ანაფილაქსია

დაავადების აღწერა

ანაფილაქსია მძიმე, შესაძლო სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსია წამების ან წუთების განმავლობაში ვითარდება, რაიმე ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, როგორიცაა მიწის თხილი ან ფუტკრის ნაკბენი.

ანაფილაქსიის დროს გამოთავისუფლებულმა ქიმიური ნივთიერებების ნაკრებმა შესაძლოა შოკი გამოიწვიოს.არტერიული წნევა სწრაფად იკლებს, სასუნთქი გზები ვიწროვდება, ამიტომ სუნთქვა ძნელდება. ანაფილაქსიის ნიშნები და სიმპტომები სწრაფი, სუსტი პულსი, კანის გამონაყარი, გულისრევა და ღებინებაა. ანაფილაქსიის გამომწვევი მიზეზები ხშირად ალერგიული საკვები, მედიკამენტები, ნაკბენები ან ლატექსთან შეხებაა.

ანაფილაქსიის დროს პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ გადაუდებელი დახმარების ცენტრში და მოხდეს ეპინეფრინის სწრაფი ადმინისტრაცია. ანაფილაქსიის დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი შესაძლო გართულებაა.

გამომწვევი მიზეზი

იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმს იცავს უცხო ნივთიერებისაგან. ეს პროცესი სასარგებლოა, როცა ნივთიერება/ორგანიზმი მართლაც საშიშია (ბაქტერიები, ვირუსები), თუმცა ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებაზეც რეაგირებს, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას. როცა ასეთი პროცესი ვითარდება, იმუნური სისტემა ქიმიურ ჯაჭვურ რეაქციას იწყებს, რომელიც ალერგიის სიმპტომებით გამოიხატება. ზოგადად, ალერგიის სიმპტომები სიცოცხლისათვის საშიში არ არის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს უვითარდება მწვავე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიის სახით. თუ ოდესმე თქვენ ან თქვენს ბავშვს გქონიათ ანაფილაქსიის სიმპტომები, შესაძლოა გქონდეთ უფრო მძიმე შეტევა მომავალში.

ანაფილაქსიას სხვადასხვა ტიპის ალერგენი იწვევს.
ანაფილაქსიის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტები, განსაკუთრებით პენიცილინი
  • საკვები: მიწის თხილი, ნიგოზი, ნუში, ხორბალი (ბავშვებში), თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე და კვერცხი
  • მწერის ნაკბენი: ფუტკარი, კრაზანა, ა.შ


ანაფილაქსიის შედარებით იშვიათი გამომწვევი მიზეზებია:

  • ლატექსი
  • საანესთეზიო საშუალებები
  • ვარჯიში
  • ანაფილაქსიის სიმპტომებს ზოგჯერ ასპირინი და მსგავსი მედიკამენტები (იბუპროფენი, ნაპროქსენი) ან ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერებები (რენტგენის კვლევისას გამოყენებული) იწვევენ. ასეთი ტიპის ანაფილაქსია არ არის გამოწვეული ალერგიისათვის დამახასიათებელი ანტისხეულებით, თუმცა სიმპტომურად წააგავს ალერგიას.
  • ვარჯიშის გამო ანაფილაქსია იშვიათია და ინდივიდუალურია სხვადასხვა პაციენტებში. ზოგიერთ პაციენტს აერობული ვარჯიშის დროს (ძუნძული, სირბილი) ეწყება შეტევა, ზოგს ნაკლებინტენსიური აქტივობის (სიარულის) დროსაც კი. გარკვეული საკვების მიღება ვარჯიშამდე ან ცხელ, ცივ ან ნოტიო ამინდში ვარჯიში ასევე დაკავშირებულია ანაფილაქსიასთან კონკრეტულ პაციენტებში. ესაუბრეთ ექიმს, რა ზომები უნდა მიიღოთ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.
  • თუ არ იცით, ზუსტად რა იწვევს ალერგიულ შეტევას, თქვენი ექიმი დანიშნავს ტესტებს ამ ალერგენის გამოსავლენად. ზოგჯერ, ანაფილაქსიის მიზეზი არ დგინდება. ამ მდგომარეობას იდიოპათიური ანაფილაქსია ეწოდება.

სიმპტომები

ანაფილაქსიის სიმპტომები რამდენიმე წუთში ვითარდება. თუმცა ზოგჯერ ანაფილაქსია შესაძლოა ნახევარი საათის ან მეტის შემდეგ დაიწყოს. სიმპტომებია:

  • კანის რეაქციები, გამონაყარი, წამოწითლება ან გაფერმკრთალება
  • სითბოს შეგრძნება
  • ყელში მასის გაჭედვის შეგრძნება
  • სასუნთქი გზების შევიწროება, ენის ან ხახის შესიება, რაც იწვევს ხიხინსა და გაძნელებულ სუნთქვას
  • სუსტი, სწრაფი გულისცემა
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან ფაღარათი
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა


როდის მივმართოთ ექიმს

  • მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ, თქვენს ბავშვს ან სხვას აქვს მძიმე ალერგიული რეაქცია
  • თუ ადამიანს, რომელსაც აქვს ალერგიული შეტევა, თან დააქვს ეპინეფრინის ავტო–საინექციო ხსნარი, აუცილებლად გამოიყენეთ იგი დაუყოვნებლივ. თუ პაციენტი გაუმჯობესდა, მაინც გადაიყვანეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის, რათა სიმპტომები ისევ არ განვითარდეს.
  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან თუ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს ალერგიული შეტევა ან ოდესმე ჰქონია ანაფილაქსიის რომელიმე სიმპტომი.
  • ანაფილაქსიის დიაგნოსტიკა და გრძელვადიანი მკურნალობა რთულია, ამიტომ შესაძლოა დაგჭირდეთ ალერგოლოგთან ან იმუნოლოგთან ვიზიტიც.