მშობიარობის შემდგომი დეპრესია

დაავადების აღწერა

ბავშვის დაბადება იწვევს ძლიერ და განსხვავებულ ემოციებს, როგორიცაა სიხარული, აღგზნება, შიში ან შფოთვა. ზოგჯერ, მშობიარობის შემდეგ, ქალს დეპრესია უვითარდება.

ე.წ “baby blues”, ანუ მსუბუქი დეპრესიის მაგვარი სიმპტომები, ხშირად გვხვდება ახალ დედებში. სიმპტომები უკავშირდება განწყობის ცვალებადობას, შესაძლოა ტირილის სურვილს, რომელიც მალე ქრება. თუმცა, ზოგიერთ ახალბედა დედას ემართება უფრო მძიმე, მშობიარობის შემდგომი დეპრესია. იშვიათად გვხვდება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მძიმე ფორმა– მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს რიამე ნაკლი ან სისუსტე აქვს. ზოგჯერ, მდგომარეობა მშობიარობის გართულებაა. თუ გაქვთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, დროული მკურნალობით სიმპტომები გაქრება და შეგეძლებათ თქვენს შვილთან ნორმალური ურთიერთობა.

გამომწვევი მიზეზი

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ერთი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. ფიზიკური, ემოციური და ცხოვრებისეული ფაქტორები თამაშობს გარკვეულ როლს.

ფიზიკური ცვლილებები. მშობიარობის შემდეგ, ვითარდება ჰორმონების დონეების დრამატული ვარდნა (ესტროგენი და პროგესტერონი) ორგანიზმში, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონიც შესაძლოა შემცირდეს რაოდენობით, რაც იწვევს დაღლილობას და დეპრესიას. ორგანიზმის მოცულობის, სისხლის წნევის, იმუნური სისტემის ან მეტაბოლიზმის ცვლილებები იწვევს განწყობის ცვალებადობასაც.

ემოციური ფაქტორები. როცა უძილობა და დაღლილობა გაქვთ, მცირე პრობლემებზეც კი დისკომფორტი გექმნებათ. შესაძლოა იგრძნოთ შფოთვაც ბავშვის მოვლის გამო. ზოგჯერ, ქალი ფიქრობს, რომ ნაკლებად მიმზიდველია ან რომ მან იდენტურობის შეგრძნება დაკარგა, ცხოვრების კონტროლი თავად აღარ შეუძლია. ნებისმიერი ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ერთ–ერთი მიზეზი.

ცხოვრებისეული ზეგავლენა. მრავალი ცხოვრებისეული ფაქტორი იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, მათ შორის ბავშვის მოვლის სირთულეები, გართულებული ძუძუთი კვება, ფინანსური პრობლემები, პარტნიორის ან სხვების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერა.

სიმპტომები

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება დეპრესიის ტიპითა და სიმძიმით:

baby blues სიმპტომები, ანუ მსუბუქი დეპრესიის მაგვარი მდგომარეობა

ამ მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე დღეს ან კვირას გასტანს. ესენია:

  • განწყობის ცვალებადობა
  • შფოთვა
  • სევდიანობა
  • გაღიზიანება
  • ტირილი
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • უძილობა



მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა ჯერ მსუბუქი ფორმით დაიწყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სიმპტომები უარესდება და ხანგრძლივდება. მდგომარეობის გამო მშობელს უჭირს ბავშვის მოვლა და სხვა ყოველდღიური აქტივობების შესრულება. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ძირითადად ამ სიმპტომებით ვლინდება:

  • უმადობა
  • უძილობა
  • ძლიერი გაღიზიანება, ბრაზი
  • გადაღლილობა
  • სექსის ნაკლები სურვილი
  • სევდიანობა
  • სირცხვილის, დანაშაულის არაადეკვატური შეგრძნება
  • განწყობის ხშირი ცვალებადობა
  • ბავშვთან ნორმალური კავშირის დამყარების არარსებობა
  • გარიყვა ოჯახისგან და მეგობრებისგან
  • საკუთარი თავის ან ბავშვის დაშავებაზე ფიქრები



მკურნალობის გარეშე, მშობიარობის შემდგომი დეპრესია გრძელდება თვეებს ან მეტს.

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც მშობიარობიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ვლინდება ხოლმე. ნიშნები და სიმპტომები კიდევ უფრო მძიმედ გამოიხატება. ესენია:

  • დაბნეულობა, დეზორიენტაცია
  • ჰალუცინაციები, არასწორი მსჯელობა
  • პარანოია
  • თვითმკვლელობის ან ბავშვის დაშავების მცდელობა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, შესაძლოა გრცხვენოდეთ ან გერიდებოდეთ ამის აღიარება, მაგრამ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. აუხსენით მას, რა ნიშნები და სიმპტომები გაქვთ განსაკუთრებით, თუ:

  • სიმპტომები არ ქრება 2 კვირის შემდეგ
  • სიმპტომები უარესდება
  • გიჭირთ ბავშვის მოვლა
  • გიჭირთ ყოველდღიური აქტივობების შესრულება
  • ფიქრობთ თვითმკვლელობაზე ან ბავშვის დაშავებაზე



თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება განვითარდეს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, მოითხოვეთ სამედიცინო დამხარება დაუყოვნებლივ. არ დაიცადოთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ფსიქოზი იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ ფიქრებსა და ქცევას.