მელანომა

დაავადების აღწერა

მელანომა კანის ყველაზე აგრესიული კიბოა და მელანინის მასინთეზირებელ უჯრედებში–მელანოციტებში იწყება. მელანინი პიგმენტია, რომელიც კანს შეფერილობას ანიჭებს. მელანომის განვითარება შესაძლებელია თვალებში და იშვიათად, შინაგან ორგანოებში, როგორიცაა ნაწლავები.

მელანომის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენა მზის ან სოლარიუმის პირობებში ზრდის ამ კიბოს განვითარების რისკს. დასხივების შემცირებით თქვენ ამცირებთ მელანომის განვითარების შანსებს.

მელანომის რისკი იზრდება 40 წლის ზემოთ ასაკში, განსაკუთრებით ქალებში. კანის კიბოს გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ ადრეულ დიაგნოზსა და მკურნალობაში, სანამ კიბო გავრცელდება. მელანომის მკურნალობა შესაძლებელია, თუ კიბოს დიაგნოზი დროულად დაისვა.

გამომწვევი მიზეზი

მელანომა ყალიბდება, როცა მელანოციტებში (მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) ირღვევა ნორმალური ზრდა–განვითარების პროცესი.

ნორმაში, კანის უჯრედების ზრდა–განვითარება კონტროლდება, ანუ ჯანსაღი, ახალი უჯრედები ჩაანაცვლებენ მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირზე, რომლებიც შემდეგ აიქერცლება და ჩამოშორდება კანს. როცა ზოგიერთ უჯრედში აღინიშნება დნმ–ის დაზიანებები, ეს პროცესი აღარ რეგულირდება და შესაძლოა ჩამოყალიბდეს კიბოც.

ზუსტად რა იწვევს კანის უჯრედებში დნმ–ის დაზიანებას და მელანომას, უცნობია. სავარაუდოდ, გარკვეულ როლს თამაშობს ფაქტორთა კომბინაცია, როგორიცაა გენეტიკური და გარემო ფაქტორები. ექიმები ფიქრობენ, რომ ულტრაიისფერი სხივები მზის ან სოლარიუმის პირობებში მელანომის მთავარი გამომწვევი მიზეზია.

ულტრაიისფერი სხივი არ იწვევს მელანომის ყველა ტიპს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელთაც არ აქვთ მზის ხანგრძლივი ზეგავლენა. ეს მიანიშნებს სხვა ფაქტორების როლზე მელანომის განვითარებაში.

სიმპტომები

მელანომა სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს. ყველაზე ხშირია მზის სხივების ხანგრძლივი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადგილების მელანომა, მაგალითად ზურგზე, ფეხებზე, ხელებსა და სახეზე.

მელანომა შესაძლოა განვითარდეს იმ ადგილებზეც, სადაც მზე ვერ ხვდება, მაგალითად ფეხის გულებზე, ხელის გულებზე, ფრჩხილებზე. ამ დაფარულ ადგილებში მელანომა უფრო მუქი კანის მქონე ადამიანებს უჩნდებათ.

მელანომის პირველი ნიშნები და სიმპტომებია:

  • მანამდე არსებული ხალის ცვლილებები
  • ახალი პიგმენტური ან უჩვეულო ხალის გაჩენა კანზე
  • მელანომა ყოველთვის არსებული ხალიდან არ იწყება, კიბო შესაძლოა სხვამხრივ ნორმალურ კანზეც დაიწყოს.


ნორმალური ხალები

ნორმალურ ხალს აქვს ერთფეროვანი შედგენილობა, როგორიცაა ხორცისფერი, ყავისფერი ან შავი. ხალის კიდეები (საზღვრები) სწორი და შემოფარგლულია, გამოყოფს ხალს გარშემო კანისაგან. ნორმალური ხალი ოვალური ან მრგვალია და ძირითადად 6 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრი აქვს (დაახლოებით, ფანქრის საშლელის ზომა).

