უკანა პროლაფსი (რექტოცელე)

დაავადების აღწერა

უკანა პროლაფსი (რექტოცელე) ვითარდება, როცა სწორი ნაწლავის (რექტუმი) და ვაგინალური ღრუს გამყოფი ფიბროზული ქსოვილი (ფასცია) დასუსტებულია. უკანა პროლაფსს რექტოცელე ეწოდება, იმიტომ, რომ ტიპიურად, თუმცა არა ყოველთვის, ვაგინალურ ღრუს კედელზე სწორი ნაწლავის, ანუ რექტუმის წინა კედელი ჩადის.

მშობიარობა და სხვა პროცესები, რომლებიც ფასციაზე მომატებულ დატვირთვას იწვევენ, ასოცირებულია უკანა პროლაფსთან. მცირე ზომის უკანა პროლაფსი (რექტოცელე) არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. თუ პროლაფსი დიდი ზომისაა, შეამჩნევთ ქსოვილს ვაგინალურ ხვრელში. ქსოვილის გამოსვლა მტკივნეული იშვიათადაა.

ზოგჯერ, არაქირურგიული გზითაც შესაძლებელია უკანა პროლაფსის (რექტოცელე) მკურნალობა. მძიმე შემთხვევებში, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

გამომწვევი მიზეზი

უკანა პროლაფსის გამომწვევი მიზეზებია:

ხერხემლის სწორი დგომა

ხერხემლის გასწორებული დგომა ავითარებს მეტ დატვირთვას მენჯის ღრუზე, რაც ქალებში უკანა პროლაფსის მთავარი მიზეზია.

მენჯის ღრუს შიდა წნევის გაზრდა

მენჯის ღრუს შიდა წნევის მომატება და უკანა პროლაფსი დაკავშირებულია სხვა მდგომარეობებთან ან აქტივობებთან:

  • ქრონიკული ყაბზობა, ძლიერი ჭინთვები დეფეკაციის დროს
  • ქრონიკული ხველა ან ბრონქიტი
  • მძიმე საგნების ხშირი აწევა
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე



ორსულობა და მშობიარობა

ორსულობა და მშობიარობა დაკავშირებულია უკანა პროლაფსის გაზრდილ რისკთან. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ვაგინის გარშემო მდებარე კუნთები, იოგები და ფასცია იჭიმება და სუსტდება ორსულობის დროს, ასევე მშობიარობისას. შედეგად, რაც უფრო ხშირად იმშობიარებს ქალი, მით მაღალია უკანა პროლაფსის განვითარების რისკი.

ყველა მშობიარეს არ უჩნდება უკანა პროლაფსი. ზოგიერთ ქალს აქვს ძალიან ძლიერი კუნთები, იოგები და ფასცია მენჯის ღრუში და ამიტომ არ აწუხებს ეს პრობლემა. საკეისრო განაკვეთით მშობიარობის შემთხვევაში უკანა პროლაფსის რისკი ნაკლებია. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკანა პროლაფსი ისეთ ქალებშიც ფიქსირდება, ვისაც არასდროს უმშობიარია.

სიმპტომები

მცირე ზომის უკანა პროლაფსი (რექტოცელე) არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. თუ პროლაფსი დიდი ზომისაა, შეამჩნევთ:

  • რბილი ქსოვილის გამოსვლა ვაგინაში, რომელიც შესაძლოა ბოლომდე არც ტოვებდეს ვაგინალურ ხვრელს
  • დეფეკაციის გაძნელება, რადგან ვაგინაში გამოსულ ნაწილში განავალი რჩება და საჭიროა მექანიკურად მასზე ზეწოლის განხორციელება
  • სწორ ნაწლავში სისავსის ან ზეწოლის შეგრძნება
  • დეფეკაციის შემდეგ, სწორი ნაწლავის დაცლის შეგრძნების დაქვეითება
  • სქესობრივი პრობლემები, როგორიცაა ვაგინალური ქსოვილის ტონუსის დაკარგვა ან ემოციური განწყობილების შეცვლა



მრავალ ქალს, უკანა პროლაფსის პარარელურად, აღენიშნება მენჯის ღრუს სხვა ორგანოების პროლაფსიც, როგორიცაა შარდის ბუშტი, საშვილოსნო ან ნაწლავი.

როდის მივმართოთ ექიმს

როცა უკანა პროლაფსი მცირე ზომისაა, ჩარევა საჭირო არ არის. უკანა პროლაფსი ხშირია, იმ ქალებშიც კი, რომლებსაც არ უმშობიარიათ. ზოგჯერ, პაციენტმა არც იცის, რომ უკანა პროლაფსი აქვს.
საშუალო ან მძიმე შემთხვევებში, პროლაფსი ქმნის დისკომფორტსა და პრობლემებს. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ ქსოვილოვანი მასა ვაგინაში, რომელიც გაჭინთვისას ვაგინალური ხვრელიდან გარეთ გამოდის
  • გაწუხებთ ყაბზობა, რომელიც არ ექვემდებარება განავლის შემარბილებელი მედიკამენტებით მკურნალობას