ფსორიაზული ართრიტი

დაავადების აღწერა

ფსორიაზული ართრიტი ართრიტის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებში გვხვდება. ფსორიაზი კანის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს წითელი ლაქები, მოვერცხლისფრო ქერქით. პაციენტების უმრავლესობას ჯერ ფსორიაზი უვითარდება და შემდეგ ვლინდება ართრიტი. ზოგჯერ, სახსრების პრობლემები კანის დაზიანებაზე ადრე ჩნდება.

სახსრების ტკივილი, გაშეშება და შესიება ფსორიაზული ართრიტის მთავარი სიმპტომებია. ართრიტი ნებისმიერ ადგილზე ჩნდება, მათ შორის თითებსა და ხერხემალზეც და სიმძიმე შედარებით მსუბუქიდან მძიმე მდგომარეობამდე ვარირებს. ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის დროს, დაავადება ციკლურია და ხასიათდება რემისიული პერიოდებით.

ფსორიაზული ართრიტის განკურნების მეთოდი არ არსებობს. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების საკონტოლოდ და სახსრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის გარეშე, ფსორიაზული ართრიტი იწვევს მძიმე შეზღუდვებს.

გამომწვევი მიზეზი

ფსორიაზული ართრიტი ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარ ჯანსაღ უჯრედებსა და ქსოვილებს. არასწორი იმუნური პასუხი იწვევს ანთებას სახსრებში და კანის უჯრედების სწრაფ გამრავლებას.

სრულად არ არის ცნობილი, რატომ ყალიბდება არასწორი იმუნური პასუხი ჯანსაღი ქსოვილის წინააღმდეგ, მაგრამ სავარაუდოა როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორების როლი. ფსორიაზული ართრიტით დაავადებული მრავალი ადამიანი აღნიშნავს ოჯახში დაავადების არსებობას. მეცნიერებმა დაადგინეს რამდენიმე გენური მარკერიც.

ფიზიკური ტრავმა ან სხვა გარემო ფაქტორი, როგორიცაა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, შესაძლოა გახდეს ფსორიაზული ართრიტის მაპროვოცირებელი იმ ადამიანებში, ვინც გენეტიკურად მიდრეკილია ამ დაავადებისკენ.

სიმპტომები

როგორც ფსორიაზი, ფსორიაზული ართრიტიც ქრონიკული დაავადებაა და დროთა განმავლობაში მძიმდება, თუმცა არსებობს სიმპტომებისაგან თავისუფალი პერიოდებიც. დაავადებას ციკლურობა ახასიათებს.

ფსორიაზული ართრიტი აზიანებს სახსრების სხეულის ცალ ან ორივე მხარეს. ნიშნები და სიმპტომები წააგავს სხვა ტიპის ართრიტს. ართრიტის დროს, სახსრები მტკივნეული, შესიებული და შეხებისას თბილია.

მსგავსების მიუხედავად, ფსორიაზული ართრიტი დამატებით იწვევს:

  • ხელისა და ფეხის თითების შესიებას. ფსორიაზული ართრიტი შეიძლება იწვევდეს მტკივნეულ, სოსისის მაგვარ შესიებას თითებში. ასევე შესაძლებელია ხელის ან ფეხის შესიება მანამ, სანამ სახსრების სიმპტომებიც განვითარდება.
  • ფეხის ტკივილი. ფსორიაზული ართრიტი იწვევს ტკივილს მყესისა და იოგების ძვლებთან მიმაგრების ადგილებში, განსაკუთრებით აქილევსის მყესთან ან ფეხის გულზე– პლანტარული ფასციიტი.
  • წელის ტკივილი. ზოგიერთ პაციენტში ვითარდება სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტის გართულება. სპონდილიტი იწვევს ანთებას სახსრებში, ხერხემლის მალებს შორის და ხერხემლის მალებსა და მენჯის ძვლებს შორის– საკროილიიტი.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ფსორიაზი, აუცილებლად უთხარით ექიმს სახსრის ტკივილის შესახებ. ფსორიაზული ართრიტი შესაძლოა უეცრად ან თანდათან განვითარდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია სახსრის დაზიანება, მკურნალობის გარეშე.