორიდან ერთ-ერთი ტიპი. მეორე ფორმა – მაკულის სველი დეგენერაცია – ხასიათდება სისხლძარღვების წარმოქმნით ბადურაში, რის შედეგადაც იჟონება სითხე და სისხლი. მშრალი დეგენერაცია უფრო ხშირი ფორმაა დაავადებისა.

დაავადება იწვევს მხედველობის ცენტრალური ნაწილის გაბუნდოვანებას ან ბრმა წერტილის გაჩენას, რაც ადამიანს სიცოცხლის ხარისხს უქვეითებს. ადამიანს სუფთა ცენტრალური მხედველობა ბევრ საქმიანობაში სჭირდება, როგორიცაა კითხვა, მანქანის ტარება ან სახეების ამოცნობა.

გამომწვევი მიზეზი

მაკულის დეგენერაციის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მდგომარეობა თვალის დაბერებასთან ერთად ვითარდება. მაკულის დეგენერაცია ვითარდება ბადურის ცენტრალურ ნაწილში. ბადურის ეს ნაწილი პასუხისმგებელია მხედველობის ველის პირდაპირი ნაწილის სუფთად აღქმაში. დროთა განმავლობაში მაკულის ქსოვილი შესაძლოა გათხელდეს და ჩამოიშალოს.

სიმპტომები

მაკულის მშრალი დეგენერაციის სიმპტომები თანდათან ყალიბდება. პაციენტმა შესაძლოა შეამჩნიოს მხედველობის შემდეგი ცვლილებები:

  • კითხვის დროს მეტი სინათლის საჭიროება
  • არასაკმარისი სინათლის პირობებში ხედვის მზარდი პრობლემები
  • დაბეჭდილი ასოების ბუნდოვნად აღქმა
  • ფერების ინტენსიურობის ან სიკაშკაშის აღქმის დაქვეითება
  • სახეების ამოცნობის პრობლემები
  • ბუნდოვანების თანდათანობითი მომატება ცენტრალური ან სრული მხედველობის არეში
  • გამრუდებული ცენტრალური მხედველობა
  • მხედველობის ველის ცენტრის გაბუნდოვანება ან ლაქის გაჩენა
  • მაკულის დეგენერაციის გვიანდელ ეტაპებზე გეომეტრიული ფიგურებით ან ხალხით წარმოდგენილი ჰალუცინაციები


მაკულის მშრალი დეგენერაცია შესაძლოა ერთ ან ორივე თვალში გვხვდებოდეს. მხოლოდ ერთი თვალის დაზიანების შემთხვევაში პაციენტმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს მხედველობის პრობლემები, რადგან მეორე თვალი დაზიანებას აკომპენსირებს
მიმართეთ ექიმს, თუ:

  • შეამჩნევთ ცვლილებებს მხედველობის ველის ცენტრალურ ნაწილში
  • ფერებისა და პატარა დეტალების გარჩევადობა დაგერღვევათ

ასეთი ცვლილებები მაკულის დეგენერაციის პირველი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით 50 წლის ასაკის ზემოთ.