პარკინსონის დაავადება

დაავადების აღწერა

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესული აშლილობაა, რომელიც არღვევს მოძრაობით ფუნქციებს. დაავადება თანდათანობით ვითარდება და ხშირად კუნთების უნებლიე მოძრაობებით ვლინდება, ძირითადად ცალ ხელში. ეს მოძრაობები პარკინსონის დაავადების ყველაზე ცნობილი სიმპტომია, თუმცა დაავადება იწვევს მოძრაობის შენელებას და გაშეშებასაც.

პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიებზე, იკარგება სახის გამომეტყველება ან ვითარდება კიდურების მოძრაობების შეზღუდვა. მეტყველება შერბილებული, შენელებულია. პარკინსონის დაავადების სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება.

პარკინსონის დაავადება არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტების საშუალებით მსუბუქდება სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ქირურგიული ჩარევაც, რათა ტვინის გარკვეული რეგიონების ფუნქციების ცვლილებით სიმპტომები გამოსწორდეს.

გამომწვევი მიზეზი

პარკინსონის დაავადების დროს, გარკვეული ნერვული უჯრედები (ნეირონები) თანდათანობით კვდება. მრავალი სიმპტომი გამოწვეულია ნეირონების კვდომით, რომლებიც ნორმაში წარმოქმნიან ტვინის სასიგნალო ნივთიერებას– დოფამინს. როცა დოფამინის დონე მცირდება, ტვინის აქტივობა იცვლება და ვლინდება პარკინსონის დაავადების ნიშნები.

პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად:

  • გენეტიკა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კონკრეტული გენური მუტაციები ასოცირებულია პარკინსონის დაავადებასთან, თუმცა მუტაციები მხოლოდ ოჯახური ისტორიის შემთხვევაში გვხვდება, და არა იზოლირებულ შემთხვევებში.

    გენების გარკვეული ვარიაციები პაციენტს უფრო მიდრეკილს ხდის პარკინსონის დაავადების განვითარებისკენ, თუმცა რისკი საკმაოდ დაბალია გენეტიკური მარკერებისათვის.

  • გარემო–ფაქტორები. გარკვეული ტოქსინებისა და სხვა გარემო–ფაქტორების ზემოქმედება ასოცირდება პარკინსონის დაავადებასთან, თუმცა რისკი საკმაოდ დაბალია.

    საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება პარკინსონის დაავადების გამომწვევი ან ხელშემწყობი ფაქტორების აღმოსაჩენად.



ტვინში რამდენიმე ცვლილება ვითარდება პარკინსონის დაავადების დროს:

  • ლევის სხეულები. კონკრეტული ნივთიერებების გროვები, რომლებიც ნეირონებშია დაგროვილი ასოცირდება პარკინსონის დაავადებასთან. ამ ნივთიერების გროვას ლევის სხეულები ეწოდება და მეცნიერების აზრით, სხეულები დიდ როლს თამაშობენ დაავადების განვითარებაში.
  • ალფა–სინუკლეინი, ნივთიერება, რომელიც ლევის სხეულებში გვხვდება. არსებობს სხვა ნივთიერებებიც, თუმცა მეცნიერების აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ალფა–სინუკლეინია. ალფა–სინუკლეინიანი სხეულების დაშლა უჯრედებს არ შეუძლიათ. ეს პროცესი ამჟამად პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული კვლევების მთავარი შესასწავლი ამოცანაა.

სიმპტომები

პარკინსონის დაავადების სიმპტომები და ნიშნები განსხვავდება პაციენტებს შორის. ადრეული ნიშნები მსუბუქია და შესაძლოა ვერ შენიშნოთ. სიმპტომები ძირითადად სხეულის ერთ ნაწილში იწყება და უფრო მძიმეა ამ ნაწილში, სხეულის ორივე მხარეს გავრცელების შემდეგაც კი.

პარკინსონის დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტრემორი–კანკალი, უნებლიე მოძრაობა. ტრემორი იწყება ერთ კიდურში, ხშირად ხელებში. შესაძლოა შენიშნოთ ცერა თითისა და საჩვენებელი თითის მოძრაობები. პარკინსონის დაავადებისათვის ტრემორი დამახასიათებელია მოსვენებით მდგომარეობაში, როცა კუნთები მოდუნებულია.
  • შენელებული მოძრაობა–ბრადიკინეზია. დროთა განმავლობაში, პარკინსონის დაავადების გამო იზღუდება მოძრაობა და შენელდება გადაადგილება. მარტივი მოქმედების შესასრულებლად პაციენტს დიდი დრო სჭირდება. ნაბიჯები მოკლდება, სკამიდან წამოდგომა რთულდება. სიარულის დროს, პაციენტი “ფეხებს ითრევს”, რაც ართულებს მოძრაობას.
  • რიგიდული კუნთები. კუნთების სიხისტე ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გამოვლინდეს. ამის გამო ლიმიტირებულია მოძრაობა და ვლინდება ტკივილიც.
  • არასწორი დგომა და ბალანსი. შესაძლოა პაციენტი წელში მოიხაროს ან განუვითარდეს ბალანსის პრობლემები.
  • ავტომატური მოძრაობების დაკარგვა. პარკინსონის დაავადების დროს, შემცირებულია უნებლიე მოძრაობების შესრულების უნარი, როგორიცაა თვალის დახამხამება, ხელების ნორმალური მოძრაობა სიარულისას. იკარგება სახის გამომეტყველებებიც.
  • მეტყველების ცვლილებები. შესაძლოა გქონდეთ მეტყველების პრობლემები პარკინსონის დაავადების გამო. მეტყველება ხდება რბილი, სწრაფი, შენელებული ან პაციენტი აყოვნებს ლაპარაკს. მეტყველება მონოტონურია და ტონი არ იცვლება. მეტყველების სპეციალისტი შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში.
  • ხელწერის ცვლილება. ხელწერა პატარავდება და რთული გასარჩევია.



მედიკამენტებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს სიმპტომები. ეს მედიკამენტები ზრდიან დოფამინის კონცენტრაციას, რომელიც ტვინის სპეციალური ნეიროტრანსმიტერია. პარკინსონის დაავადების დროს, შემცირებულია ტვინში დოფამინის შემცველობა.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ პარკინსონის დაავადების რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. საჭიროა როგორც ამ დაავადებაზე შემოწმება, ასევე სხვა მიზეზების განხილვაც.