დილის ავადმყოფობა

დაავადების აღწერა

დილის ავადმყოფობა ხასიათდება გულისრევის შეგრძნებით ორსულობის დროს. დილის ავადმყოფობა არასწორი ტერმინია, რადგან მდგომარეობა შესაძლოა დღის ან ღამის ნებისმიერ დროს განვითარდეს.

დილის ავადმყოფობა ორსული ქალების დიდ ნაწილში აღინიშნება. იგი ყველაზე ხშირია პირველი ტრიმესტრის დროს, თუმცა ზოგიერთ ქალს დაავადება მთლიანი ფეხმძიმობის განმავლობაში აღენიშნება.
მკურნალობა, როგორც წესი, არ არის საჭირო. თუმცა სახლის პირობებში მიღებული ზომები, როგორიცაა მთელი დღის განმავლობაში ხშირი წახემსება ხშირად ხსნის გულისრევის შეგრძნებას.

იშვიათ შემთხვევაში, დილის ავადმყოფობა მძიმე ფორმებითაა წარმოდგენილი. ამ დროს, მდგომარეობა საჭიროებს სამედიცინო ჩარევას: ინტრავენურად სითხეების გადასხმასა და მედიკამენტების მიღებას.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, თუ რა იწვევს დილის ავადმყოფობას, თუმცა ორსულობის დროს არსებული ჰორმონული ცვლილებეი, დიდი ალბათობით, მდგომარეობის განვითარებაში იღებენ მონაწილეობას. იშვიათ შემთხვევებში, ძლიერი და მუდმივი გულისრევის შეგრძნება ან ღებინება შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობისგან დამოუკიდებელი დაავადებით, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ან ღვიძლის დაავადება.

სიმპტომები

დილის ავადმყოფობა ხასიათდება გულისრევით ღებინებასთან ერთად ან მის გარეში. ავადმყოფობა ხშირად პირველ ტრიმესტრშია წარმოდგენილი, ზოგჯერ ჩასახვიდან 2 კვირის შემდგომაც კი.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება არის ძლიერი
  • თქვენ შარდავთ არასაკმარისად ან შარდი არის მუქი ფერის
  • თქვენ ვერ ინარჩუნებთ სითხეებს
  • გრძნობთ თავბრუსხვევას ან მიგდით გული ადგომის დროს
  • გაქვთ გულის ფრიალი
  • აღებინებთ სისხლს