ნაადრევი ეაკულაცია
დაავადების აღწერა
ნაადრევი ეაკულაცია ვითარდება, როცა მამაკაცში ეაკულაცია იწყება უფრო ადრე, ვიდრე მას ან მის პარტნიორს ეს სურს. ნაადრევი ეაკულაცია ხშირი ჩივილია. დაახლოებით 3–დან 1 მამაკაცი უჩივის ამ სიმპტომს ცხოვრების განმავლობაში. თუ ნაადრევი ეაკულაცია ხშირი არ არის, მდგომარეობა პრობლემას ძირითადად არ წარმოადგენს.
თუმცა, ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოზი ისმება, როცა:
- ეაკულაცია თითქმის ყოველთვის იწყება პენეტრაციიდან 1 წუთში
- ეაკულაციის შეჩერება მამაკაცს არ შეუძლია
- მამაკაცი განიცდის დისტრესს ან ბრაზს, შედეგად უარს ამბობს სექსზე
მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ბიოლოგიური ფაქტორები. ზოგიერთ მამაკაცს ცხვენია ამ პრობლემაზე საუბრის, მაგრამ ნაადრევი ეაკულაცია ხშირი და განკურნებადი მდგომარეობაა. მედიკამენტები, კონსულტაციები და გარკვეული ტექნიკები დაგეხმარებათ ნაადრევი ეაკულაციის პრობლემის გადაჭრაში.
გამომწვევი მიზეზი
ნაადრევი ეაკულაციის ზუსტი მიზეზი უცნობია. ადრე მიიჩნევდნენ, რომ მდგომარეობა მხოლოდ ფსიქოლოგიური იყო, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ ნაადრევი ეაკულაცია მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ბიოლოგიურ ფაქტორებს.
ფსიქოლოგიური მიზეზები
ზოგიერთი ექიმი ფიქრობს, რომ ნაადრევი ეაკულაცია გამოწვეულია ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე სქესობრივი აქტივობის გარკვეული დარღვევებით, როგორიცაა:
- სიტუაციები, როცა მამაკაცი ცდილობს, მალე მიაღწიოს ეაკულაციას, რათა არ შეექმნას პრობლემა სხვებთან (ადრეულ ასაკში)
- დანაშაულის შეგრძნება, რომლის გამოც მამაკაცი ცდილობს მალე დაასრულოს სქესობრივი აქტი
სხვა ფაქტორებია:
- ერექციული დისფუნქცია. მამაკაცები, რომლებიც შფოთავენ ერექციის მიღწევის გამო, შესაძლოა ცდილობდნენ სქესობრივი აქტის დასრულების დაჩქარებას. ამ ტენდენციის შეცვლა შესაძლოა მოგვიანებით გართულდეს.
- შფოთვა. ნაადრევი ეაკულაციის მქონე მრავალ მამაკაცს აწუხებს შფოთვა, რომელსაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
- ურთიერთობის პრობლემები. თუ მამაკაცს ჰქონია სქესობრივი კავშირი სხვა პარტნიორთან და არ აღენიშნებოდა ნაადრევი ეაკულაცია, შესაძლოა ამ პარტნიორთან არსებობდეს გარკვეული პრობლემები ურთიერთობაში.
ბიოლოგიური მიზეზები
მაგალითებია:
- ჰორმონების პათოლოგიური დონეები
- ნეიროტრანსმიტერების პათოლოგიური დონეები
- ეაკულაციის სისტემის არასწორი რეფლექსები
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
- წინამდებარე ჯირკვლის ან შარდსადინრის ანთება
- მემკვიდრეობითობა
- ნერვების დაზიანება ქირურგიული ჩარევის ან ტრავმის შემდეგ (იშვიათად)
სიმპტომები
ნაადრევი ეაკულაციის მთავარი სიმპტომი ეაკულაციის შეჩერების უუნარობაა, პენეტრაციიდან 1 წუთის განმავლობაში. თუმცა, პრობლემა შესაძლოა სხვა სიტუაციებშიც გამოვლინდეს, მაგალითად მასტურბაციის დროს.
ნაადრევი ეაკულაცია შესაძლოა იყოს პირველადი, აწუხებდეს მამაკაცს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ან მეორეული– შეძენილი. პირველადი ნაადრევი ეაკულაცია პირველი სქესობრივი აქტიდან იწყება და თითქმის ყოველ ჯერზე აწუხებს პაციენტს. შეძენილი ნაადრევი ეაკულაცია მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, მაგრამ არ იწყება ადრევე და ნორმალური სქესობრივი ცხოვრების შემდეგ, გარკვეულ ეტაპზე ვლინდება.
ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ აქვს ნაადრევი ეაკულაცია, მაგრამ მათი სიმპტომები ვერ კლასიფიცირდება ამ სიმპტომის სადიაგნოსტიკოდ. მათ შეიძლება ჰქონდეთ ბუნებრივი ვარიაცია ეაკულაციის პროცესში, რომელიც ხასიათდება ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ნორმალური ეაკულაციით, ხოლო ზოგჯერ– ნაადრევი ეაკულაციით.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ნაადრევი ეაკულაციის სიმპტომებს. ხშირად, მამაკაცებს ცხვენიათ ამ პრობლემაზე საუბრის, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ნაადრევი ეაკულაცია ხშირი პრობლემაა და მისი მკურნალობა შესაძლებელია.
ზოგიერთ მამაკაცს, მხოლოდ კონსულტაციის შედეგადაც გამოუსწორდება მდგომარეობა. მაგალითად, მამაკაცს ამშვიდებს იმის გაგება, რომ ზოგჯერ ნაადრევი ეაკულაცია ნორმალურია და საშუალო დრო, სქესობრივი აქტის დაწყებიდან ეაკულაციამდე 5 წუთია.