აგორაფობია

დაავადების აღწერა

აგორაფობია შფოთვითი დარღვევების ერთ–ერთი ტიპია, რომლის დროსაც ადამიანს ეშინია გარკვეულ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის, თავს გრძნობს როგორც “ხაფანგში”, აქვს პანიკის, უიმედობის, სირცხვილის შეგრძნება.

აგორაფობიის დროს გეშინიათ კონკრეტული სიტუაციების, როგორიცაა ხალხმრავალ ტრანსპორტში მგზავრობა, ღია ან დახურულ სივრცეში ყოფნა, რიგში დგომა ან ხალხის დიდ მასაში მოხვედრა. შფოთვას იწვევს შიში. ადამიანს ეშინია, რომ არ აქვს გაქცევის მარტივი გზა ან ვერ დაეხმარებიან თუ დაეწყება შფოთვა. პაციენტების უმრავლესობას აგორაფობიის ჩამოყალიბებამდე გადატანილი აქვს რამდენიმე პანიკური შეტევა, რის გამოც აქვთ შიში შემდეგი შეტევისა და თავს არიდებენ იმ ადგილებს, სადაც ეს მოხდა.

აგორაფობიით დაავადებული პაციენტები ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ხალხმრავალ ადგილებში. შესაძლოა გსურდეთ ნაცნობი ადამიანის თან გაყოლა, როგორიცაა ნათესავი ან მეგობარი. ასეთი შიშები შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ საკუთარი სახლიდან გასვლასაც კი მოერიდოთ.

აგორაფობიის მკურნალობა რთულია, რადგან პაციენტი უპირისპირდება შიშს. ამის მიუხედავად, ფსიქოთერაპია და მედიკამენტები ახდენენ ზეგავლენას აგორაფობიის შემცირებაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გამომწვევი მიზეზი

პანიკური დაავადება, სტრესული სიტუაციები ან სხვა ფობია ზრდის აგორაფობიის განვითარების რისკს.

სიმპტომები

აგორაფობიის ტიპიური სიმპტომებია:

  • მარტო ყოფნის შიში ნებისმიერ სიტუაციაში
  • ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში
  • შიში, რომ დაკარგავთ საკუთარ თავზე კონტროლს ასეთ ადგილებში
  • ჩაკეტილ სივრცეებში ყოფნის შიში, საიდანაც მარტივად ვერ გახვალთ (ლიფტი, მატარებელი)
  • სახლიდან გასვლის უუნარობა ან მხოლოდ მაშინ გასვლა როცა ვინმე მოგყვებათ
  • უიმედობის განცდა
  • სხვებზე ზედმეტი დამოკიდებულება
  • დამატებით, შესაძლოა გქონდეთ პანიკური შეტევის სიმპტომებიც:
  • სწრაფი გულისცემა
  • მოჭარბებული ოფლიანობა
  • სუნთქვის გაძნელება
  • დაბუჟება, უცნაური შეგრძნება სხეულში
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • თავბრუსხვევა
  • წამოწითლება ან შეციება
  • მუცლის ტკივილი, ფაღარათი
  • კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
  • სიკვდილის შიში


პანიკური დაავადება და აგორაფობია

  • ზოგიერთ პაციენტს აქვს როგორც აგორაფობია, ასევე პანიკური დაავადებაც. პანიკური დაავადება შფოთვითი დარღვევაა, რომლის დროსაც გაქვთ უცაბედი შეტევები. შეტევის დროს განიცდით შიშს, რომელიც იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს. შეიძლება იფიქროთ, რომ გაქვთ ინფარქტი ან საერთოდ, კვდებით.
  • პანიკური შეტევის დაწყების შიში გაიძულებთ, თავი აარიდოთ ადგილებს, სადაც ადრე შეტევა გქონდათ.


როდის მივმართოთ ექიმს

  • აგორაფობია ზღუდავს თქვენს ბევრ უნარს ხელს გიშლით ნორმალურად გაუძღვეთ, სოციალურ, სამსახურთან საკავშირებულ და სხვა ბევრ საქმეებს.
  • არ მისცეთ თქვენს შიშს უფლება გააკონტროლოს თქვენი ცხოვრების ხარისხი. აუცილებლად ესაუბრეთ ექიმს აგორაფობიის შესახებ.