ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი

დაავადების აღწერა

ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც მრავალ სიმპტომს მოიცავს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვ. სიმპტომები რამდენიმე კვირას ან თვეს გრძელდება, იმ ტრავმის შემდეგ, რომელმაც შერყევა გამოიწვია.

ტვინის შერყევა მსუბუქი დაზიანებაა, ძირითადად თავის დარტყმის შედეგად. ცნობიერების დაკარგვა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტვინის შერყევა ან მისი შემდგომი სინდრომი განვითარდეს. ფაქტობრივად, ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის რისკი არ ასოცირდება თავდაპირველი ტრავმის სიმძიმესთან.

უმრავლესად, ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის სიმპტომები პირველ 7–10 დღეში ვლინდება და 3 თვეში გაივლის, თუმცა სიმპტომები შეიძლება 1 წლითაც გახანგრძლივდეს.

ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის მკურნალობა სიმპტომატურია.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი გამოწვეულია ტვინის სტრუქტურული დაზიანებით ან ნეიროტრანსმიტერების კონცენტრაციის ცვლილებით, რომელსაც თავისმხრივ ტვინის შერყევა იწვევს.

სხვები ამბობენ, რომ ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი უკავშირდება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, განსაკუთრებით ხშირი სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძალიან გავს დეპრესიით, შფოთვით ან პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობით დიაგნოსტირებული პაციენტების სიმპტომებს.

ხშირად, ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი დამოკიდებულია როგორც ტრავმაზე, ასევე ემოციურ რეაქციებზე.

მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ადგენენ, რატომ აქვს ტვინის შერყევის შემდგომ ზოგიერთ ადამიანს ეს სინდრომი და ზოგს არა. არ არსებობს დამტკიცებული ურთიერთკავშირი ტრავმის სიმძიმესა და ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის განვითარების რისკს შორის.

სიმპტომები

სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • დაღლილობა
  • გაღიზიანება
  • შფოთვა
  • უძილობა
  • კონცენტრაციის ან მეხსიერების დაქვეითება
  • მგრძნობელობა ხმასა და სინათლეზე



თავის ტკივილი, რომელიც ტვინის შერყევის დროს ვითარდება განსხვავებული სიმძიმის შეიძლება იყოს. ტკივილი დაძაბვის ან შაკიკის ტკივილსაც გავს. უმეტესად, ტკივილი დაძაბვის მსგავსია და ხშირად გამოწვეულია თავთან ერთად კისრის დაზიანებითაც.

უმეტეს შემთხვევებში, პაციენტებს ქცევითი ან ემოციური ცვლიბებები აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანების შემდეგ. ოჯახის წევრებმა შესაძლოა შენიშნონ, რომ პაციენტი უფრო ადვილად ღიზიანდება, ადვილად შედის კონფლიქტში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ თავის ტრავმა და განვითარდა დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან ცნობიერების დაკარგვა.

თუ ტვინის შერყევა სპორტული აქტივობის დროს განვითარდა, არ დაუბრუნდეთ თამაშს. მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, რათა დაზიანება არ გაუარესდეს.