პრეეკლამფსია

დაავადების აღწერა

პრეეკლამფსია ორსულობის გართულებაა, რომელიც ხასიათდება მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით, რომელიც ხშირად თირკმელებს მოიცავს. პრეეკლამფსია ძირითადად ორსულობის მე–20 კვირის შემდეგ იწყება, მანამდე წნევა ნორმალურია. არტერიული წნევის მცირედ მატებაც კი შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის ნიშანი.

მკურნალობის გარეშე, პრეეკლამფსია შესაძლოა გართულდეს და ფატალურადაც კი დასრულდეს. პრეეკლამფსია გართულებებს როგორც დედის, ასევე ბავშვის ორგანიზმში იწვევს. ასეთ მდგომარეობაში მკურნალობის ერთადერთი გზა მშობიარობაა.

თუ გაქვთ პრეეკლამფსია ორსულობის ნაადრევ ფაზებში, არსებობს გარკვეული რისკები. ნაყოფს ჭირდება მეტი დრო, რათა უკეთ განვითარდეს, მაგრამ საჭიროა მშობიარობა, რადგან შესაძლოა მდგომარეობა გართულდეს და თქვენ და თქვენს ბავშვს პრობლემები შეგექმნათ.

გამომწვევი მიზეზი

პრეეკლამფსიის ზუსტი მიზეზი უცნობია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პროცესი იწყება პლაცენტაში. პლაცენტა ორგანოა, რომელიც ნაყოფსა და დედას შორის ნივთიერებების მიმოცვლა უზრუნველყოფს ორსულობის პერიოდში. ადრეულ ფაზებში, ახალი სისხლძარღვები წარმოიქმნება პლაცენტაში, რათა სისხლი ნაყოფთან ახლოს შევიდეს. პრეეკლამფსიის დროს, სისხლძარღვები ნორმალურად არ ვითარდება, უფრო ვიწროა და სხვაგვარად პასუხობს ჰორმონულ სიგნალებზე, რაც ამცირებს მათში გამავალი სისხლის ოდენობას.

მიზეზები შეიძლება იყოს:

  • არასაკმარისი სისხლის დინება საშვილოსნოში
  • სისხლძარღვების დაზიანება
  • იმუნური სისტემის პრობლემა
  • გარკვეული გენები



მაღალი არტერიული წნევის სხვა მიზეზები ორსულობის დროს

პრეეკლამფსია იმ ოთხი დაავადებიდან ერთ–ერთია, რომლებიც იწვევენ მაღალ არტერიულ წნევას ორსულებში. სხვა დაავადებებია:

  • გესტაციური (ჩასახვის) ჰიპერტენზია. ამ მდგომარეობაში, ორსულ ქალებს აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, თუმცა პროტეინურიის და ორგანოების დაზიანების სხვა სიმპტომების გარეშე. ზოგიერთ ქალს შემდეგ პრეეკლამფსია უვითარდება.
  • ქრონიკული ჰიპერტენზია. ქრონიკული ჰიპერტენზია გულისხმობს სისხლის მაღალ წნევას, რომელიც ორსულობამდეც აღინიშნა ან დაფიქსირდა ორსულობის მე–20 კვირამდე. რადგან სიმპტომები ხშირად არ ვლინდება, რთულია დადგენა, როდის დაიწყო ჰიპერტენზია.
  • ქრონიკული ჰიპერტენზია თანდართული პრეეკლამფსიით. ეს მდგომარეობა ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც ორსულობამდე ჰქონდათ ქრონიკული ჰიპერტენზია და შემდეგ გაუარესდა როგორც წნევის პარამეტრი, ასევე პროტეინურია და ორგანოების დაზიანებები.

სიმპტომები

პრეეკლამფსია ზოგჯერ სიმპტომების გარეშე ვითარდება. მაღალი არტერიული წნევა შესაძლოა თანდათან განვითარდეს, მაგრამ ძირითადად სწრაფად ვითარდება. სისხლის წნევის მონიტორინგი მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი წნევის მცირედ მატებაა. თუ არტერიული წნევა არის 140/90 ან მეტი, გაიზომა ორ სხვადასხვა დროს და მინიმუმ 4 საათის ინტერვალებით, მაშინ წნევა არ არის ნორმალური.

პრეეკლამფსიის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • შარდში ჭარბი ცილა–პროტეინურია, თირკმლის პრობლემები
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • მხედველობის ცვლილებები: დროებითი დაქვეითება, დაბინდვა, მგრძნობელობა სინათლეზე
  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ძირითადად ნეკნების ქვეშ, მარჯვნივ
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • შარდის შემცირებული გამოყოფა
  • თრომბოციტების დონის შემცირება– თრომბოციტოპენია
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
  • სუნთქვის უკმარისობა, გამოწვეულია სითხის დაგროვებით ფილტვებში
  • წონის უეცარი მატება და შეშუპება– ედემა, განსაკუთრებით სახეზე და ხელებზე, ხშირად ახლავს თან პრეეკლამფსიას. ეს სიმპტომები შესაძლოა ნორმალურ ორსულობაშიც აღინიშნოს, ამიტომ პრეეკლამფსიის დიაგნოზი მხოლოდ ასე არ ისმება.



როდის მივმართოთ ექიმს

არ გამოტოვოთ ორსულობის დროინდელი რეგულარული ვიზიტები თქვენს ექიმთან, რათა დააკვირდნენ არტერიულ წნევას. დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები, მუცლის ძლიერი ტკივილი ან სუნთქვის უკმარისობა.

რადგან თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა ტკივილები ხშირად გვხვდება ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის დროს, რთულია განსაზღვრა, როდისაა ეს სიმპტომები უფრო სერიოზული მდგომარეობის მიმანიშნებელი, როგორიც პრეეკლამფსიაა. ეს განსაკუთრებით რთულია პირველი ორსულობისას. თუ გაწუხებთ რომელიმე სიმპტომი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.