რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება
დაავადების აღწერა
რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტს. ეს შეიძლება იყოს: ნაცნობის მედიკამენტის მიღება საკუთარი მიზნებისთვის, პრეპარატის შეყნოსვა ან ინექციები დადებითი შეგრძნებების მისაღწევად. რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება შესაძლოა იყოს ხანგრძლივი, კომპულსიური, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა.
რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება ხშირი პრობლემაა და ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფს შეიძლება შეეხოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებლები, სედატივები, ფსიქოტროპული წამლები.
ადრეული გამოვლენა და ჩარევა შესაძლოა დაგვეხმაროს პრეპარატზე დამოკიდებულების განვითარების პრევენციაში.
გამომწვევი მიზეზი
რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება მოზარდებსა და მოზრდილებში რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ესენია:
- კარგი შეგრძნებების მიღწევის სურვილი
- დასვენების, დაძაბვის მოხსნის სურვილი
- მადის შემცირების სურვილი, გამოფხიზლება
- ნივთიერების მენტალური ეფექტებით ექსპერიმენტირება
- ნარკოდამოკიდებულება
- სოციალური სიტუაცია, თანატოლთა ზეგავლენა
- კონცენტრაციის გაძლიერების სურვილი, აკადემიური ან სამსახურეობრივი მიზნით
სიმპტომები
რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენების ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია პრეპარატის ტიპზე. ყველაზე ხშირად გამოიყენება:
- ოპიოიდები, როგორიცაა ოქსიკოდონი, ჰიდროკოდონი – ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები
- შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები და სედატივები, როგორიცაა ალპრაზოლამი, დიაზეპამი, ზოლპიდემი. ეს პრეპარატები გამოიყენება შფოთვითი აშლილობებისა და ძილის დარღვევების სამკურნალოდ
- სტიმულანტები, როგორიცაა მეთილფენიდატი, გამოიყენება ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომისა და ძილის დარღვევების სამკურნალოდ
ოპიოიდები
- ყაბზობა ან ფაღარათი
- დეპრესია
- არტერიული წნევის შემცირება
- სუნთქვის სიხშირის შემცირება
- დაბნეულობა
- ოფლიანობა
- კოორდინაციის დარღვევა
სედატივები და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
- მოთენთილობა
- დაბნეულობა
- სიარულის არამყარი მანერა
- განსჯის უნარის დაქვეითება
- თვალის უნებლიე მოძრაობები
- თავბრუსხვევა
სტიმულანტები
- წონაში დაკლება
- აჟიტირება
- გაღიზიანება
- უძილობა
- წნევის მომატება
- არერეგულარული გულისცემა
- მოუსვენრობა
- იმპულსური ქცევა
სხვა ნიშნებია:
- მედიკამენტის მოპარვა, რეცეპტების ყიდვა
- გამოწერილზე მეტი დოზის მიღება
- განწყობის ცვლილებები
- ძილის მომატება ან ნაკლებობა
- გადაწყვეტილებების მიღების უუნარობა
- ეიფორია (“კაიფი”), ენერგიულობა ან სედაციური ეფექტი
- რეცეპტების ხშირი “დაკარგვა” მეტი რეცეპტის მისაღებად
- რამდენიმე ექიმისგან რეცეპტის მიღება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ პრობლემა რეცეპტით გაცემული მედიკამენტის შესახებ. შესაძლოა შეგრცხვეთ ამის შესახებ საუბარი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ სამედიცინო პერსონალი თქვენს დახმარებას ცდილობს და არ განგსჯით. აუცილებელია პრობლემის დროული გამოვლენა. რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება უფრო ადვილი სამკურნალოა ადრეულად, სანამ დამოკიდებულება არ განვითარდება.