მოლარული ორსულობა

დაავადების აღწერა

მოლარული ორსულობა/ჰიდრატიფორმული (ბუშტუკოვანი ორსულობა) არის ორსულობის პათოლოგიური ფორმა, რომლის დროსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება საშვილოსნოში. ასეთი ორსულობის დროს, კვერცხუჯრედი განაყოფიერებულია, მაგრამ ნორმალური ორსულობის მაგივრად, პლაცენტა ყალიბდება კისტების გროვად.

მთლიანი მოლარული ორსულობის დროს, არ არსებობს ემბრიონული ან პლაცენტის ქსოვილების ნარჩენები. ნაწილობრივი მოლარული ორსულობის დროს, გვაქვს ემბრიონის ნარჩენები და პლაცენტის მცირე ქსოვილი. ასეთ შემთხვევაში ემბრიონი იწყებს განვითარებას, მაგრამ პათოლოგიურია და ვერ გადარჩება.

მოლარულ ორსულობას შეიძლება თან ახლდეს გართულებებიც, მათ შორის კიბოს იშვიათი შემთხვევები, ამიტომ აუცილებელია ადრეული მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

მოლარული ორსულობა გამოწვეულია არასწორად განაყოფიერებული კვერცხუჯრედით. ადამიანის უჯრედს ნორმაში 23 წყვილი ქრომოსომა აქვს. ერთი ქრომოსომა თითოეულ წყვილში მოდის მამგისგან, ერთი კი დედისგან. მთლიანი მოლარული ორსულობის დროს, კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად, ყველა ქრომოსომა მამისეულია. განაყოფიერებიდან მალევე, დედისეული ქრომოსომები იკარგება ან არააქტიურია, ხოლო მამისეული ქრომოსომები ორმაგდება. კვერცხუჯრედს შესაძლოა ჰქონდეს არააქტიური ბირთვი ან საერთოდ არ ქონდეს ბირთვი.

ნაწილობრივი ანუ არასრული მოლარული ორსულობის დროს, დედისეული ქრომოსომები შენარჩნუებულია, მაგრამ მამისგან მემკვიდრდება ქრომოსომების ორმაგი კომპლექტი. შედეგად, ემბრიონს აქვს 69 ქრომოსომა, 46–ის ნაცვლად. ეს შესაძლოა იყოს მამისეული ქრომოსომების გაორმაგების შედეგი ან ორი სპერმით ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგიც.

სიმპტომები

მოლარული ორსულობა თავდაპირველად გავს ნორმალურ ორსულობას, მაგრამ შემდეგ ჩნდება სპეციფიკური ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • მუქი ყავისფერი ან წითელი სისხლდენა ვაგინიდან პირველ ტრიმესტრში
  • ძლიერი გულისრევა და ღებინება
  • ყურძნისებრი კისტების გამოსვლა ვაგინიდან
  • მენჯის ღრუში ტკივილის ან სისავსის შეგრძნება


თუ გაქვთ მოლარული ორსულობის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. იგი შეამჩნევს სხვა ნიშნებს, რომლებიც ბუშტუკოვან ორსულობას ახასიათებს. ესენია:

  • საშვილოსნოს სწრაფი ზრდა– საშვილოსნო ორსულობის სტადიასთან შედარებით ზედმეტად დიდია
  • მაღალი არტერიული წნევა
  • პრეეკლამფსია– მაღალი არტერიული წნევა და ცილა შარდში, ორსულობიდან 20 კვირის შემდეგ
  • საკვერცხის კისტები
  • ანემია
  • ჰიპერთიროიდიზმი