ოსტეომიელიტი

დაავადების აღწერა

ოსტეომიელიტი ძვლის ინფექციაა. ინფექცია ძვალში სისხლს საშუალებით შეიძლება მოხვდეს, ან ახლომდებარე ქსოვილებიდან გავრცელდეს. ოსტეომიელიტი ძვალში ზოგჯერ დაზიანების გამოც ვითარდება, თუ ეს დაზიანება ძვალს აბინძურებს.

ბავშვებში, ოსტეომიელიტი ყველაზე ხშირად კიდურების გრძელ ძვლებში გვხვდება, ხოლო მოზრდილებში ინფექცია ხშირია ხერხემლის ძვლებში– მალებში. დიაბეტიან პაციენტებში, რომელთაც ხშირად აქვთ ფეხის წყლულები, შესაძლებელია ოსტეომიელიტის ტერფებში განვითარებაც.

უწინ, ოსტეომიელიტი განუკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა მისი მკურნალობა სრულიად შესაძლებელია. პაციენტების უმეტესობას სჭირდება ქირურგიული ჩარევა მკვდარი ძვლის ქსოვილის ნაწილების ამოსაკვეთად, რასაც მოყვება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია, ხშირად ინტრავენურად, 6 კვირის განმავლობაში მაინც.

გამომწვევი მიზეზი

ოსტეომიელიტის უმეტეს შემთხვევებს სტაფილოკოკური ბაქტერია იწვევს. სტაფილოკოკი ბინადრობს კანზე ან ცხვირის ღრუში, სხვამხრივ ჯანმრთელ ადამიანებშიც.

ბაქტერიები ან სხვა მიკროორგანიზმები ძვალში სხვადასხვა გზით აღწევენ:

  • სისხლით. მიკროორგანიზმები სხეულის სხვა ნაწილში, მაგალითად ფილტვების ანთების ან საშარდე გზების ანთების დროს, შესაძლოა სისხლში გავრცელდნენ და მიაღწიონ ძვლამდეც. ბავშვებში, ოსტეომიელიტი ძვლის რბილ ნაწილებში ვითარდება– ზრდის ზონებში, რომლებიც მდებარეობს ძვლების ორივე დაბოლოების მხარეს.
  • ახლომდებარე ქსოვილის ინფექციით. ღრმა ჭრილობების შედეგად შესაძლებელია ინფექციის გავრცელება სხეულში. თუ ასეთი ჭრილობა დაინფიცირდა, შესაძლოა ჩაერთოს ძვალიც.
  • პირდაპირი დაინფიცირებით. ეს მდგომარეობა ვითარდება, როცა ძვლის მოტეხილობა იმდენად მძიმეა, რომ ძვლის ნაწილი გარემოსთან შეხებაშია (ღია მოტეხილობა). პირდაპირი დაინფიცირება შესაძლოა ქირურგიული ჩარევის შედეგიც იყოს.

სიმპტომები

ოსტეომიელიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცხელება, შეციება
  • გაღიზიანებადობა ან ლეთარგია ბავშვებში
  • ინფექციის ადგილზე ტკივილი
  • შესიება, სითბო, შეწითლება კანზე



ზოგჯერ, ოსტეომიელიტი არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს ან მისი გამოვლინებების გარჩევა რთულია სხვა პრობლემებისაგან.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა ძვლის ძლიერი ტკივილი, ცხელებასთან ერთად. თუ გაქვთ ინფექციის მაღალი რისკი დაავადების ან ქირურგიული ჩარევის გამო, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, როგორც კი შეამჩნევთ ინფექციის ნიშნებს.