საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

დაავადების აღწერა

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ჰორმონებისა და მედიკამენტების გამოყენების შემდგომ ინ ვიტრო განაყოფიერების დროს. ინ ვიტრო განაყოფიერებას უშვილობის დროს იყენებენ. ნაყოფიერების ინექციური მედიკამენტები ასტიმულირებენ კვერცხუჯრედების წარმოქმნას საკვერცხეებში, თუმცა საჭირო რაოდენობის მედიკამენტების წინასწარ განსაზღვრა რთულია.

ორგანიზმში ჰორმონების ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომლის დროსაც საკვერცხეები სივდება და ხდება მტკივნეული. ზოგიერთ ქალს სინდრომის მძიმე ფორმა აღენიშნება, რაც იწვევს წონაში სწრაფად მატებას, ტკივილს მუცლის არეში, ღებინებასა და სუნთქვის უკმარისობას.

იშვიათ შემთხვევებში, სინდრომი ვითარდება უშვილობობის მკურნალობის დროს ორალური მედიკამენტების გამოყენების შემდგომ. კლომიფენი ასეთი მედიკამენტის ერთ-ერთი მაგალითია. ზოგიერთ შემთხვევაში, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი სპონტანურად ვითარდება და არ უკავშირდება უნაყოფობის მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მიზეზები სრულად ცნობილი არ არის, თუმცა ქორიონული გონადოტროპინის ჭარბი რაოდენობა დაავადების განვითარებაში იღებს მონაწილეობას. ეს ჰორმონი ორსულობის დროს წარმოიქმნება. საკვერცხის სისხლძარღვები არანორმალურად რეაგირებენ ქორიონულ გონადოტროპინზე და მათგან იჟონება სითხე. ეს სითხე ასიებს საკვერცხეებს. სითხე ზოგიერთ შემთხვევაში მუცელშიც გადადის.

უნაყოფობის მკურნალობის დროს, ქორიონული გონადოტროპინის მიცემა პაციენტისთვის იწვევს მომწიფებული ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, როგორც წესი, ქორიონული გონადოტროპინის ინექციიდან 1 კვირაში ვითარდება. მკურნალობის ციკლის დროს დაორსულების შემთხვევაში სინდრომი უარესდება, რადგან ფეხმძიმობის დროს ორგანიზმი დამატებით საკუთარ ქორიონულ გონადოტროპინსაც გამოყოფს.

ნაყოფიერების ინექციური მედიკამენტები მეტად იწვევენ სინდრომს, ვიდრე კლომიფენი(კლომიდი, სეროფენი). კლომიფენი არის მედიკამენტი, რომელსაც ადამიანი ტაბლეტის სახით ყლაპავს.

სიმპტომები

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება ინექციური მედიკამენტების გამოყენებიდან 10 დღის შემდგომ. სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე.

სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება ან უმჯობესდება.

მსუბუქი და საშუალო საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომები

მსუბუქი-საშუალო საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის სიმპტომები:

  • მსუბუქი ან საშუალო ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც ახასიათებს ხანგამოშვებითობა
  • მუცლის შებერილობა და წელის გაზრდილი გარშემოწერილობა
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • ფაღარათი
  • ტკივილი შეხებაზე საკვერცხეების არეში



ნაყოფიერების ინექციური წამლების მოხმარების შემდეგ ზოგიერთ ქალს უვითარდება სინდრომის მსუბუქი ფორმა, რომელიც გაივლის დაახლოებით ერთ კვირაში. დაორსულების შემთხვევაში, სინდრომის სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს და გაგრძელდეს კვირების განმავლობაში

მძიმე საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

მძიმე ფორმის დროს შესაძლოა აღინიშენბოდეს:

  • წონაში სწრაფად მატება, მაგალითდ 2.3 კგ-ის მატება 1 დღეში ან 4.5 კგ-ის მატება 3 ან მეტ დღეში
  • მუცლის ძლიერი ტკივილი
  • მძიმე, მუდმივი გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • შარდვის სიხშირის დაქვეითება
  • მუქი ფერის შარდი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაჭიმული ან გადიდებული მუცელი
  • თავბრუსხვევა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ იღებნთ ნაყოფიერების წამლებს და განიცდით სინდრომის გამოვლინებებს, მიმართეთ ექიმს. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის მსუბუქი ფორმის პირობებშიც, ექიმი საჭიროდ ჩატვლის დაგაკვირდეთ, რათა არ გაუარესდეს სიმპტომები ან არ მოიმატოთ წონაში უცაბედად.

მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ, თუ აღინიშნება სუნთქვის პრობლემები ან ტკივილი ქვედა კიდურების არეში ნაყოფიერების მედიკამენტების მიღების დროს. ეს საგანგებო მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.