ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

დაავადების აღწერა

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება სისხლის წითელი უჯრედების ნაადრევი, პათოლოგიური განადგურება. ამ პროცესის დაწყების შემდეგ, დაზიანებული სისხლის წითელი უჯრედები თირკმელების საფილტრაციო სისტემაში იჭედებიან, რითაც შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიონ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა.

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის უმეტესობა ვლინდება ბავშვებში, რომლებსაც 2-14 დღის განმავლობაში ჰქონდათ ფაღარათი, რომელიც ხშირად სისხლიანია და გამოწვეულია ნაწლავის ჩხირის ერთერთი შტამით. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი შეიძლება ზრდასრულებშიც განვითარდეს ნაწლავის ჩხირის ინფექციის გამო, თუმცა ამ ასაკში შესაძლო მიზეზებია აგრეთვე ზოგიერთი წამალი, სხვა ინფექცია, ორსულობა ან სხვა უცნობი მიზეზი.

მიუხედავად იმისა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი სერიოზული დაავადებაა, დროული და სათანადო მკურნალობის აღმოჩენის შემთხვევაში ვითარდება სრული გამოჯანმრთელება, განსაკუთრებით ბავშვებში.

გამომწვევი მიზეზი

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი შეიძლება ბევრი მიზეზის გამო განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში, არის ნაწლავის ჩხირის O157:H7 შტამით ინფიცირება. ნაწლავის ჩხირის სხვა შტამებიც დაკავშირებულია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომთან.

ნაწლავის ჩხირი არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომებიც ნორმაში გვხვდება ჯანმრთელი ადამიანების და ცხოველების ნაწლავებში. ნაწლავის ჩხირის ასობით ტიპიდან უმეტესობა უვნებელია, თუმცა რამდენიმე შტამი იწვევს სერიოზულ საკვებისმიერ ინფექციას, რომლებმაც შეიძლება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი გამოიწვიონ. ნაწლავის ჩხირი შეიძლება შეგვხვდეს:

  • დაბინძურებულ ხორცში და ნაწარმში
  • განავლით დაბინძურებულ აუზებში და ტბებში



ნაწლავის ჩხირის ყველაზე მძიმე ფორმით დაინფიცირების შემთხვევაშიც ბევრ ადამიანს არ განუვითარდება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს სხვა ბაქტერიული ინფექციის შემდეგ.

ზრდასრულებში, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:

  • ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება, მაგალითად ქვინინი (კუნთების კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი), ზოგიერთი ქიმიოთერაპიული წამალი, იმუნოსუპრესანტი ციკლოსპორინი (ნეორალი, სანდიმუნი) და შედედების საწინააღმდეგო წამლები.
  • ორსულობა
  • ზოგიერთი ინფექცია, მაგალითად შიდსი/აივ და პნევმოკოკური ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია
  • გენები, რომლებიც მონაწილეობენ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ერთერთი ფორმის, ატიპიური ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მშობლებიდან შვილებში დამემკვიდრებაში.



ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის გამომწვევი მიზეზი ზრდასრულებში ხშირად უცნობია.

სიმპტომები

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სისხლიანი ფაღარათი
  • პირღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • ფერმკრთალი კანი
  • დაღლილობა და გაღიზიანებულობა
  • ტემპერატურის სუსტი მომატება, რომელიც შეიძლება ხანდახან არც ვლინდებოდეს
  • სისხლიანი შარდი
  • პატარა, უმიზეზი სისხლჩაქცევები ან პირიდან და ცხვირიდან სისხლდენა
  • შარდვის შემცირება ან სისხლიანი შარდვა
  • სახის, ხელების, ფეხების ან მთელი სხეულის შეშუპება
  • დაბნეულობა



ხანდახან აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად გულყრა.

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს რამდენიმედღიანი ფაღარათის შემდეგ აქვს უმიზეზი სისხლჩაქცევები, სისხლიანი ფაღარათი, უცნაური სისხლდენა, შეშუპებული კიდურები, ძლიერი დაღლილობა და შემცირებული შარდვა. მოითხოვეთ გადაუდებელი დახმარება თუ ბავშვს არ მოუშარდავს 12 ან მეტი საათის განმავლობაში.