ადამიანთა უმეტესობას აქვს 10–დან 45 ხალამდე. ამ ხალების უმეტესობა ვითარდება 50 წლის ასაკამდე, თუმცა ზოგიერთი ხალი იცვლის შეფერილობას და ქრება კიდეც.

უჩვეულო, მაღალი რისკის მქონე ხალები

არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ატიპიური, უჩვეულო ხალების იდენტიფიცირებას. ეს კრიტერიუმებია:

  • ასიმეტრიული ფორმა. დააკვირდით, ხომ არ აქვს ხალს არარეგულარული ფორმა, მაგალითად , თუ ხალს წარმოსახვითად ორ ნაწილად გაყოფთ, განსხვავდება თუ არა ნახევრები ერთმანეთისგან.
  • არასწორი საზღვრები. დააკვირდით, ხომ არ აქვს ხალს არარეგულარული, ჩაღრმავებული კიდეები. ეს შესაძლოა მელანომის ნიშანი იყოს.
  • ფერის ცვლილება. დააკვირდით, ხომ არ აქვს ხალს რამდენიმე ფერი ან ფერების არასწორი გადანაწილება.
  • დიამეტრი. დააკვირდით, არის თუ არა ხალი 6 მილიმეტრზე მეტი დიამეტრის.
  • ხალის ცვლილება. დააკვირდით ცვლილებებს ხალში, იზრდება თუ არა ზომა, იცვლება თუ არა ფერი, ფორმა. ხალზე შეიძლება გაჩნდეს ახალი სიმპტომები და ნიშნებიც, როგორიცაა ქავილი ან სისხლდენა.
  • კიბოს (მალიგნანტური) წარმომქმნელი ხალები განსხვავდება ვიზუალურად. ზოგიერთში აღინიშნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, ზოგში კი მხოლოდ 1–2 უცნაური მახასიათებელია.


დაფარული მელანომა

მელანომა შეიძლება სხეულის ისეთ ნაწილშიც განვითარდეს, რომელიც მზის გავლენის ქვეშ ხშირად არ ხვდება. ასეთი ადგილებია: ფეხის ან ხელის თითებს შორის მდებარე კანი, ხელის ან ფეხისგულზე მდებარე კანი, სკალპი ან გენიტალიები. ამ ტიპის კიბოს ფარულ მელანომასაც უწოდებენ, რადგან ამ ადგილებს მელანომაზე იშვიათად ამოწმებენ. როცა მელანომა მუქი კანის მქონე ადამიანში ვითარდება, უფრო ხშირია ფარული ფორმის განვითარება.

ფარული მელანომებია:

  • მელანომა ფრჩხილის ქვეშ. აკრალური–ლენტიგოსებრი მელანომა მელანომის იშვიათი ფორმაა, რომელიც ფრჩხილის ქვეშ ჩნდება, ფეხის ან ხელის თითებზე. ამ ტიპის მელანომა შესაძლოა ხელის ან ფეხისგულებზეც გაჩნდეს. აკრალური მელანომა უფრო ხშირია შავკანიანებში და მუქი კანის მქონე ადამიანებში.
  • მელანომა პირის ღრუში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, საშარდე გზებსა და ვაგინაში. მუკოზალური მელანომა ვითარდება ლორწოვან მემბრანებში, რომლებიც ამოფენს ცხვირის, პირის ღრუს, საყლაპავს, ანუსს, ვაგინას. ლორწოვანი მემბრანის მელანომა რთული სადიაგნოსტიკოა, რადგან ის ხშირად წააგავს ამ ადგილების სხვა, უფრო გავრცელებულ, პათოლოგიებს.
  • მელანომა თვალში. თვალის მელანომა, იგივე ოკულარული მელანომა ყველაზე ხშირია უვეაზე– სკლერის ქვეშ მდებარე ფენაზე. თვალის მელანომა ზოგჯერ იწვევს მხედველობის ცვლილებებს და შესაძლოა აღმოაჩინონ მხედველობის გამოკვლევების დროს.



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ კანზე შეამჩნიეთ უჩვეულო ცვლილებები.