მენინგიომა
დაავადების აღწერა
მენინგიომა სიმსივნეა, რომელიც იწყება თავის ტვინის მენინგიალური გარსებიდან– მემბრანები, რომლებიც შემოსაზღვრავენ თავის ტვინსა და ზურგის ტვინს. მენინგიომების უმეტესობა კეთილთვისებიანია, თუმცა იშვიათად გვხვდება ავთვისებიანი მენინგიომებიც. ზოგიერთი მენინგიომა ატიპიური კლასისაა, რადგან არც ავთვისებიანია და არც კეთილთვისებიანი.
მენინგიომა ყველაზე ხშირად მოხუც ქალებში გვხვდება, თუმცა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი ასაკის ქალებშიც და კაცებშიც, ზოგჯერ ბავშვებშიც კი.
მენინგიომა ზოგჯერ არ საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. თუ სიმსივნე არ იწვევს რაიმე ნიშნებსა და სიმპტომებს, შესაძლებელია ექიმი უბრალოდ დააკვირდეს მის განვითარებას.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, რა იწვევს მენინგიომას. ექიმებმა იციან, რომ რაღაც იცვლება მენინგიალური გარსების შემადგენელ უჯრედებში. მენინგიალური გარსები მემბრანებია, რომლებიც ტვინის გარშემო მდებარეობს და იცავს მას. მენინგიომის დროს ეს უჯრედები სწრაფად მრავლდება, კონტროლის გარეშე. რატომ ხდება ეს– მემკვიდრული გენების გამო, თუ გარემო–ფაქტორების, შეძენილი დაავადებების გამო, ჯერჯერობით უცნობია.
სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომები ტიპიურად თანდათანობით იწყება და შესაძლოა ძალიან მსუბუქი იყოს საწყის სტადიებზე. სიმპტომები დამოკიდებულია მენინგიომის ზუსტ მდებარეობაზე ზურგის ან თავის ტვინში. შესაძლო ნიშნებია:
- მხედველობის ცვლილებები, როგორიცაა გაორება ან დაბინდვა
- თავის ტკივილი, რომელიც უჩვეულოდ ძლიერდება
- სმენის დაქვეითება
- მეხსიერების დაქვეითება
- ყნოსვის უნარის დაქვეითება
- გულყრა
- სისუსტე კიდურებში
როდის მივმართოთ ექიმს
მენინგიომის ნიშნები და სიმპტომები თანდათანობით ყალიბდება, მაგრამ ზოგჯერ მენინგიომა საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას.
დარეკეთ 112–ზე, თუ:
- დაგეწყოთ გულყრა
- გაგიუარესდათ მხედველობა, სმენა ან მეხსიერება უცაბედად
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ თანდათანობითი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაშფოთებთ, როგორიცაა თავის ტკივილი.