სარძევე სადინრის ექტაზია

დაავადების აღწერა

სარძევე სადინრის ექტაზია ხდება, როცა ძუძუსთავთან მდებარე სადინარი ფართოვდება, მისი კედლები სქელდება და ივსება სითხით. სარძევე სადინარი შესაძლოა დაიხშოს და განვითარდეს წებოვანი, სქელი საცობი. ეს მდგომარეობა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ ქალს აქვს გამონადენი ძუძუსთავიდან, მტკივნეულობა მკერდში ან დახშული სადინრის ანთება (პერიდუქტალური მასტიტი).

სარძევე სადინრის ექტაზია ყველაზე ხშირად პერიმენოპაუზური ასაკის ქალებში გვხვდება, დაახლოებით 45–55 წლის ასაკში, თუმცა შესაძლოა მენოპაუზის შემდგომი დაავადებაც. ეს მდგომარეობა ზოგჯერ გამოსწორდება მკურნალობით. თუ სიმპტომები მეორდება, შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიბიოტიკები ან ქირურგიული ჩარევა სადინრის ამოსაკვეთად.

საჭიროა ძუძუსთან დაკავშირებული პრობლემების ხშირი შესწავლა, თუმცა სადინრის ექტაზია და პერიდუქტალური მასტიტი არ ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.

გამომწვევი მიზეზი

სარძევე ჯირკვალი შედგება შემაერთებელი ქსოვილებისაგან, მათ შორის სარძევე სადინრებისაგან, რომელთაც რძე გადააქვთ ძუძუსთავამდე. სარძევე სადინრის ექტაზია ხდება, როცა სადინარ ფართოვდება, იხშობა წებოვანი, სქელი ნივთიერებით და ზოგჯერ ვითარდება ანთებითი მდგომარეობაც.

ექსპერტებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ექტაზიას. სავარაუდოა შემდეგი ფაქტორების მონაწილეობა:

  • სარძევე ჯირკვლის ასაკოვანი ცვლილებები. ასაკის მატებასთან ერთად, ძუძუს შემადგენლობა იცვლება და ჯირკვლოვანი ქსოვილი უფრო ცხიმოვანი ხდება (ინვოლუცია). ეს ცვლილებები ზოგჯერ იწვევს სადინრის დაბლოკვას და ასოცირებულ ანთებას.
  • მოწევა. თამბაქოს მოხმარება ასოცირებულია სადინრების გაფართოებასთან, რაც იწვევს ანთებას და ზოგჯერ სადინრის ექტაზიასაც.
  • ძუძუსთავის ამობრუნება. ამობრუნებული ძუძუსთავი ზოგჯერ ახშობს სადინრებს, იწვევს ანთებასა და ინფექციას. ძუძუსთავის ამობრუნება შესაძლოა უფრო მძიმე დაავადების ნიშანიც იყოს, როგორიცაა ძუძუს კიბო.

სიმპტომები

სარძევე სადინრის ექტაზია ხშირად უსიმპტომოა. თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • თეთრი, მომწვანო ან შავი გამონადენი ერთი ან ორივე ძუძუსთავიდან
  • მტკივნეულობა ძუძუსთავზე და მის გარშემო
  • შეწითლება
  • გროვა და გასქელება დახშული სადინრის გარშემო
  • ძუძუსთავის ამობრუნება
  • ბაქტერიული ინფექცია–მასტიტი, შესაძლოა განვითარდეს დახშულ სადინარში, რაც გამოიწვევს მტკივნეულობას, ანთებას ძუძუსთავის გარშემო და ცხელებას. ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექტაზიას უკავშირდება, შესაძლოა თავადაც გაქრეს.



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ცვლილებას ძუძუზე, როგორიცაა გროვა, გამონადენი, ძუძუსთავის ჩაბრუნება და ა.შ. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომლიმე სიმპტომი, რაც გაწუხებთ.