ალერგია შინაურ ცხოველებზე

დაავადების აღწერა

ალერგია შინაურ ცხოველებზე გამოწვეულია ცხოველების კანის უჯრედებში, ნერწყვში ან შარდში არსებული ცილების მიმართ რეაქციის განვითარებით. შინაურ ცხოველზე ალერგიის სიმპტომები გავს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება და გამონადენი ცხვირიდან. ზოგიერთ ადამიანს ასთმის მსგავსი ნიშნებიც აქვს, როგორიცაა სტვენითი სუნთქვა და სუნთქვის გაძნელება.

ყველაზე ხშირად, ალერგია იწყება ცხოველის აქერცლილი კანის უჯრედების გამო. ნებისმიერი ცხოველი, რომელსაც ბეწვი აქვს, შესაძლოა გახდეს ალერგიის მიზეზი, თუმცა ალერგია ხშირია კატების, ძაღლების მღრღნელებისა და ცხენების მიმართ.

თუ გაქვთ ალერგია შინაურ ცხოველზე, საუკეთესო გადაწყვეტილება ამ ცხოველთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებაა. მედიკამენტები და სხვა ტიპის მკურნალობა შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში და ასთმის მენეჯმენტში.

გამომწვევი მიზეზი

ალერგია ვითარდება, როცა იმუნური სისტემა რეაქციას აყალიბებს უცხო ნივთიერებაზე, როგორიცაა ყვავილის მტვერი, ცხოველის ბეწვი და ა.შ.

იმუნური სისტემა წარმოქმნის ცილებს– ანტისხეულებს. ანტისხეულები ორგანიზმს იცავენ უცხო მიკროორგანიზმებისა და ნივთიერებებისაგან, რომლებიც ზოგჯერ ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს. როცა ალერგია გაქვთ, იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს კონკრეტული ალერგენის წინააღმდეგ, თუმცა ალერგენი საფრთხის შემცველი არ არის. როცა ალერგენს ჩაისუნთქავთ ან შეეხებით, იმუნური სისტემა იწყებს ანთებით რეაქციებს ცხვირის ღრუსა და ფილტვებში. ხანგრძლივი ან განმეორებითი შეხება ალერგენთან იწვევს ქრონიკულ ანთებას და ასოცირებულ ასთმას.

კატები და ძაღლები

კატებთან და ძაღლებთან დაკავშირებული ალერგენები ასოცირებულია ცხოველს კანის უჯრედებთან, ასევე მათ ნერწყვთან, შარდთან და ბეწვზე არსებულ ოფლთანაც. კანის უჯრედები და ბეწვი განსაკუთრებით ხშირად იწვევს ალერგიას, რადგან მცირე ზომისაა და დიდი ხნით რჩება ჰაერში. ეს ალერგენები ასევე მარტივად გროვდება ავეჯში ან ტანსაცმელზე.

შინაური ცხოველის ნერწყვი შესაძლოა მიეკროს ხალიჩას, საწოლს, ავეჯს, ტანსაცმელს. გამომშრალი ნერწყვი შესაძლოა ჰაერში გავრცელდეს.

ე.წ “ჰიპოალერგიული” კატები და ძაღლები შესაძლოა ნაკლებ ბეწვს გამოყოფდნენ, მაგრამ არცერთი ჯიში არ არის რეალურად ჰიპოალერგიული.

მღრღნელები და კურდღლები

მღრღნელი შინაური ცხოველები, როგორიცაა თაგვები, ზაზუნები და ზღვის გოჭები ასოცირებულია ალერგიასთან. ამ შემთხვევაში ალერგენი არის ბეწვში, კანში, ნერწყვში ან შარდში. მტვერი მღრღნელის საცხოვრებლიდან ასევე შეიძლება გახდეს ალერგიის მიზეზი.

კურდღლების შემთხვევაში ალერგენი ბეწვში, კანში ან ნერწყვშია.

სხვა ცხოველები

ალერგია შინაურ ცხოველებზე გამოწვეულია ცხოველების კანის უჯრედებში, ნერწყვში ან შარდში არსებული ცილების მიმართ რეაქციის განვითარებით. შინაურ ცხოველზე ალერგიის სიმპტომები გავს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება და გამონადენი ცხვირიდან. ზოგიერთ ადამიანს ასთმის მსგავსი ნიშნებიც აქვს, როგორიცაა სტვენითი სუნთქვა და სუნთქვის გაძნელება.

სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები გამოწვეულია ცხვირის ღრუს ანთებით. ესენია:

  • ცემინება
  • გამონადენი ცხვირის ღრუდან
  • ქავილი, გაწითლდება, აცრემლიანება თვალებზე
  • ცხვირის ღრუს დაცობა
  • ქავილი ცხვირზე, პირის ღრუში ან ხახაში
  • ცხვირიდან გამონადენის ხახაში გადასვლა
  • ხველა
  • სახეზე წნევის შეგრძნება ან ტკივილი
  • ხშირი გაღვიძება
  • შესიებული, მოლურჯო კანი თვალების ქვეშ
  • ბავშვებში, ცხვირის ხშირი მოქავება



თუ ალერგიის გამო ასთმის სიმპტომები იწყება, ესენია:

  • სუნთქვის გაძნელება
  • დაჭიმულობა გულმკერდის არეში ან ტკივილი
  • სტვენითი ხმიანობა ამოსუნთქვის დროს
  • სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული უძილობა, ხველა ან სტვენითი სუნთქვა



სიმპტომები კანზე

ზოგიერთ პაციენტში, ვლინდება კანის სიმპტომებიც. ალერგიული დერმატიტი იმუნური რეაქციაა, რომელიც კანის ანთებას იწვევს. პირდაპირი კონტაქტი ალერგიის გამომწვევ ცხოველთან იწვევს რეაქციას, დერმატიტის ნიშნებსა და სიმპტომებს. მაგალითებია:

  • კანის შეწითლებული, ამობურცული გამონაყარი
  • ეგზემა
  • ქავილი



როდის მივმართოთ ექიმს

შინაურ ცხოველებზე ალერგიის გარკვეული ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი და ცემინება, ძალიან გავს გაციებას. ზოგჯერ რთულია მიხვედრა, გაციებული ხართ თუ ალერგია გაქვთ. თუ სიმპტომები გახანგრძლივდა 1 კვირაზე მეტხანს, შესაძლოა ალერგია გქონდეთ.

თუ ნიშნები და სიმპტომები მძიმეა, როგორიცაა ცხვირის ღრუს ხანგრძლივი დახშობა, უძილობა, სტვენითი სუნთქვა– მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ სუნთქვის უკმარისობა ან სტვენითი ხმიანობა გართულდება ან სუნთქვა გიჭირთ დატვირთვის დროს.