ჰიპოფიზის სიმსივნეები

დაავადების აღწერა

ჰიპოფიზის სიმსივნეები წარმოადგენს წანაზარდებს, რომლებიც ჰიპოფიზის ჯირკვალში ვითარდება. ჰიპოფიზის ზოგიერთი სიმსივნე ასოცირებულია გარკვეული ჰორმონების ჭარბ წარმოქმნასთან. ეს ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვან პროცესებს ორგანიზმში. ჰიპოფიზის სხვა სიმსივნეები ჯირკვალს ჰორმონების წარმოქმნის საშუალებას არ აძლევს, რაც მათი ნაკლებობით ვლინდება.

ჰიპოფიზის სიმსივნეების უმეტესობა კეთილთვისებიანი ადენომაა. ადენომა ჯირკვალშია ლოკალიზებული და არ ვრცელდება გარშემო ქსოვილებში ან ორგანიზმის შორეულ ნაწილებში.

ჰიპოფიზის სიმსივნეების მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით. ესენია: სიმსივნის ამოკვეთა, მისი ზრდის კონტროლი ან ჰორმონული დონეების მენეჯმენტი მედიკამენტურად. ექიმმა შესაძლოა დაკვირვება გირჩიოთ.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოფიზის ჯირკვალში უჯრედების უკონტროლო ზრდის მიზეზი უცნობია. ჰიპოფიზის ჯირკვალი მცირე ზომის, ლობიოს ფორმის წარმონაქმნია, რომელიც თავის ტვინის ფუძესთან მდებარეობს, გარკვეულწილად ცხვირის ღრუს უკან და ყურებს შუა ნაწილში. მცირე ზომის მიუხედავად, ჯირკვალი აკონტროლებს ორგანიზმის თითქმის ყველა ნაწილს. აქ წარმოქმნილი ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა ზრდა, სისხლის წნევა და რეპროდუქცია.

ჰიპოფიზის სიმსივნეების მცირე ნაწილი ოჯახურია, თუმცა არ არის აღმოჩენილი მემკვიდრეობითი ფაქტორი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გენეტიკური ინფორმაცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჰიპოფიზის სიმსივნეების განვითარებაში.

სიმპტომები

ჰიპოფიზის სიმსივნეები ვლინდება ჰიპოფიზის მიერ ჭარბი ან არასაკმარისი ჰორმონების სინთეზით. ორივე მდგომარეობა იწვევს პრობლემებს ორგანიზმში. დიდი ზომის ჰიპოფიზის სიმსივნეები (1 სანტიმეტრი ან მეტი) ცნობილია, როგორც მაკროადენომა. მცირე ზომის სიმსივნეს კი მიკროადენომა ეწოდება. მაკროადენომა ახდენს ზეწოლას ჯირკვლის დანარჩენ ქსოვილზე და გარშემო მდებარე სტრუქტურებზე.

ზეწოლის გამო განვითარებული სიმპტომები

სიმსივნის მიერ ზეწოლით გამოწვეული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • მხედველობის დაქვეითება, პერიფერიული მხედველობის დაკარგვით
  • გულისრევა და ღებინება
  • ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა
  • სისუსტე
  • მენსტრუალური ციკლების გაიშვიათება ან შეწყვეტა
  • თმის დაკარგვა
  • სქესობრივი დისფუნქცია
  • ხშირი მოშარდვა
  • წონაში კლება ან მატება უმიზეზოდ



ჰორმონული ცვლილებები

ზოგიერთი ჰიპოფიზის სიმსივნე, იგივე ფუნქციონალური სიმსივნეები, იწვევს ჰორმონების ჭარბ გამოყოფას. არსებობს ასეთი რამდენიმე სიმსივნე. თითოეულს ახასიათებს სპეციფიკური ნიშნები და სიმპტომები და ზოგჯერ მათი კომბინაციაც.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნეები

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნეები ასტიმულირებენ თირკმელზედა ჯირკვალს, რომელიც წარმოქმნის ჰორმონ კორტიზოლს. შედეგად, კუშინგის სინდრომი ვითარდება კორტიზოლის სიჭარბის გამო. კუშინგის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • ცხიმის დაგროვება მუცლის არეში ან ზურგის ზედა ნაწილში
  • სახის მომრგვალება
  • ზურგის ზედა ნაწილში ამობურცულობა
  • არტერიული წნევის მომატება
  • სისხლში შაქრის მომატება
  • კუნთის სისუსტე
  • ჩალურჯება
  • სტრიები
  • კანის გათხელება
  • შფოთვა, გაღიზიანება, დეპრესია



ზრდის ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნეები

ამ ტიპის სიმსივნეები წარმოქმნიან დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონს. ჰორმონის სიჭარბე იწვევს აკრომეგალიას. ნიშნებია:

  • სახის ნაკვთების გაუხეშება
  • ხელების და ტერფების გადიდება
  • ჭარბი ოფლიანობა
  • სისხლში შაქრის მომატება
  • გულის პრობლემები
  • სახსრის ტკივილი
  • კბილების წყობის ცვლილება
  • თმიანობის მომატება
  • დაჩქარებული და ჭარბი ზრდა ბავშვებსა და მოზარდებში



პროლაქტინის წარმომქმნელი სიმსივნეები

პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნა ახასიათებს ჰიპოფიზის პროლაქტინომას. პროლაქტინი იწვევს სასქესო ჰორმონების დონის შემცირებას– ქალებში მცირდება ესტროგენი, კაცებში კი ტესტოსტერონი. ჭარბი პროლაქტინი სისხლში განსხვავებულად ვლინდება ქალებსა და კაცებში.

ქალებში, პროლაქტინომა იწვევს:

  • მენსტრუალური ციკლების არარეგულარობა
  • მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა
  • რძიანი გამონადენი ძუძუდან
  • კაცებში, პროლაქტინომა იწვევს ჰიპოგონადიზმს. ჰიპოგონადიზმის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:
  • ერექციული დისფუნქცია
  • უშვილობა
  • ლიბიდოს დაქვეითება



ფარისებრის მასტიმულირებელი ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნეები

როცა ჰიპოფიზის სიმსივნე წარმოქმნის დიდი რაოდენობით ფარისებრის მასტიმულირებელ ჰორმონს, ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჭარბ ჰორმონ თიროქსინს. ეს ჰიპერთიროიდიზმის იშვიათი გამომწვევი მიზეზია. ჰიპერთიროიდიზმი იწვევს ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას, რაც გამოიხატება:

  • წონის უეცარი კლება
  • აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა
  • ნერვიულობა ან გაღიზიანება
  • ხშირი დეფეკაცია
  • სიმხურვალე



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც ჰიპოფიზის სიმსივნეების სიმპტომებს გავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მეტი გამოკვლევებისათვის. ჰიპოფიზის სიმსივნე ხშირად კარგად იკურნება თუ ჰორმონების დონე ნორმამდე ჩამოვა და გაქრება ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები.

თუ ოჯახში არსებობს მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომის ისტორია, კითხეთ ექიმს რეგულარული შემოწმების შესახებ, სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკისათვის.