ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებში
დაავადების აღწერა
ჰიპერაქტიურობის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ხშირად აქვთ დაბალ თვიშეფასება, უჭირთ ურთიერთობების შენარჩუნება და სკოლაში სწავლა. სიმპტომები ხანდახან მსუბუქდება ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა ზოგიერთი ბავშვი მოზრდილ ასაკშიც ავლენს ნიშნებს. ასეთ პაციენტებს შეუძლიათ გარკვეული სტრატეგიების შემუშავება, რათა გამოასწორონ ქცევა და იყვნე სრულფასოვანი.
ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი განუკურნებელია, თუმცა გარკვეული ჩარევა მის მრავალ სიმპტომს ამსუბუქებს. მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე ქცევით თერაპიას. ადრეული დიაგნოზს და ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო პროგნოზის მხრივ.
გამომწვევი მიზეზი
მიჩნეულია, რომ ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებაში მრავალი ფაქტორია ჩართული. სინდრომი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი. გარკვეული გარემო–ფაქტორებიც ასრულებენ როლს, ისევე, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები..
სიმპტომები
ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს ადრე მხოლოდ ყურადღების დეფიციტის სინდრომს უწოდებდნენ. ტერმინი შეიცვალა, რადგან იგი აღწერს სინდრომის ორ მთავარ კომპონენტს: კონცენტრირების უნარის ნაკლებობასა და ჰიპერაქტიურ, იმპულსულ ქცევას. ზოგიერთ ბავშვს სინდრომის ნიშნები უკვე 2–3 წლის ასაკში აქვს.
სინდრომის შესაძლო სიმპტომები და ნიშნებია:
- ყურადღების დეფიციტი
- გონების ხშირი გაფანტვა
- დავალებების, ინსტრუქციების მოსმენის უნარის დაქვეითება
- არაორგანიზებულობა სხვადასხვა დავალების შესრულების ან აქტივობის დროს
- გულმავიწყობა– კარგავს ნივთებს, როგორიცაა წიგნები, ფანქრები, სათამაშოები.
- ბოლომდე ვერ ასრულებს დავალებას, საშინაო საქმეებს და სხვა აქტივობებს.
- მარტივად იბნევა, ეფანტება აზრი
- მოუსვენარია, ახასიათებს ხშირი იმპულსური მოძრაობები
- ვერ ძლებს ერთ ადგილას, სულ მოძრაობს
- ახასიათებს ძალიან ბევრი ლაპარაკი
- ხელს უშლის სხვას საუბარში ან თამაშში
- არ ელოდება თავის რიგს
სინდრომი უფრო ხშირად ბიჭებში გვხვდება. ქცევა შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ სინდრომით დაავადებულ გოგონებსა და ბიჭებში, მაგალითად ბიჭებს უფრო ჰიპერაქტიურობის ნიშნები აქვთ, ხოლო გოგონებს ყურადღების გაფანტვის.
ნორმალური ქცევა და ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი
ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა ზოგჯერ უყურადღებო, ჰიპერაქტიური ან იმპულსურია. ეს ნორმალურია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, ვისაც ყურადღების ხანგრძლივობა ნაკლები აქვს და ერთ საგანზე კონცენტრირება დიდხანს არ შეუძლია. უფროს ბავშვებსა და მოზარდებშიც კი, ყურადღების ხანგრძლივობა ინტერესის დონეზეა დამოკიდებული.
იგივე მართლდება ჰიპერაქტიურობის ნიშნებზეც. ბავშვები ენერგიულები არიან, ხშირად მშობლები უფრო ადრე იღლებიან, ვიდრე მათი შვილები. ასევე, ზოგიერთ ბავშვს აქტიურობის მეტი უნარი აქვს ვიდრე სხვას. ბავშვებს არ უნდა დაესვათ ამ სინდრომის დიაგნოზი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავდებიან მეგობრების ან და–ძმებისაგან.
იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში პრობლემატურები არიან, თუმცა სახლში და მეგობრებთან არ ექმნებათ მსგავსი სიტუაციები, სავარაუდოდ არ აქვთ ყურადღების დეფიციტის სინდრომი. იგივე ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც პირიქით, სკოლაში კარგად იქცევიან მაგრამ სახლში ქცევითი პრობლემები აქვთ.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს სინდრომის ნიშნები, მიმართეთ პედიატრს ან ოჯახის ექიმს. ექიმმა შესაძლოა გაგაგზავნოთ ამ დარგის სპეციალისტთან, თუმცა მნიშვნელოვანია რომ შეფასდეს ბავშვის სხვა პრობლემები, რომლებიც შეიძლება გვერეოდეს ამ სინდრომში.
- თუ თქვენს ბავშვს უკვე უტარდება მკურნალობა ყურადღების დეფიციტის სინდრომის გამო, აუცილებლად უნდა წაიყვანოთ ექიმთან რეგულარულად სანამ სიმპტომები არ გამოსწორდება, მკურნალობის დამთავრებიდან 3–4 თვის შემდეგაც კი. დაუკაშირდით ექიმს, თუ ბავშვს აქვს გვერდითი ეფექტები მედიკამენტზე, როგორიცაა უმადობა, უძილობა, გაღიზიანებადობა ან თუ ბავშვს არ ეტყობა მდგომარეობის უკეთესობა მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ.