მწვავე კორონარული სინდრომი

დაავადების აღწერა

მწვავე კორონარული სინდრომი ვითარდება გულის კუნთში სისხლის მიწოდების უცაბედი შეწყვეტის გამო. სინდრომის სიმპტომები ინფარქტის დროს აღწერილი ტკივილი ან არასტაბილური სტენოკარდიის დროს დატვირთვის შემდეგ გულმკერდის არეში დაჭიმულობის შეგრძნებებია. ზოგჯერ, მწვავე კორონარული სინდრომის პირველი გამოვლინება გულის გაჩერებაა. ეს მდგომარეობა ძირითადად რეანიმაციულ განყოფილებაში ან საავადმყოფოში დიაგნოსტირდება.

მწვავე კორონარული სინდრომი ემორჩილება მკურნალობას ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში. მკურნალობა განსხვავდება ნიშნების, სიმპტომებისა და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

გამომწვევი მიზეზი

მწვავე კორონარული სინდრომი ძირითადად კორონარულ არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბების შედეგად ვითარდება. ეს ფოლაქები შედგება ცხიმოვანი გროვებისაგან, რომლებიც ავიწროებს არტერიას და ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას.

შედეგად, გული ვეღარ აწვდის ადეკვატური რაოდენობის ჟანგბადით მდიდარ სისხლს ორგანოებს და იწყება ტკივილი (სტენოკარდია) ან ინფარქტი. მწვავე კორონარული სინდრომი ძირითადად მაშინ ვლინდება, როცა ფოლაქი სკდება და იწვევს სისხლის კოლტის ჩამოყალიბებას. ფოლაქის გასკდომა და კოლტის ჩამოყალიბება იწვევს სისხლის დინების შემცირებას და გულს აღარ მიეწოდება სისხლი. თუ დინება ძალიან შემცირდა, ამ მდგომარეობას მოყვება ინფარქტი.

სიმპტომები

მწვავე კორონარული სინდრომის სიმპტომები იგივეა, რაც ინფარქტის თანმხლები ნიშნები. თუ მწვავე კორონარულ სინდრომს არ ვუმკურნალეთ, განვითარდება ინფარქტი. ეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. აუცილებლად დარეკეთ 112–ზე თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ:

  • ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), ახლავს წვის, დაჭიმვის შეგრძნება
  • ტკივილი სხეულის სხვა ნაწილებში, მაგ.: მარცხენა ხელი ან ყბა (გადაცემითი ტკივილი)
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა/ღებინება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • უცაბედი, ძლიერი ოფლიანობა (დიაფორეზი)
  • თუ გაქვთ ინფარქტი, სიმპტომები განსხვავდება სქესის, ასაკისა და თანმხლები დაავადებების მიხედვით, მაგალითად დიაბეტის მქონე პაციენტებში.


ინფარქტის სხვა სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი
  • გულძმარვის მსგავსი ტკივილი
  • სველი, ცივი კანი
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლა
  • უცნაური და აუხსნელი დაღლილობა
  • მოუსვენრობა, აღგზნებადობა


როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში და ფიქრობთ, რომ ეს სიმპტომი გავს ინფარქტის ნიშნებს, დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ. როცა შესაძლებელია, გამოიძახეთ დახმარება და არ წახვიდეთ საავადმყოფოში თავად, ინფარქტის შემთხვევაში მოძრაობა არასასურველია.
  • თუ გაქვთ განმეორებითი ტკივილი გულმკერდის არეში, ესაუბრეთ ექიმს. ეს შესაძლოა სტენოკარდიის ერთ–ერთი ფორმა იყოს. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას. სტაბილური სტენოკარდია ვითარდება დატვირთვისას. მაგალითად, თუ დარბიხართ შესაძლოა გქონდეთ ტკივილი, რომელიც მოსვენებისას გაივლის. არასტაბილური სტენოკარდიის დროს კი ტკივილი მოსვენებით მდგომარეობაშიც ვითარდება და უფრო ძლიერია, ვიდრე სტაბილური სტენოკარდიული ტკივილი.