მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია

დაავადების აღწერა

მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია (მიტრალური რეგურგიტაცია) იგივეა, რაც მიტრალური სარქვლის უკმარისობა. ამ მდგომარეობის დროს მიტრალური სარქველი ბოლომდე ვერ იხურება, რაც იწვევს სისხლის უკან გადასვლას, მარცხენა წინაგულში. შედეგად, გულში სისხლი სწორად ვერ მოძრაობს და ვითარდება სუნთქვის უკმარისობა.

მიტრალური რეგურგიტაციის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, გართულებებზე, სიმპტომებზე. მსუბუქი რეგურგიტაციის დროს, მკურნალობა შესაძლოა საერთოდ არ დაინიშნოს.

შესაძლოა დაგჭირდეთ გულის ქირურგიული ოპერაცია მიტრალური სარქვლის გამოსაცვლელად ან შესაკეთებლად. მკურნალობის გარეშე, მძიმე რეგურგიტაცია იწვევს გულის უკმარისობას ან რითმის პრობლემებს–არითმიებს. უსიმპტომო პაციენტებიც კი ხშირად უნდა მივიდნენ კარდიოლოგთან ან ქირურგთან, რათა გადაწყდეს, საჭიროა თუ არა ადრეული ჩარევა.

გამომწვევი მიზეზი

როგორ მუშაობს გული

გული გულსისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა და შედგება ოთხი ნაწილისაგან. ორი ზედა ნაწილი (საკანი) წინაგულებია და ისინი იღებენ სისხლს, ხოლო ქვედა ნაწილები–პარკუჭები სისხლს ორგანიზმში გადაისვრიან.

გულის ოთხი სარქველი იღება და იხურება სისხლის დინების ერთი მიმართულების შესანარჩუნებლად. მიტრალური სარქველი, რომელიც მარცხენა ნაწილების შუაში მდებარეობს, შედგება ქსოვილის ორი სტრუქტურისგან–კარედებისგან.

მიტრალური სარქველი იღება, როცა სისხლი მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში უნდა ჩავიდეს. შემდეგ სარქველი იხურება, რათა მარცხენა პარკუჭიდან აორტაში გამავალი სისხლი უკან, წინაგულში არ დაბრუნდეს.

მიტრალური რეგურგიტაციის დროს, სარქველი ბოლომდე ვერ იხურება. ყოველი შეკუმშვისას, სისხლის გარკვეული ოდენობა მარცხენა პარკუჭიდან უკან, მარცხენა წინაგულში ადის, აორტის მაგივრად. ეს ნიშნავს, რომ გულიდან სისხლი ბოლომდე ვერ გადის ორგანოებამდე.

მიტრალური რეგურგიტაციის მიზეზები

არსებობს პირველადი და მეორეული მიტრალური რეგურგიტაცია. პირველადი რეგურგიტაცია გამოწვეულია მიტრალური სარქვლის პათოლოგიებით, ხოლო მეორეული– მარცხენა პარკუჭში არსებული პრობლემებით.

მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის შესაძლო მიზეზებია:

