პაჯეტის დაავადება (სარძევე ჯირკვალი)
დაავადების აღწერა
პაჯეტის დაავადება ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმაა. დაავადება იწყება ძუძუსთავში და ვრცელდება მის გარშემო მდებარე მუქ კანზე– არეოლაზე. ძუძუს პაჯეტის დაავადება არ უკავშირდება ძვლის პაჯეტის დაავადებას, რომელიც ძვლის განახლების მეტაბოლური დარღვევაა.
პაჯეტის დაავადება ყველაზე ხშირია 50 წელს გადაცილებულ ქალებში. პაჯეტის დაავადების მქონე ქალებს აქვთ მიმდინარე სადინრის ძუძუს კიბოც, შესაძლოა ინ სიტუ– ჯერჯერობით არაინვაზიური, ან, უფრო იშვიათად ინვაზიური კიბოც. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია პაჯეტის დაავადება მხოლოდ ძუძუსთავზე ლოკალიზირებული.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა არ იციან, ზუსტად რა იწვევს ძუძუს პაჯეტის დაავადებას. ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, დაავადება გამოწვეულია მიმდინარე სადინრის ძუძუს კიბოს გამო. კიბოს უჯრედები მოყვებიან სადინრის მილაკებს, რაც იწვევს კიბოს გავრცელებას ძუძუსთავსა და მიმდებარე კანზე. სხვა თეორიით, დაავადება დამოუკიდებლად ვითარდება ძუძუსთავზე.
სიმპტომები
ძუძუს პაჯეტის დაავადება აზიანებს ძუძუსთავს და მის გარშემო მდებარე მუქ კანს–არეოლას. პაჯეტის დაავადების სიმპტომები შესაძლოა აგვერიოს ძუძუს გაღიზიანებაში– დერმატიტი ან სხვა არასიმსივნურ მდგომარეობებში.
პაჯეტის დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:
- აქერცლილი, მშრალი კანი ძუძუსთავზე
- ქერქიანი, ჩირქიანი ან გამაგრებული კანი, რომელიც გავს ეგზემას ძუძუსთავზე ან არეოლაზე
- ქავილი
- შეწითლება
- დაბუჟების ან წვის შეგრძნება
- ყავისფერი ან სისხლიანი გამონადენი ძუძუსთავიდან
- ბრტყელი ან ჩაზნექილი ძუძუსთავი
- გროვა სარძევე ჯირკვალში
- კანის გასქელება მკერდზე
ნიშნები და სიმპტომები ძირითადად მხოლოდ ერთ მკერდზე ვლინდება. დაავადება ტიპიურად ძუძუსთავში იწყება და ვრცელდება ძუძუს სხვა ნაწილებშიც.
კანის ცვლილებები შესაძლოა ადრეულ ეტაპზე გაქრეს და გაჩნდეს, ან ტოპიკალური მკურნალობის შედეგად შემსუბუქდეს, თითქოს კანი მოირჩინეთ. საშუალოდ, ქალები სიმპტომებსა და ნიშნებს დაავადების აღმოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე უჩივიან.
როდის მივმართოთ ექიმს
შეამოწმეთ ძუძუსთავები და არეოლა რეგულარულად, მაგალითად ძუძუს თვითგასინჯვის დროს. თუ გრძნობთ გროვას, გაქვთ ქავილი, გაღიზიანება, რომელიც 1 თვეზე მეტს გასტანს, მიმართეთ ექიმს.
თუ მკურნალობთ მკერდზე კანის დაზიანების გამო და მდგომარეობა არ გამოსწორდა მკურნალობასთან ერთად, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. შესაძლოა დაგჭირდეთ ბიოფსია– პროცედურა, რომლის დროსაც კანის მცირე ნაწილს აიღებენ მიკროსკოპული ანალიზისათვის. ბიოფსიით შეფასდება დაზიანებული კანი.