პნევმონიტი

დაავადების აღწერა

პნევმონიტი ზოგადი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ფილტვის ქსოვილის ანთებას. პნევმონია რეალურად პნევმონიტის ერთ–ერთი ტიპია, რადგან პნევმონიის გამომწვევი ინფექცია ანთებას იწვევს, თუმცა ექიმები პნევმონიტს უწოდებენ სხვა მიზეზებით გამოწვეულ ანთებას ფილტვის ქსოვილებში.

პნევმონიტის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა ჰაერში არსებული გამღიზიანებლები იყოს, მაგალითად სამსახურეობრივი მოვალეობის ან ჰობის აქტივობების დროს. ასევე, ზოგიერთი ტიპის კიბოს მკურნალობა და რამდენიმე მედიკამენტი იწვევს პნევმონიტს.

სუნთქვის გაძნელება, რომელსაც ხშირად ახლავს მშრალი, არაპროდუქციული ხველა, პნევმონიტის ყველაზე ხშირი სიმპტომია. საჭიროა სპეციფიკური გამოკვლევები დიაგნოზის დასასმელად. მკურნალობა მიმართულია გამღიზიანებლების თავიდან ასარიდებლად და ანთების შესამცირებლად.

გამომწვევი მიზეზი

პნევმონიტი ვითარდება, როცა გამღიზიანებელი ნივთიერება აღწევს მცირე ზომის ბუშტუკებს– ალვეოლებს ფილტვებში. ანთება ართულებს ჟანგბადის მიმოცვლას ალვეოლებსა და სისხლძარღვებს შორის.

მრავალი გამღიზიანებელი, მათ შორის ჰაერში არსებული ან ქიმიოთერაპიით გამოწვეული, დაკავშირებულია პნევმონიტთან. პაციენტების უმეტესობას ვერ უდგინდება კონკრეტული გამღიზიანებლის ტიპი. პნევმონიტის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტები. მრავალი მედიკამენტი იწვევს პნევმონიტს, მათ შორის ანტიბიოტიკები, ქიმიოთერაპიის წამლები, არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები. ასპირინის ჭარბი დოზირება ასევე ასოცირდება პნევმონიტთან.
  • სოკო და ბაქტერია. გარკვეული სოკო ან ბაქტერია შეიძლება გახდეს პნევმონიტის მიზეზი. ზოგიერთი სოკოვანი პნევმონიტი ცალკეულ სახელს ატარებს, როგორიცაა “ფერმერის ფილტვი”.
  • ფრინველები. ფრინველის ბუმბული ან განავალი პნევმონიტის ხშირი მიზეზია.
  • სხივური თერაპია. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს სხივური თერაპია გულმკერდზე (ძუძუს ან ფილტვის კიბოს გამო), ავლენს პნევმონიტს. პნევმონიტი ზოგჯერ მთელი სხეულის დასხივების შედეგია, რომელიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს გამოიყენება ხოლმე.

სიმპტომები

პნევმონიტის ყველაზე ხშირი სიმპტომი სუნთქვის გაძნელებაა, რომელსაც ზოგჯერ ახლავს მშრალი ხველაც. თუ პნევმონიტი ვერ შეამჩნიეს ან არ უმკურნალეთ, შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული პნევმონიტი და ასოცირებული ნაწიბურები– ფიბროზი ფილტვის ქსოვილში.

პნევმონიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის გაძნელება
  • ხველა
  • დაღლილობა
  • უმადობა
  • წონაში უმიზეზოდ დაკლება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის გამომწვევი მიზეზი.