  • მიტრალური სარქვლის პროლაფსი. ამ მდგომარეობის დროს, კარედები და მყესისებრი ქსოვილი, რომელიც სარქველს ამაგრებს, შესუსტებულია და შეკუმშვისას იწევა ზემოთ, მარცხენა წინაგულისაკენ (პროლაფსირებს). ეს გავრცელებული დეფექტი იწვევს მიტრალური სარქვლის დახურვის პრობლემასა და რეგურგიტაციას.
  • ქორდების დაზიანება. ქსოვილოვანი ქორდა, რომელიც მიტრალური სარქვლის კარედებს ამაგრებს, დროთა განმავლობაში სუსტდება და შესაძლოა ჩაიხეს კიდეც, განსაკუთრებით მიტრალური სარქვლის პროლაფსის შემთხვევაში. ქორდას გახევა იწვევს მნიშვნელოვან რეგურგიტაციას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ხშირად ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. გულმკერდის ტრავმამ შესაძლოა ქორდას გახევა გამოიწვიოს.
  • რევმატიზმი. რევმატიული ცხელება, ანუ რევმატიზმი, ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის გართულებაა და ადრე ხშირად გვხვდებოდა მთელ მსოფლიოში. რევმატიზმი აზიანებს მიტრალურ სარქველს და იწვევს რეგურგიტაციას მალევე ან მოგვიანებით. რევმატიზმი ახლა იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა კვლავ აქტუალურია განვითარებად სამყაროში.
  • ენდოკარდიტი. მიტრალური სარქველი შესაძლოა ინფექციის გამო დაზიანდეს, რომელიც სარქველებზე ვრცელდება.
  • ინფარქტი. ინფარქტის გამო შესაძლოა დაზიანდეს გულის კუნთის ის ნაწილი, რომელიც ამაგრებს მიტრალურ სარქველს. ეს გამოიწვევს მიტრალურ სარქველზე რეგურგიტაციის უეცარ გაჩენას, თუ დაზიანება ამდენად დიდია.
  • გულის კუნთის პათოლოგიები– კარდიომიოპათია. დროთა განმავლობაში, გარკვეული მდგომარეობები, როგორიცაა მაღალი წნევა, იწვევს გულის კუნთის მუშაობის გაძლიერებას, კუნთის გადიდებას (განსაკუთრებით მარცხენა პარკუჭში). ამ გადიდების გამო შესაძლოა დაზიანდეს მიტრალური სარქველიც.
  • ტრავმა. ნებისმიერი ტრავმა, მაგალითად ავტოავარიის შემთხვევა, შესაძლოა გახდეს მიტრალური რეგურგიტაციის მიზეზი.
  • გულის თანდაყოლილი დეფექტები. ზოგიერთი ბავშვი იბადება გულის თანდაყოლილი დეფექტით, მათ შორის დაზიანებული სარქველით.
  • გარკვეული მედიკამენტები. გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მიტრალურ რეგურგიტაციას. მაგალითად, ერგოამინის გამოყენება შაკიკის დროს.
  • სხივური თერაპია. იშვიათად, სხივური თერაპია გულმკერდის არეში იწვევს მიტრალურ რეგურგიტაციას.

სიმპტომები

მძიმე მიტრალური რეგურგიტაციის დროს შესაძლოა სიმპტომები არც გამოვლინდეს, მაგრამ მიტრალური სარქვლის ქირურგიული შეკეთება დაეხმარება პაციენტს. ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია რეგურგიტაციის ხარისხსა და მდგომარეობის განვითარების სისწრაფეზე. ესენია:

  • სისხლის ტურბულენტული დინების ხმა–შუილი
  • სუნთქვის უკმარისობა–დისპნეა, განსაკუთრებით დატვირთვის ან წოლის დროს
  • დაღლილობა, განსაკუთრებით დატვირთვის დროს
  • გულის ფრიალი– სწრაფი გულისცემა
  • ტერფების ან კოჭების შეშუპება


მიტრალური რეგურგიტაცია ხშირად მსუბუქია და დაავადება ნელა პროგრესირებს. პაციენტს ზოგჯერ სიმპტომები ათწლეულების განმავლობაში არ უვლინდება და დაავადებაც არ ურთულდება, შესაბამისად არ არსებობს კლინიკური პრობლემა.

ექიმი რეგურგიტაციაზე ეჭვს გულის შუილის მოსმენის შემდეგ მიიტანს. ზოგჯერ პრობლემა ძალიან სწრაფად ვითარდება და პაციენტს აღენიშნება ნიშნებისა და სიმპტომების უეცარი, მწვავე განვითარება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ გულის შუილი, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც კარდიოლოგთან ვიზიტსა და ექოკარდიოგრამის კვლევას დაგინიშნავთ. თუ მიტრალური რეგურგიტაციის შესაბამისი სიმპტომები აღგენიშნათ და ამავდროულად გაქვთ გულის სხვა პათლოგია, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. ზოგჯერ, დაავადების პირველი ჩვენება მისი გართულებებია, როგორიცაა გულის უკმარისობა– მდგომარეობა, როცა გული საკმარისად ვერ იკუმშება და საკმარის, ადეკვატური ოდენობით სისხლს ვერ აწოდებს ორგანიზმს.