ოსტეოპოროზი
დაავადების აღწერა
ოსტეოპოროზი იწვევს ძვლების დასუსტებას და მსხვრევადობას. ასეთ დროს ძვალი იმდენად სუსტია, რომ მარტივი მოძრაობის შემთხვევაშიც, როგორიცაა გადახრა ან დახველება, შესაძლებელია მოტეხილობის განვითარება. ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობა ხშირია ბარძაყში, მაჯასა და ხერხემალში.
ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც მუდმივად განციდის განახლებას. ოსტეოპოროზი ვითარდება, როცა ახალი ძვლის სინთეზი ვერ ანაცვლებს ძვლის ძველი ქსოვილის კვდომას.
ოსტეოპოროზი ემართებათ ნებისმიერი რასის ქალებსაც და მამაკაცებსაც, მაგრამ თეთრკანიანი ან აზიური წარმოშობის ქალები, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, ყველაზე მაღალი რისკის წინაშე არიან. მედიკამენტები, ჯანსაღი დიეტა და ვარჯიში დაგეხმარებათ ძვლების დასუსტების თავიდან აცილებასა და ძვლების გამაგრებაში.
გამომწვევი მიზეზი
ძვალი მუდმივად გადის განახლების პროცესს– ახალი ქსოვილი წარმოიქმნება, ხოლო ძველი– კვდება. ახალგაზრდებში, ორგანიზმი სწრაფად წარმოქმნის ახალ ძვალს, ძველი ქსოვილი უფრო ნელა შორდება, ამიტომ ძვლის მასა იზრდება. ძვლის პიკური მასა ადრეული 20–იანი წლების ასაკში ვითარდება. ასაკის მატებასთან ერთად, ძვალი უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე წარმოიქმნება.
ოსტეოპოროზის განვითარების შანსი დამოკიდებულია ახალგაზრდობაში მიღწეული ძვლის მასის ოდენობაზე. რაც უფრო მაღალია პიკური ძვლის მასა, მით მეტია ძვლის ქსოვილის “მარაგი”, რაც ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების შანსს ასაკის მატებასთან ერთად.
სიმპტომები
ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიებზე ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება. როცა ძვლები დასუსტდება, შესაძლოა აღინიშნოს:
- წელის ტკივილი, რომელსაც იწვევს მოტეხილი ან კოლაბირებული მალა
- სიმაღლის კლება დროთა განმავლობაში
- მოხრილობა
- ძვლის მოტეხილობა, რომელიც მარტივად განვითარდა
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გქონდათ ადრეული მენოპაუზა, იღებდით კორტიკოსტეროიდულ მედიკამენტებს გარკვეული დროით ან რომელიმე მშობელს ჰქონია ბარძაყის მოტეხილობა, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.