მიოკარდიუმის იშემია

დაავადების აღწერა

მიოკარდიუმის იშემია ვითარდება, როცა სისხლის მიწოდება გულის კუნთში შეფერხებულია სისხლძარღვის ნაწილობრივი ან მთლიანი დაცობის გამო. ეს სისხლძარღვები გულის მომმარაგებელი კორონარული არტერიებია. სისხლის მიწოდების შეფერხება გულის კუნთში ჟანგბადის დეფიციტს–იშემიას იწვევს. 

მიოკარდიუმის, იგივე გულის კუნთის, იშემია შესაძლოა გახდეს გულის დაზიანების მიზეზი, რაც გულის შეკუმშვის ძალის დაქვეითებაში გამოიხატება. უეცარი, სწრაფი დაცობა რომელიმე კორონარულ არტერიაში იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს. მიოკარდიუმის იშემია შესაძლოა გულის არასწორი რითმის– არითმიის მიზეზიც იყოს. 

მიოკარდიუმის იშემიის მკურნალობა მიმართულია სისხლის მომარაგების აღდგენისაკენ, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვა მედიკამენტებს, არტერიების გაღების ინტერვენციულ პროცედურებსა და ღია ქირურგიულ ჩარევებს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის იშემიის მკურნალობისა და პრევენციის დროს.

გამომწვევი მიზეზი

მიოკარდიუმის იშემია ვითარდება, როცა სისხლის მიწოდება გულის კუნთში შეფერხებულია სისხლძარღვის ნაწილობრივი ან მთლიანი დაცობის გამო. ეს სისხლძარღვები გულის მომმარაგებელი კორონარული არტერიებია. სისხლის მიწოდების შეფერხება გულის კუნთში ჟანგბადის დეფიციტს–იშემიას იწვევს. მიოკარდიუმის იშემია შესაძლოა თანდათანობით განვითარდეს, თუ არტერია ნელნელა იხურება, ან სწრაფად ჩამოყალიბდეს, თუ არტერიაში თრომბი უეცრად დაეცო. 

მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ იშემიას: 

  • კორონარული არტერიების დაავადება (გულის იშემიური დაავადება, გიდ)– ათეროსკლეროზი. ამ დროს ყალიბდება ქოლესტერინის შემცველი ფოლაქები, რომლებიც არტერიის კედელს ავსებს და ახშობს სისხლის დინებას. ათეროსკლეროზი და გულის იშემიური დაავადება მიოკარდიუმის იშემიისა და ინფარქტის მთავარი გამომწვევი მიზეზია.
  • სისხლის თრომბი. ფოლაქები, რომლებიც ათეროსკლეროზის დროს ყალიბდება, შესაძლოა გასკდეს და გამოიწვიოს სისხლის შედედება, თრომბის ჩამოყალიბებით. თრომბი იწვევს სისხლის მიწოდების უეცარ შეწყვეტას და მიოკარდიუმის ინფარქტს.
  • კორონარული არტერიის სპაზმი. კორონარულის არტერიის სპაზმი დროებითი, ხანმოკლე შევიწროებაა არტერიის კედლის კუნთში. ეს შესაძლოა გახდეს სისხლის მიწოდების შეფერხების ან შეწყვეტის მიზეზი.


ფაქტორები, რომლებიც აუარესებენ იშემიის ტკივილს: 

  • ფიზიკური გადაღლა
  • ემოციური სტრესი
  • დაბალი ტემპერატურა
  • წოლა
  • კოკაინის გამოყენება

სიმპტომები

ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც მიოკარდიუმის იშემია აქვს, არ უვლინდება ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები (მიოკარდიუმის ჩუმი იშემია). როცა იშემია იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, ესენი შეიძლება იყოს: 

  • დაჭიმულობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, ძირითადად მარცხენა მხარეს (სტენოკარდია)
  • კისრის ან ყბის ტკივილი
  • მხრის ან ხელის ტკივილი
  • აჩქარებული გულისცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულისრევა, ღებინება


როდის მივმართოთ ექიმს 

თუ გაქვთ დისკომფორტი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე, აუცილებლად დარეკეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერზე, 112. თუ ვერ უკავშირებით ასეთ სამსახურებს, თხოვეთ ვინმეს, მიგიყვანოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. თავად საჭესთან დაჯდომა არ არის რეკომენდირებული, რადგან ეს გარკვეულ რისკებთანაა ასოცირებული იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობა დამძიმდა.