ღია არტერიული სადინარი
დაავადების აღწერა
ღია არტერიული სადინარი წარმოადგენს კავშირს გულიდან გამომავალ ორ დიდ სისხლძარღვს შორის. ეს სადინარი ნაყოფის გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალური კომპონენტია, თუმცა დაბადების შემდგომ მალევე იხურება. თუ სადინარი ღიად დარჩა, მდგომარეობას ღია არტერიული სადინარი ეწოდება.
ღია არტერიული სადინარი, იმ შემთხვევაში თუ მცირე დიამეტრისაა, არ საჭიროებს მკურნალობას და არ ვლინდება კლინიკურად. თუმცა, თუ სადინარი დიდი ზომისაა, ჟანგბადით ღარიბი სისხლი არასწორი მიმართულებით გადაადგილდება, რაც იწვევს გულის კუნთის შესუსტებას, გულის უკმარისობას და სხვა გართულებებს.
ღია არტერიული სადინარი შესაძლოა მედიკამენტურად, გულის კათეტერიზაციით ან ქირურგიული ჩარევით დაიხუროს. შესაძლებელია მონიტორინგიც.
გამომწვევი მიზეზი
გულის თანდაყოლილი დაავადებები (მანკები) გამოწვეულია გულის განვითარების ადრეული პრობლემებით, თუმცა ხშირად ზუსტი მიზეზი უცნობია. გენეტიკა და გარემო–ფაქტორები სავარაუდოდ გარკვეულ როლს თამაშობს.
დაბადებამდე, სისხლძარღვოვანი კავშირი– არტერიული სადინარი ერთმანეთთან აერთებს გულიდან გამომავალ ორ დიდ სისხლძარღვს– აორტასა და ფილტვის არტერიას. ეს კავშირი აუცილებელია ნაყოფისათვის. არტერიული სადინრის გავლით სისხლი თავს არიდებს ფილტვებს, რომლებიც ვითარდება. ჟანგბადს კი ნაყოფი დედის ცირკულაციიდან იღებს.
დაბადების შემდეგ, არტერიული სადინარი იხურება 2–3 დღეში. დღენაკლულ ბავშვებში, სადინარს მეტი დრო სჭირდება დასახურად. თუ სადინარი ვერ დაიხურა, მდგომარეობას ღია არტერიული სადინარი ეწოდება.
პათოლოგიური კავშირი დაბადების შემდეგ იწვევს სისხლის გულსა და ფილტვს შორის არასწორ გადანაწილებას. მკურნალობის გარეშე, იზრდება წნევა ფილტვში (ფილტვის ჰიპერტენზია) და გული დიდდება, სუსტდება.
სიმპტომები
ღია არტერიული სადინრის სიმპტომები განსხვავდება სადინრის ზომის მიხედვით და ახალშობილის მდგომარეობის გათვალისწინებით (ნაადრევი ან დროული მშობიარობა). მცირე ზომის სადინარი უსიმპტომოა და თავადაც შეიძლება დაიხუროს. ასეთი სადინარი ზოგჯერ მოზრდილებშიც გვხვდება. დიდი ზომის სადინარი კი იწვევს გულის უკმარისობას დაბადებიდან მალევე.
ექიმი ეჭვს მიიტანს გულის მანკზე რეგულარული შემოწმებების დროს, რადგან ისმინება დამახასიათებელი შუილი ბავშვის გულზე, სტეტოსკოპის საშუალებით.
დიდი ზომის ღია სადინარმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- კვების პრობლემები, ზრდაში ჩამორჩენა
- ოფლიანობა ტირილის ან კვების დროს
- სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის უკმარისობა
- ადვილად დაღლა
- სწრაფი გულისცემა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ბავშვი:
- ადვილად იღლება კვების ან თამაშის დროს
- არ იმატებს წონაში
- ეწყება სუნთქვის უკმარისობა კვების ან ტირილის დროს
- სწრაფად სუნთქავს, ჰაერი არ ყოფნის