უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება
დაავადების აღწერა
უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება. უკანა და წინა ჯვარედინი იოგები მუხლის სახსრის მთლიანობას უზრუნველყოფენ. თუ რომელიმე იოგი გაიხა, ვითარდება ტკივილი, შესიება და არასტაბილურობის შეგრძნება მუხლის სახსარში.
იოგი ძლიერი, მყარი ქსოვილია, რომელიც ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჯვარედინი იოგი აერთებს ბარძაყის ძვალს წვივის დიდ ძვალთან. წინა და უკანა ჯვარედინი იოგები ქმნიან ასო X ის მაგვარ სტრუქტურას, მუხლის ცენტრში.
უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება ნაკლებ ტკივილს, არასტაბილურობას იწვევს, ვიდრე წინა იოგის დაზიანება, თუმცა სიმპტომები რამდენიმე კვირას ან თვეს მაინც გასტანს.
გამომწვევი მიზეზი
მუხლის უკანა ჯვარედინი იოგი იხევა, თუ წვივის დიდი ძვალი ძლიერად დაზიანდება ან წაიქცევით მოხრილი მუხლით. ეს დაზიანებები ხშირია:
- ავტოავარიებში. მანქანის წინა ნაწილთან დაკავშირებული დაზიანება ვითარდება, როცა მძღოლის ან მგზავრის მოხრილი მუხლი დაეჯახება მანქანის შიგნითა ნაწილებს, რაც იწვევს წვივის დიდი ძვლის დარტყმას მუხლს ქვემოთ და უკანა ჯვარედინი იოგის გახევას.
- კონტაქტური სპორტი. ათლეტები, რომლებიც თამაშობენ ფეხბურთს ან რაგბს, არიან უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანების მაღალი რისკი ქვეშ, როცა ისინი მოხრილი მუხლით ეცემიან. ამ დროს წვივის დიდი ძვალი პირველი ეჯახება მიწას და ბრუნდება. ფეხბურთში, სხვა მოთამაშის მიერ წვივის დიდ ძვალზე ზეწოლა ასევე შეიძლება გახდეს უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანების მიზეზი.
სიმპტომები
უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება ამ სიმპტომებით ვლინდება:
- ტკივილი. მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილი იწვევს მცირე კოჭლობას ან სიარულის გართულებას.
- შესიება. მუხლის შესიება სწრაფად ვითარდება, დაზიანებიდან რამდენიმე საათში.
- არასტაბილურობის შეგრძნება. მუხლის სახსარი თითქოს გამაგრებული არ არის.
ნიშნები და სიმპტომები ზოგჯერ იმდენად მსუბუქია, რომ პაციენტი ვერც ამჩნევს რაიმე პათოლოგიას. დროთა განმავლობაში, ტკივილი უარესდება და მუხლის სახსარი უფრო არასტაბილური ხდება. თუ მუხლის სხვა ნაწილებიც დაზიანდა, ნიშნები და სიმპტომები კიდევ უფრო მძიმეა.