პრესბიოპია

დაავადების აღწერა

პრესბიოპია თვალის აკომოდაციის უნარის თანდათანობითი, ასაკობრივი დაქვეითებაა. ფოკუსირება ვეღარ ხდება ახლომდებარე საგნებზე. პროცესი ასაკის მატების ბუნებრივი მოვლენაა. პრესბიოპია შესამჩნევი ხდება 40 წლიდან და უარესდება დაახლოებით 65 წლამდე.

პრესბიოპიას ზოგჯერ მაშინ შეამჩნევთ, როცა წიგნის ან გაზეთის წასაკითხად მათი შორს გაწევა დაგჭირდებათ. მხედველობის ჩვეულებრივი გამოკვლევით დგინდება პრესბიოპიის არსებობა. მდგომარეობა გამოსწორებადია სათვალის ან კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში. შესაძლოა დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევაც.

გამომწვევი მიზეზი

საგნის აღსაქმელად, თვალს სჭირდება რქოვანა და ბროლი, რათა საგნის მიერ არეკლილი სინათლის სხივი ფოკუსირდეს. რქოვანა გამჭვირვალე, თაღისებრი სტრუქტურაა, თვალის წინა ნაწილში. ბროლი ასევე გამჭვირვალე სტრუქტურაა, რომელსაც ორმხრივ ამოზნექილი ფორმა აქვს. ორივე ეს სტრუქტურა ემსახურება სინათლის სხივის გარდატეხას თვალში, რათა გამოსახულება ფოკუსირდეს ბადურაზე, რომელიც თვალის უკანა კედელზე მდებარეობს.

ბროლი, რქოვანასგან განსხვავებით, ელასტიკურია და იცვლის ფორმას გარშემო მდებარე კუნთების დახმარებით. როცა შორს მდებარე საგანს უყურებთ, კუნთები დუნდება. როცა ახლოს მდებარე საგანს უყურებთ, კუნთები იჭიმება, რაც საშუალებას აძლევს ელასტიკურ ბროლს, მოიხაროს და შეცვალოს ფოკუსირების კუთხე.

პრესბიოპია გამოწვეულია ბროლის გამაგრებით, რაც ასაკობრივი პროცესია. როცა ბროლი ნაკლებად დრეკადი ხდება, მას აღარ შეუძლია ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება. შედეგად, ახლომდებარე საგნები დაბინდულია.

სიმპტომები

პრესბიოპია თანდათან ვითარდება. ნიშნები და სიმპტომები პირველად ხშირად 40 წლის შემდეგ ვლინდება. ესენია:

  • წასაკითხი მასალის შორს გაწევა, რათა უკეთ დაინახოთ
  • დაბინდული ხედვა ნორმალური წასაკითხი დისტანციის დროს
  • თვალის დაძაბვა ან თავის ტკივილი კითხვის შემდეგ



შესაძლოა სიმპტომები დაღლილობის, ალკოჰოლის მიღების ან ცუდი განათების პირობებში კითხვის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ თვალის ექიმს– ოფთალმოლოგს, თუ გიჭირთ კითხვა, ახლომდებარე საგნების დანახვა და ეს ხელს გიშლით. ექიმი განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა პრესბიოპია და მოგცემთ რჩევებს მკურნალობის მეთოდების შესახებ.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • უეცრად მხედველობა დაკარგეთ ერთ თვალში
  • უეცრად განვითარდა მხედველობის დაბინდვა
  • ხედავთ სინათლის გაელვებებს, შავ ლაქებს ან სინათლეების გარშემო ლაქებს