სკალპის დერმატოფიტია

დაავადების აღწერა

სკალპის დერმატოფიტია წარმოადგენს სოკოვან ინფექციას სკალპსა და თმის ღეროზე. დერმატოფიტიის სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა, ხშირად ხასიათდება ქავილის გამომწვევი, ქერცვლადი, ტიტველი ადგილებით თავზე.

სკალპის დერმატოფიტია, რომელიც ძალიან გადამდები დაავადებაა, ყველაზე ხშირია 1-2 წლის და სკოლის ასაკის ბავშვებში.

ინფექციის მკურნალობა მოიცავს ტაბლეტის სახის მედიკამენტებს სოკოების აღმოსაფხვრელად, ასევე მედიკამენტურ შამპუნებს, რომლებმაც შესაძლოა შეამცირონ ინფექციის გავრცელება.

დაავადების ზოგიერთი შემთხვევა იწვევს ძლიერ ანთებას ინფექციის ადგილში, რის შედეგადაც შესაძლოა მოხდეს კანის დანაწიბუროვანება ან თმის სამუდამო გაცვენა.

გამომწვევი მიზეზი

სკალპის დეტმატოფიტიას იწვევს სოკოს ერთ-ერთი ფორმა დერმატოფიტი. სოკო აზიანებს სკალპზე არსებული კანის ზედა შრესა და თმის ღეროებს.

ტრანსმისიის გზები

დაავადება გადამდებია და ვრცელდება შემდეგი გზებით:

  • ადამიანიდან ადამიანზე. ინფექცია, ხშირად, ვრცელდება დაავადებული ადამიანის კანიდან ჯანმრთელი ადამიანის კანზე პირდაპირი კონტაქტის საშუალებით.
  • ნივთიდან ადამიანზე. იმ ნივთებთან კონტაქტის შემდგომ, რომლებსაც მანამდე ინფიცირებული ადამიანი ან ცხოველი შეეხო, ასევე ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.
  • ცხოველიდან ადამიზნე. ინფექციის მქონე ცხოველთან შეხების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ინფექცია. დაავადება შინაური ცხოველებისგანაც გადადის. პათოლოგია ხშირია ძროხებშიც.



დეტმატოფიტიის სხვა ფორმები

სკალპის დერმატოფიტიის გამომწვევი სოკოები სხეულის სხვა ნაწილების ინფექციასაც განაპირობებენ. ეს ინფექციები იყოფა სხეულის ჩართული ნაწილის მიხედვით, მაგალითად:

  • სხეულის დერმატოფიტია. ეს ფორმა იწვევს წითელი, ქერცვლადი გამონაყარის წრიულ დაზიანებებს კანის ზედა ნაწილში.
  • ათლეტის ტერფი (ტერფის დერმატოფიტია). ეს ფორმა აზიანებს ფეხის თითებს შორის არსებულ ნესტიან ადგილებს და ზოგჯერ თვითონ ტერფს.
  • საზარდულის დერმატოფიტია. დერმატოფიტიის ეს ფორმა წარმოდგენილია სასქესო ორგანოებზე, ზედა შიგნითა ბარძაყებსა და დუნდულებზე.

სიმპტომები

სკალპის დერმატოფიტიის სიმპტომები:

  • აქერცლილი კანის მრგვალი ლაქები გაცვენილი თმებით სკალპზე ან მის ზემოთ
  • ლაქები, რომლებიც ნელ-ნელა ფართოვდებიან
  • ქერცვლადი, ნაცრისფერი ან წითელი ადგილები
  • ლაქები, რომლებსაც აღენიშნებათ მომძვრალი თმის შემდეგ დარჩენილი მცირე ზომის, შავი წერტილები
  • მსხვრევადი თმა, რომლის ამოძრობაც ადვილია
  • მტკივნეული ნაწილები სკალპზე



როდის მივმართოთ ექიმს

სკალპზე რამოდენიმე დაავადება მსგავს სიმპტომებს იწვევს. მიმართეთ ბავშვის ექმის, თუ თქვენს შვილს აღენიშნება თმის ცვენა, ქერცვლა, ქავილი სკალპის არეში ან ამ მიდამოების რაიმე სხვა, უჩვეულო გარეგნობა. აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი და დროული, შესაბამისი მკურნალობა.