მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი

დაავადების აღწერა

მშობიარობის შემდგომი თიროიდიტის დროს მანამდე ნორმალურად მოფუნქციონირე ფარისებრი ჯირკვალი ანთებით მდგომარეობაშია. ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა, რომელიც კისრის ქვედა ნაწილში მდებარეობს. მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი მის ანთებას ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში იწვევს.

მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი ხშირად რამდენიმე კვირას ან თვეს გასტანს. თუმცა, მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი რთული სადიაგნოსტიკოა, რადგან სიმპტომები ხშირად ემთხვევა ახალშობილთან დაკავშირებულ სტრესს ან მშობიარობის შემდგომ დეპრესიას.

მშობიარობის შემდგომი თიროიდიტის მქონე პაციენტებში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალური ხდება 12–18 თვეში, სიმპტომების დაწყებიდან. თუმცა, ზოგიერთ ქალში, მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი გართულებების მიზეზიც ხდება.

გამომწვევი მიზეზი

მშობიარობის შემდგომი თიროიდიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის მიუხედავად, პაციენტებს, რომელთაც მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი ემართებათ, ხშირად აღენიშნებათ ფარისებრის საწინააღმდეგო ანტისხეულები ორსულობის დასაწყისში და შემდეგ. შედეგად, სავარაუდოა, რომ ამ ქალებს აქვთ ფარისებრი ჯირკვლის მიმართ აუტოიმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს გამოვლინებას მშობიარობის შემდეგ. ეს მდგომარეობა, მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი, ძალიან წააგავს ჰაშიმოტოს დაავადებას, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის ნორმალურ ფარისებრ ჯირკვალს.

სიმპტომები

მშობიარობის შემდგომი თიროიდიტის დროს, პაციენტი გადის ორ ფაზას. ანთება და ფარისებრი ჰორმონის ჭარბი გამოთავისუფლება თავიდან მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, რომლებიც წააგავს ჰიპერაქტიური თიროიდის (ჰიპერთიროიდიზმი) სიმპტომებს, მათ შორის:

  • შფოთვა
  • გაღიზიანება
  • გულისცემის აჩქარება ან ფრიალი
  • წონის აუხსნელი კლება
  • სიცხის ნაკლები ატანა
  • დაღლილობა
  • ტრემორი
  • უძილობა



ეს ნიშნები და სიმპტომები მშობიარობიდან 1–4 თვეში ჩნდება და დაახლოებით 1–3 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

მოგვიანებით, როცა ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები ზიანდება, ვითარდება ნაკლებ აქტიური თიროიდის სიმპტომები (ჰიპოთიროიდიზმი), მაგალითად:

  • ენერგიის ნაკლებობა
  • სიცივის ნაკლები ატანა
  • ყაბზობა
  • კანის სიმშრალე
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • ტკივილები



ეს ნიშნები და სიმპტომები მშობიარობიდან 4–8 თვეში ჩნდება და დაახლოებით 9–12 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ პაციენტს მშობიარობის შემდგომი თიროიდიტის გამო მხოლოდ ჰიპო ან ჰიპერთიროიდიზმის სიმპტომები აქვს და არა ორივესი, ორ ფაზად.