თავის ტვინის სიმსივნე

დაავადების აღწერა

თავის ტვინის სიმსივნე წარმოადგენს პათოლოგიური უჯრედების გროვას თავის ტვინში ან მასთან ახლოს.

 

თავის ტვინის სიმსივნის მრავალი ტიპი არსებობს. ზოგიერთი ტიპი კეთილთვისებიანია, ზოგი კი ავთვისებიანი (კიბო).სიმსივნე შეიძლება დაიწყოს ტვინში (პირველადი) ან სხეულის სხვა ნაწილიდან გავრცელდეს თავის ტვინში (მეორეული, ანუ მეტასტაზური სიმსივნეები).

თავის ტვინის სიმსივნეების ზრდის სიჩქარე სხვადასხვაა. სიჩქარე და სიმსივნის ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, რამდენად მოახდენს წარმონაქმნი ზეგავლენას ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე, ზომასა და ადგილმდებარეობაზე.

გამომწვევი მიზეზი

სიმსივნეები, რომლებიც იწყება თავის ტვინში

 

პირველადი სიმსივნე თავის ტვინში ან მის გარშემო მდებარე სტრუქტურებში იწყება, როგორებიცაა ტვინის შემომფარგვლელი მემბრანები (მენინგები), კრანიალური ნერვები, ჰიპოფიზის ჯირკვალი ან ეპიფიზი.

თავის ტვინის პირველადი სიმსივნე წარმოიქმნება ნორმალური უჯრედების დნმ–ის მუტაციების გამო. მუტაციების საშუალებით, უჯრედები იზრდებიან და მრავლდებიან სწრაფად, უკონტროლოდ და არ კვდებიან მაშინ, როცა ჯანსაღი უჯრედი წესით უნდა გამოიცვალოს. შედეგი უჯრედთა პათოლოგიური გროვაა, რომელიც ქმნის სიმსივნეს.

თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე მეორეული, რომლის დროსაც სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილში წარმოიქმნება და შემდეგ ვრცელდება ტვინზე.

თავის ტვინის პირველადი სიმსივნის მრავალი სახეობა არსებობს. თითოეულის სახელი ეფუძნება მონაწილე უჯრედების ტიპს. ესენია:

  1. გლიომები. გლიომა იწყება თავის ტვინში ან ზურგის ტვინში და მოიცავს ასტროციტომებს, ეპენდიმომებს, გლიობლასტომებს, ოლიგოასტროციტომებსა და ოლიგოდენდროგლიომებს.
  2. მენინგიომები. მენინგიომა იწყება თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ამომფენ მემბრანებში (მენინგებში). მენინგიომების უმრავლესობა კეთილთვისებიანია.
  3. აკუსტიკური ნეირომა (შვანომა). ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ბალანსისა და სმენის მაკონტროლირებენ ნერვზე, რომელიც ინფორმაციას შიდა ყურიდან ტვინში გადასცემს.
  4. ჰიპოფიზის ადენომა. ასეთი ადენომები ძირითადად კეთილთვისებიანია, ვითარდება ჰიპოფიზის ჯირკვალში, თავის ტვინის ფუძესთან. ადენომას შეუძლია ჰიპოფიზის ჰორმონებზე იქონიოს გავლენა, რასაც ეფექტი ექნება მთელი ორგანიზმის ფუნქციაზე.
  5. მედულობლასტომები. მედულობლასტომა ბავშვებში ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის სიმსივნეა. იგი ტვინის ქვედა ნაწილში იწყება და ზურგის ტვინში ვრცელდება. მედულობლასტომა იშვიათია მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა მაინც წარმოიქმნას.
  6. პრიმიტიული ნეიროექტოდერმული სიმსივნეები იშვიათი, ავთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც იწყება ემბრიონულ უჯრედებში, თავის ტვინში და გვხვდება ტვინის ნებისმიერ ადგილას.
  7. ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეები. ეს სიმსივნეები შესაძლოა ბავშვობაში საკვერცხის ან სათესლის ადგილას ჩამოყალიბდეს, თუმცა ჩანასახოვანი უჯრედები ზოგჯერ მიგრირებენ ტვინში, სადაც შესაძლოა სიმსივნე წარმოიქმნას.
  8. კრანიოფარინგიომები. ეს იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნე იწყება ჰიპოფიზის ჯირკვალთან (ჯირკვალი, რომელიც აკონტროლებს სხეულის მრავალ ფუნქციას). ზრდასთან ერთად იგი აწვება ჰიპოფიზის ჯირკვალს და ტვინის სხვა სტრუქტურებს.
  9. სიმსივნეები, რომლებიც იწყება ორგანიზმის სხვა ნაწილში და ვრცელდება ტვინში
  10. მეორეული (მეტასტაზური) სიმსივნეები ორგანიზმის სხვა ნაწილში განვითარებული წარმონაქმნის თავის ტვინში გავრცელების (მეტასტაზირების) შედეგია.
  11. მეორეული (მეტასტაზური) სიმსივნე ხშირად იმ პაციენტში გვხვდება, რომელსაც მანამდე სხვა სიმსივნე ჰქონდა. იშვიათად,თავის ტვინის მეტასტაზი სხვაგან მდებარე სიმსივნის პირველი ნიშანია.
  12. მეორეული სიმსივნეები ბევრად ხშირად გვხვდება, ვიდრე პირველადი.

ნებისმიერი სიმსივნე შესაძლოა გავრცელდეს თავის ტვინში, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს სიმსივნეებია:

  • სარძევე ჯირკვლის კიბო
  • ნაწლავის კიბო
  • თირკმლის კიბო
  • ფილტვის კიბო
  • მელანომა

სიმპტომები

თავის ტვინის სიმსივნის ნიშნები და სიმპტომები ვარიაბელურია და დამოკიდებულია წარმონაქმნის ზომაზე, ადგილმდებარეობასა და ზრდის სიჩქარეზე.

 

ზოგადი ნიშნები და სიმპტომებია:

  • თავის ტკივილის დაწყება ან მანამდე არსებული ტკივილის მახასიათებლების შეცვლა
  • თავის ტკივილი, რომელიც ნელნელა უარესდება და ხშირად ვითარდება
  • აუხსნელი გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა გაორებული ხედვა, დაბინდული ხედვა ან პერიფერიული მხედველობის ველის დაკარგვა
  • მოძრაობის ან მგრძნობელობის თანდათანობითი დაკარგვა ხელებში ან ფეხებში
  • ბალანსის დაცვის გაძნელება
  • მეტყველების პრობლემები
  • დაბნევა მარტივ შემთხვევებში
  • პიროვნული ან ქცევითი ცვლილებები
  • გულყრა, განსაკუთრებით იმ ადამიანში, ვისაც მანამდე არასდროს ჰქონია გულყრები
  • სმენის პრობლემები

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება მსგავსი ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ.